„დავიჯერო „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ურთიერთობა უფრო ადვილი იქნება, ვიდრე კვირიკაშვილის გუნდის წევრებთან?“

გაუფრთხილდი თავს

ნარკოტიკი კლავს!

გაუფრთხილდი სხვას

პოლიტიკა

„დავიჯერო „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ურთიერთობა უფრო ადვილი იქნება, ვიდრე კვირიკაშვილის გუნდის წევრებთან?“

„დავიჯერო „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ურთიერთობა უფრო ადვილი იქნება, ვიდრე კვირიკაშვილის გუნდის წევრებთან?“
თამთა ქარჩავა

2018-07-06 10:00:48

აჭარის ა–რ მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურის შესარჩევად, საქართველოს პრეზიდენტი კონსულტაციას აჭარის უმაღლეს საბჭოში პოლიტიკურ სუბიექტებთან გაივლის და არა ცენტრალური ხელისუფლებასთან. როგორც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნი ანა ნაცვლიშვილი განმარტავს, გვაქვს შემთხვევა, როდესაც მთავრობის მეთაური გადადგა და მთავრობას შეუწყდა უფლებამოსილება.

მისვე თქმით, ამ ფაქტობრივ მოცემულობაში არც საქართველოს კონსტიტუცია და არც კონსტიტუციური კანონი აჭარის ა–რ შესახებ, არ ითვალისწინებს პრეზიდენტის კონსულტაცებს მთავრობასთან. იმ შემთხვევაში, თუ აჭარის უმაღლესი საბჭო მხარს არ დაუჭერს პრეზიდენტის შერჩეულ კანდიდატურას, ნაცვლიშვილის განცხადებით, პრეზიდენტი ასევე კანონმდებლობით იმოქმედებს.

„პრეზიდენტს აქვს უფლება, რომ მეორედ წარადგინოს კანდიდატურა და თუ ამის შემდეგაც მოხდება კანდიდატურის დაწუნება, შემდეგ უკვე პრეზიდენტი მიმართავს პარლამენტს და მიმართვის შინაარსი შეიძლება იყოს საბჭოს დათხოვნა“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

მაშ ასე, პრეზიდენტი კანონმდებლობით გაწერილ ორი კვირის ვადაში კონსულტაციებს გაივლის მხოლოდ უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილ ყველა პოლიტიკურ სუბიექტთან და უმაღლეს საბჭოს კანდიდატურას ამ კონსულტაციების შემდეგ წარუდგენს. მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე აცხადებს, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის დანიშვნასთან დაკავშირებით პრეზიდენტს ცენტრალურ მთავრობასთან კონსულტაციები არ სჭირდება. „კანონმდებლობა ითვალისწინებს კონსულტაციებს, რაც იმას გულისხმობს, რომ უნდა გაიმართოს კონსულტაციები აჭარის უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილ პოლიტიკურ სუბიექტებთან. მე არ ვთვლი, რომ ისე წავიკითხოთ კანონმდებლობა, რომ დამოუკიდებლად, ერთპიროვნულად შეეძლოს პრეზიდენტს გადაწყვეტილების მიღება. არ მგონია, ჩვენი მხრიდან ან პრეზიდენტის მხრიდან სურვილი იყოს, რომ დავის საგანი გახდეს ეს საკითხი, რაც არის კანონმდებლობით გათვალისწინებული. ვვარაუდობ, რომ პრეზიდენტი ამ პროცედურებს განახორციელებს“, – აცხადებს ნათია მიქელაძე.

პრეზიდენტი გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს, თუმცა, „ქართული ოცნება“ იმედოვნებს, რომ არ იქნება არანაირი მარგინალური ნაბიჯი, იქნება სწორი პოზიცია იმ ცვლილებებთან მიმართებაში, რაც ქვეყანაში ხორციელდება, მათ შორის პრეზიდენტის მხრიდან, რაც კანონმდებლობიდან გამომდინარეობს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი ამბობს, რომ კანონის მოთხოვნების ჩარჩოში უნდა მოექცეს ყველა, მათ შორის პრეზიდენტი და მთავრობა.

„რაც შეეხება პრეზიდენტთან ურთიერთობას, მე ვთვლი, რომ ზოგადად, კანონის მოთხოვნების ჩარჩოში უნდა ჩაჯდეს აბსოლუტურად ყველა, მათ შორის ქვეყნის პრეზიდენტი, მათ შორის მთავრობა. ყველაფერი განხორციელდება ისე, როგორც ამას მოითხოვს დღეს მოქმედი კონსტიტუცია. ვიმედოვნებ, რომ არ იქნება არანაირი მარგინალური ნაბიჯი, იქნება სწორი პოზიცია იმ ცვლილებებთან მიმართებაში, რაც ქვეყანაში ხორციელდება, მათ შორის პრეზიდენტის მხრიდან, რაც კანონმდებლობიდან გამომდინარეობს“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

როგორც ცნობილია, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ თანამდებობა მოულოდნელად დატოვა. გადაწყვეტილება კი საკუთარი სურვილით და გუნდთან შეთანხმებით ახსნა. უმრავლესობაში ამბობენ, რომ აჭარის მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელი რჩება გუნდის წევრად, ძალიან ბევრი რამე გაკეთდა აჭარაში, მაგრამ როგორც დავით მათიკაშვილი ამბობს, ბევრი რამე არის გასაკეთებელი, ახალი პროექტებია დასაწყები. მისი თქმით, გუნდი ამ საჭიროებების კუთხით იმსჯელებს და განიხილავს ყველა კანდიდატს, რომლებიც იქნებიან წარდგენილი.

რაც შეეხება კანდიდატებს, პატარაძის შემცველად თორნიკე რიჟვაძის და ზაალ მიქელაძის კანდიდატურა განიხილება. რიჟვაძე ენერგეტიკის განვითარების ფონდის ხელმძღვანელია, რომელიც ენერგეტიკის სამინისტროში ილია ელოშვილის მოადგილედ მუშაობდა. რაც შეეხება მიქელაძეს, ის აჭარის ჯანდაცვის მინისტრია, რომელიც თანამდებობაზე დავით სერგეენკოს რეკომენდაციით არის დანიშნული. არსებული ინფორმაციით კანდიდატურებთან დაკავშირებით გუნდში დაპირისპირებაა.

აჭარის „ქართული ოცნების“ ფრთა ამ თანამდებობაზე მიქელაძეს ლობირებს, აქტიური კონსულტაციები გუნდში დაწყებულია, რომელშიც ჩართულია როგორც საქართველოს პარლამენტის წევრები, ასევე აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები, მათ შორის აჭარის მთავრობის წევრები, რომლებიც უმრავლესობაში არიან. თუმცა საკუთარი გუნდის წევრის გაყვანას ლობირებს თბილისის მერი კახა კალაძე. როგორ დამთავრდება კალაძე–სერგეენკოს შერკინება ეს უახლოეს დღეებში გამოჩნდება.

თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ უნდა დაველოდოთ პრემიერის განცხადებას.

„თორნიკე რიჟვაძე ჩემი მინისტრობის დროს, ჩემი მოადგილე არ ყოფილა. მე რომ წამოვედი, ილია ელოშვილის მოადგილე იყო. თუმცა, მას ვიცნობ. ჩვენ დიდი ხანი გვიწევდა თანამშრომლობა, ის იყო ერთ–ერთი სერიოზული კომპანიის „ტატა ჯგუფის“ მთავარი იურისტი და იმ პროექტებს ხელმძღვანელობდა, რომელიც განხორციელდა აჭარაში. დაახლოებით 400 მილიონის ინვესტიცია განახორციელა ამ კომპანიამ. რიჟვაძე არის უპატიოსნესი ადამიანი, მოწესრიგებული, განათლებული და ვფიქრობ, ასეთი ახალგაზრდები სჭირდება დღეს ჩვენ ქვეყანას. მოდით, დაველოდოთ, ნუ გავუსწრებთ მოვლენებს. პრემიერი გააკეთებს ამასთან დაკავშირებით განცხადებას“, – აცხადებს კახა კალაძე.

რაც შეეხება ზურაბ პატარაძეს გადაწყვეტილებას - მამუკა ბახტაძე მთავრობის თავმჯდომარედ არჩევის შემდეგ, ერთ–ერთი პირველი აჭარას ესტუმრა, პრემიერ–მინისტრმა და ზურაბ პატარაძემ ერთობლივ გეგმებზე გააკეთეს განმარტება, სადაც პატარაძის ცვლილებაზე საუბარი არ ყოფილა. არაოფიციალური ინფორმაციით, ბახტაძის შემდეგ რეგიონში ჩავიდა პარლამენტის თავმჯდომარე და სწორედ ირაკლი კობახიძემ გადასცა პატარაძეს პარტიის თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება, რომ მას უნდა დაეტოვებინა თანამდებობდა.

არაოფიციალური ინფორმაციით, პატარაძის განთავისუფლება პირდაპირ უკავშირდება ყოფილ პრემიერ–მინისტრთან გიორგი კვირიკაშვილთან ახლო ურთიერთობას.

ანალიტიკოს დავით ზარდიაშვილის განმარტებით, როცა მთავრობის მეთაური მიდის თანამდებობიდან, ეს ნიშნავს რომ მნიშვნელოვანი პოლიტიკური ძვრები ხდება.

„ბევრი კითხვის ნიშანია. ჩვენ არ ვიცით რა პოლიტიკური პროცესია, რატომ დატოვა პატარაძემ თანამდებობდა. გიორგი კვირიკაშვილმა აშკარად და ცალსახად თქვა, რომ შეუთანხმებლობა ჰქონდა პარტიის თავმჯდომარესთან, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ არ ვიცით რა ხდება. როდესაც ასეთი გადაწყვეტილება მიიღება და ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია რა მოხდა, რა პოლიტიკური პროცესის შედეგად წავიდა პატარაძე, ეს არის ცუდი. შეიძლება ყველაფერი ივარაუდო, შეიძლება ოპოზიციაში მიდის კვირიკაშვილთან და ა.შ. ყველაფერს აქვს თავისი საფუძველი“, – აცხადებს დავით ზარდიაშვილი.

როგორც ანალიტიკოსი აცხადებს, თამაშის წესები არ მიდის იმ მიმართულებით, რაც საპარლამენტო რესპუბლიკისთვის არის დამახასიათებელი, ხდება სრულიად სხვა რამ, რაც დამანგრეველი შედეგით შეიძლება დასრულდეს.

„ჩვენთვის გაუგებარია რა პოლიტიკური პროცესის შედეგად წავიდა პატარაძე. გუნდში მივიღეთ ასეთი გადაწყვეტილებაო, რას ნიშნავს ეს? უნდობლობა გამოუცხადა გუნდმა, როგორც ეს კონსტიტუციაში გვაქვს, თუ რა მოხდა? პრემიერი მიდის იმ შემთხვევაში, როდესაც ნდობას კარგავს უმრავლესობაში და, თუ ასე არ იყო, მაშინ რა მოხდა, აი ეს არის გაუგებარი. თუ ოპოზიციაში აპირებს წასვლას, ეს უნდა თქვას ისე, როგორც თქვა საგარეო საქმეთა მინისტრმა - თქვა, რომ კვირიკაშვილის გუნდის წევრად რჩება და მიდის. პატარაძეს ასეთი რამ არ უთქვამს, თქვა, რომ გუნდის წევრად რჩება, თუ ასეა, მაშინ რატომ წავიდა? გაუგებარია ასეთი თამაშები. მან უნდა თქვას მიზეზი – რა მოხდა. სამწუხაროდ, ვარაუდებზე ხდება პოლიტიკის აგება და იმიტომ ვართ კარგ დღეში. კონსტიტუციის ფარგლებში არ მიმდინარეობს პოლიტიკური პროცესი, რაც ცუდია ქვეყნის განვითარებისთვის“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას დავით ზარდიაშვილმა.

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე არ გამორიცხავს, რომ პატარაძის თანამდებობა გიორგი კვირიკაშვილთან ურთიერთობას შეეწირა. თუმცა, არ გამორიცხავს, რომ პოლიტიკური კარიერა ყოფილ პრემიერთან ერთად გააგრძელოს.

„როდესაც ეს ინფორმაცია გავიგე, პირველი რაც ვიფიქრე, ეს იყო საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე. გუნდი მიდის გუნდის ლიდერთან ერთად. მართალია პატარაძე გუნდი არ არის, მაგრამ კვირკაშვილთან დაახლოებული პირია. ბოლო პერიოდში ბევრს საუბრობენ კვირიკაშვილის პოლიტიკურ გეგმებზე, ახალი ოპოზიციური ძალის შექმნაზე, არ არის გამორიცხული, რომ იყოს ვერსიაში ამგავრი იდეა და აღმოჩნდეს კვირიკაშვილთან ერთად. კვირიკაშვილის საყრდენები იყვნენ ეს ადამიანები, რომლებმაც უკვე დატოვეს თანამდებობა, მაგრამ ჯერჯერობით არ ჩანს ეს პოლიტიკური ძალა“, – აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

რაც შეეხება იმას, გატარდება თუ არა ეს პრინციპი მთელს ადგილობრივი მმართველობის ვერტიკალზე, საყვარელიძის შეფასებით, შეიძლება ეს საკითხი დგას „ქართული ოცნების“ გუნდში და უნდათ არსებითი ცვლილება შეიტანონ ამ ვერტიკალში, მაგრამ რთული სათქმელია რამდენად მზად არის ამგავრი ცვლილებისთვის მმართველი გუნდი.

„სხვა თუ არაფერი, შენი კანდიდატი უნდა გყავდეს. საერთოდ, თუ ხაზია და პოლიტიკა, გაკვირვებას იწვევს იმ ფონზე, როდესაც კოაბიტაციის დროშის ხელში ჭერით „ქართულმა ოცნებამ“ არ გაუშვა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმოამადგენლები. დავიჯერო „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ურთიერთობა უფრო ადვილი იქნება, ვიდრე კვირიკაშვილის გუნდის წევრებთან? ეს ჩემთვის ლოგიკაში დიდად არ ჯდება. „ქართული ოცნების“ ადგილას არ დავაჩქარებდი ცვლილებების პროცესს. პირიქით, შევანელებდი და ვნახავდი, ვინ რა პოზიციას იკავებს“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

ნანახია - 1941

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80