ელიავას ბაზრობის ირგვლივ წრე ვიწროვდება

გაუფრთხილდი თავს

ნარკოტიკი კლავს!

გაუფრთხილდი სხვას

ეკონომიკა

ელიავას ბაზრობის ირგვლივ წრე ვიწროვდება

ელიავას ბაზრობის ირგვლივ წრე ვიწროვდება
ბექა დანელია

2018-07-07 14:00:25

ელიავას ბაზრობა და მისი მიმდებარე ტერიტორია დიდი დაპირისპირების პოლიგონად გადაიქცევა. მერიას მისი გადატანა აქვს განზრახული და საკითხის გადაჭრისთვის გზებს ეძებს. მესაკუთრეეები არაფრის დათმობას არ აპირებენ. თბილისის ყველაზე დიდ ბაზრობას 150 მესაკუთრე და ათასობით დასაქმებული უმაგრებს ზურგს.

გენგეგმაში აღნიშნულია, რომ ელიავას ბაზრობის ნაცვლად, დიდი საქალაქო პარკი უნდა მოეწყოს, თუმცა დედაქალაქის მერის მოადგილე, მაია ბითაძე ამბობს, რომ საქალაქო პარკების ჩამონათვალში ელიავას ბაზრობის ტერიტორია არ ხვდება. მერია ახალ პროექტზე მუშაობს და აღნიშნული ტერიტორიის მესაკუთრეებთან მოლაპარაკებების გზით გადაწყდება რა დანიშნულებით განვითარდება ქალაქის ერთ-ერთი ცენტრალური ნაწილი.

„ელიავას ბაზრობა წარმოშობს სატრანსპორტო პრობლემას და მეორე - მტვრის ბუდეა, რომელიც ჰაერში გაიფრქვევა. საქალაქო პარკების ჩამონათვალში ელიავას ბაზრობის ტერიტორია არ ხვდება პოტენციურ ახალ საქალაქო პარკად, თუმცა არის რეკომენდაცია, რომ გაირკვეს მისი პოტენციალი იქ დიდი ოდენობით გამწვანებული ტერიტორიის განვითარებისა. ვფიქრობთ, მესაკუთრეებთან ერთად, მივიღებთ დაბალანსებულ გადაწყვეტილებას შემდგომი ქალაქმშენებლობისთვის, რომელიც სასარგებლო იქნება როგორც მესაკუთრეებისთვის, ისე ქალაქისთვის“, - აცხადებს ბითაძე.

უკვე რამდენიმე თვეა ელიავას ბაზრობის მესაკუთრეთა ერთ ნაწილს თბილისის მერიაში წარდგენილი აქვს პროექტი, რომელიც ელიავას ბაზრობის დიდ სავაჭრო მოლად გადაქცევას გულისხმობს.

სავაჭრო სახლი „დიდუბეს“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის თეა ჩუბინიძის ინფორმაციით, ელიავას ბაზრობას უკავია 15 ჰექტარი და 150 მფლობელი ჰყავს. მათი უფლებები მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული.

„აქ არის, ფაქტობრივად, ნახევარი ქალაქი დასაქმებული. ასე ხელაღებით, ამ საკითხის მოგვარება ძალიან გაუჭირდება მერიასაც. ყველა შემთხვევაში ეს უნდა იყოს დიალოგის ფორმატი, უკეთესი რეალობა რომ მივიღოთ, ვიდრე არის დღეს. არის ძალიან საინტერესო ფრაზა გენგეგმაში „მაღალი ინტერესი მშენებლობის კუთხით“, - ეს ფრაზა რას გულისხმობს, ამის განმარტებას ველოდებით მერიიდან. რადგან ამ ჩანაწერით არის საფრთხე, რომ პარკის მოწყობის მოტივით, ვიღაცამ ხელში ჩაიგდოს ეს ტერიტორია და შემდეგ იქ კორპუსები ააშენოს. ამის რიკი არსებობს“, - აცხადებს ჩუბინიძე.

თბილისის მერი კახა კალაძე კი ამბობს, რომ ბაზრობის გადატანა მხოლოდ მეპატრონეებთან თანხმობის შედეგად მოხდება და თანხმობის შემთხვევაში, თბილისის მერია მზადაა, ალტერნატიული კეთილმოწყობილი ტერიტორია გამოყოს. მესაკუთრეებთან შეხვედრა უახლოეს პერიოდში გაიმართება.

„ელიავას ბაზრობა კერძო საკუთრებაა, ჩვენი ხელისუფლების პირობებში, კერძო საკუთრებას კანონდარღვევით არასდროს შევხებივართ და ვერავინ გაბედავს, რომ შეეხოს. გვექნება მეპატრონეებთან შეხვედრა. ბაზრობის გადატანა მხოლოდ მათი თანხმობის შედეგად მოხდება. მათი სურვილის შემთხვევაში, მზად ვართ, ახალი ტერიტორია გამოვყოთ, რომელიც კეთილმოწყობილი იქნება. ამ კონკრეტულ ადგილას კი, მწვანე სივრცეს შევქმნით.

მეორე ალტერნატივა არის ის, რომ იმ სიმახინჯეების ნაცვლად, რაც ელიავას ბაზრობაზე არსებობს, ახალი, თანამედროვე, მულტიფუნქციური ცენტრი შეიქმნას, სადაც ადამიანებს პროდუქციის გაყიდვა შეეძლებათ. პირობები, რაც დღეს არსებობს, პირველ რიგში, იქ მომუშავე, ასევე, ირგვლივ მცხოვრები ადამიანებისთვის და ზოგადად, ქალაქისთვის პრობლემას წარმოადგენს“, - განაცხადა კალაძემ.

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა ელიავას ბაზრობას და მიმდებარე ტერიტორიას საქალაქო მნიშვნელობის პარკის მოწყობის პოტენციურ არეალად განიხილავს. როგორც თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმაშია ნათქვამი, უკანასკნელი ორი ათწლეულის მანძილზე ქალაქის ცენტრში, მდინარე მტკვრის ნაპირას ჩამოყალიბებული ელიავას ბაზრობა და მიმდებარე განვითარებები საფრთხეს უქმნის მოსახლეობის ჯანმრთელობას და იწვევს არსებული საცხოვრებელი და ბუნებრივი გარემოს დეგრადირებას.

ნანახია - 591

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80