„ერთია ფინანსური ჯგუფების ინტერესი მოქმედი პრემიერის მიმართ და მეორეა დააფინანსო ოპოზიციური ლიდერი - ექსპერიმენტი“
პოლიტიკა

„ერთია ფინანსური ჯგუფების ინტერესი მოქმედი პრემიერის მიმართ და მეორეა დააფინანსო ოპოზიციური ლიდერი - ექსპერიმენტი“

„ერთია ფინანსური ჯგუფების ინტერესი მოქმედი პრემიერის მიმართ და მეორეა დააფინანსო ოპოზიციური ლიდერი - ექსპერიმენტი“
თამთა ქარჩავა

2018-07-09 09:00:26

ხათუნა ლაგაზიძის განცხადებით, ამ ეტაპზე ძალიან ძნელია კვირიკაშვილის პოლიტიკურ მომავალზე საუბარი, მაგრამ სურვილის შემთხვევაში, ყველა ის ფაქტორი, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, შეიძლება სათავისოდ შემოატრიალოს. როგორც ექსპერტი განმარტავს, უცხოეთთან კონტაქტებისა და ფინანსური ჯგუფების მხარდაჭერის თვალსაზრისით, კვირიკაშვილი არ არის ურესურსო ტიპი, მაგრამ ეს რუსურსები ამოქმედდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც თავად ჩამოყალიბდება და რაც მთავარია, დაინახავენ, რომ ეს ის ადამიანია, რომელზეც ფსონის დადება ღირს.

for.ge ხათუნა ლაგაზიძეს ესაუბრა.

ზურაბ პატარაძის მიერ თანამდებობის მოულოდნელად დატოვება, მაშინ, როდესაც ახალ პრემიერთან შეხვედრის შემდეგ საუბრობდა ახალ პროექტებზე და ახალ გამოწვევებზე, პირდაპირ უკავშირდება ყოფილ პრემიერ-მინისტრთან გიორგი კვირიკაშვილთან ახლო ურთიერთობას. შეიძლება ითქვას, რომ მმართველი გუნდის კვირიკაშვილის კარდებისგან გაწმენდის პროცესი დაიწყო?

ხათუნა ლაგაზიძე: მარტო პატარაძის გადადგომით ვერ ვიტყვით, რომ სახეზეა კადრებისგან აღმასრულებელი ხელისუფლების გაწმენის პროცესი. თუ პატარაძის კვალს მიყვნენ გუბერნატორები, ასევე პარტიის ადგილობრივი ლიდერები, ასეთ შემთხვევაში შეგვეძლება თქმა, რომ „ქართული ოცნება“ კვირიკაშვილის მიერ მოყვანილი ადამიანებისგან თავისუფლდება. კვირიკაშვილი ბოლო პერიოდში და განსაკუთრებით გადადგომამდე რამდენიმე დღით ადრე, ძალიან გააქტიურდა პარტიის მიმართულებით - ზედიზედ ჩაატარა რამდენიმე რეგიონული კონფერენცია, დანიშნა ახალი თავმჯდომარეები.

რაც ნიშნავდა იმისა, რომ აქტიურად დაიწყო პარტიაში პოზიციების მომძლავრება?

- რა თქმა უნდა. როცა ჩაანაცვლა ღარიბაშვილი, მას მისცეს უფლება, განსაკუთრებით გუბერნატორების მიმართულებით განეხორციელებინა ცვლილებები. ზოგადად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ როცა მიდიან მთავრობის მეთაურები, მიდიან პოლიტიკური თანამდებობის პირებიც, მაგრამ ამ შემთხვევაში გააჩნია, რა სურათი დაიხატება ადგილებზე - მოჰყვება თუ არა, ამას ადგილებზე, რეგიონებში საკადრო ცვლილებები. თუკი ცვლილებები მოჰყვა, მაშინ საქმე გვაქვს არა პოლიტიკური პირების პასუხისმგებლობის საკითხზე, არამედ კვირიკაშვილის კადრებისგანს „ოცნების“ წმენდაზე, რაც უახლოეს ხანებში გამოჩნდება.

მეორე საკითხი გახლავთ ის, რომ ყველა ახალ მოსულ თანამდებობის პირს ურჩევნია ისეთი ადამიანები ჰყავდეს გვერდით, რომლებზეც უფრო იოლად შეუძლია პასუხისმგებლობის აღება. როგორც წესი, საკუთარი გუნდის წევრებზე პასუხისმგებლობის აღება უფრო იოლია, ვიდრე დახვედრილ კადრებზე, რომლებიც სხვა პრემიერის პირობებში ატარებდნენ სამთავრობო პოლიტიკას. მაგრამ ასე თუ მივყვებით, მაშინ ნებისმიერ ქვეყანაში, ნებისმიერ ცვლილებას ძირეული საკადრო ცვლილება უნდა მოჰყვეს, რაც არსად არ ხდება და არც არის სწორი.

უცხოეთის ქვეყნებში მთელი საკანონმდებლო ბაზებია შექმნილი, რომლებიც იცავენ საჯარო მოხელეებს, რადგან პროფესიონალიზმი არის ქვეყნის სტაბილურობის განვითარების ერთ-ერთი გზა. როცა შენ ხარ მენჯერი და მით უმეტეს ისეთი მაღალი კლასის მენეჯერი, როგორიც წესით უნდა იყოს პრემიერ-მინისტრი, კეთილი უნდა ინებო და ისეთ კადრებთანაც უნდა მოახერხო საერთო ენის გამონახვა, რომლებიც შენი მოყვანილი არ არიან. თუმცა, ჩვენთან პირიქით ხდება, ამის საჭიროება არის თუ არა, ნებისმიერ ცვლილებას მოჰყვება ძალიან მასშტაბური საკადრო ცვლილებები, რაც იწვევს სახელმწიფო პოლიტიკის წყვეტას. ამიტომაც არ აქვს ქვეყანას განვითარების სტრატეგია - მიდიან-მოდიან და ამ წინა და უკან სიარულში არც ხედვაა და არც სტრატეგია.

რაც შეეხება გიორგი კვირიკაშვილის პოლიტიკურ მომავალს, ძალიან ბევრს საუბრობენ ყოფილი პრემიერის მომავალ პოლიტიკურ გეგმებზე. როგორ ფიქრობთ, კვირიკაშვილი არის ის პოლიტიკური ფიგურა, რომელსაც შესაძლოა ჰქონდეს პოლიტიკური ამბიცია?

- რთული სათქმელია ძალიან ბევრი ფაქტორის გამო. მგონია, რომ თვითონ კვირიკაშვილმა როგორც დამოუკიდებელმა პოლიტიკურმა ლიდერმა, ამ თვალსაზრისით თავისი თავი გაიაზრა წასვლამდე რამდენიმე თვით ადრე. ანუ ის, რომ მას საკუთარი თავი მოეწონა პოლიტიკური ლიდერის როლში, ეს მხოლოდ ბოლო პერიოდში გამოჩნდა, როდესაც პარტიის თავმჯდომარეების დანიშვნა და რეგიონალური კონფერენციების ჩატარება დაიწყო ადგილებზე.

მეორე თემაა, რამდენად დააინტერესებს კვირიკაშვილი, როგორც ოპოზიციაში მყოფი პოლიტიკოსი დამფინანსებლებს. ერთია ფინანსური ჯგუფების ინტერესი მოქმედი პრემიერის მიმართ, რადგან მოქმედი პრემიერის მხარდაჭერით ამ ფინანსურმა ჯგუფმა შეიძლება საკუთარი ბიზნესისთვის ძალიან ბევრ სასარეგბლო რამეს გამოჰკრას ხელი და მეორეა სურვილი დააფინანსო ოპოზიციური ლიდერი, მით უმეტეს როდესაც ფაქტობრივად აფინანსებ ექსპერიმენტს და არ იცი კვირიკაშვილი იქნება თუ არა ლიდერი. აქ ბევრი კითხვის ნიშანია.

ერთია, რომ კვირიკაშვილი პირველი მაღალი რანგის პოლიტიკოსი იყო, რომელმაც ღიად განაცხადა, რომ მიდის ბიძინა ივანიშვილთან დაპირისპირების შედეგად, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ კვირიკაშვილი ოპოზიციაში წავა და მოქმედი ოპოზიციონერი გახდება. ერთია დააფიქსირო პოზიცია, რომ ივანიშვილთან დაპირისპირების გამო ჩამოშორდი ხელისუფლებას, მაგრამ მეორეა გადახვიდე ოპოზიციაში, რასაც ყოველდღიური ძალიან კატორღული შრომა სჭირდება, მით უმეტეს, როდესაც ხელისუფლებაში გყავს ამხელა გავლენის მქონე ივანიშვილი.

თავად საზოგადოება რამდენად მიიღებს კვირიკაშვილს როგორც ივანიშვილის წინააღმდეგ ფრონტის ლიდერს?

- ძალიან ბევრი ფაქტორია, რომელზეც პასუხი არ გვაქვს და რომელიც ამ ეტაპზე კვირიკაშვილის სასრგებლოდ მუშაობს. თუმცა, ის მოცემულობა, რომ მას განათლება ამერიკაში ჰქონდა მიღებული, ჰქონდა კონტაქტების გამოცდილება დასავლეთთან, იცოდა დასავლეთთან საერთო სასაუბრო ენა და საუბრობდა იმ ენაზე, რომელიც დასავლეთისთვის იყო გასაგები, ჰქონდა დასავლეთის მხარდაჭერა. მაგრამ, კიდევ ერთხელ ვამბობ, „ქართული ოცნების“ წიაღში იყო საინტერესო კვირკაშვილი დასავლეთისთვის. ამ წიაღის მიღმა დასავლეთი შეინარჩუნებს თუ არა კვირიკაშვილის მიმართ ინტერესს, ესეც ჯერჯერობით კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

ძალიან მნიშვნელოვანი თემაა, აქვს თუ არა პარტიის ლიდერს რაიმე ტიპის კომპრომატები კვირიკაშვილზე, რაც შეიძლება ყოფილი პრემიერის წინააღმდეგ იქნას გამოყენებული, თუკი პოლიტიკურ ველზე შემოვა როგორც ოპოზიციონერი ლიდერი?

- ესეც ძალიან მნიშვნელოვანი თემაა, გაბედავს თუ არა ოპოზიციაში წასვლას. რაც მთავარია, რამდენად აქვს ამის სურვილი და რამდენად არის მზად ამისთვის. მაგალითად, გიორგი მარგველაშვილმა ფაქტობრივად ხელიდან გაუშვა მეორე საპრეზიდენტო ვადა და არავის არ დააბრალოს, ეს თავიდან ბოლომდე მისი ბრალია. მას უბრალოდ, ამის სურვილი არ აქვს, თორემ 4 წელი ყველაფერი შეეძლო გაეკეთებინა იმისათვის, რომ ყოფილიყო უალტერნატივო კანდიდატი, მით უმეტეს პოლიტიკურად აბსოლუტურად მოსუფთავებულ ველზე.

ამიტომაც ძალიან ძნელია კვირიკაშვილის პოლიტიკურ მომავალზე საუბარი. თუ მას ექნება ამის სურვილი, მერე ყველა ის ფაქტორი, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, შეიძლება სათავისოდ შემოატრიალოს. მოდით, ასე ვთქვათ, კვირიკაშვილი არ არის ურესურსო ტიპი, იგივე უცხოეთთან კონტაქტებით და ფინანსური ჯგუფების მხარდაჭერის თვალსაზრისით, მაგრამ ეს რუსურსები ამოქმედდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც თავად ჩამოყალიბდება და რაც მთავარია, დაინახავენ, რომ ეს ის ადამიანია, რომელზეც ფსონის დადება ღირს.

კვირიკაშვილის რესურსებში ასევე უნდა მოვიაზროთ პარლამენტში არსებული დეპუტატები, რომლებიც თავს კვირიკაშვილის გუნდის წევრად თვლიდნენ და დღემდე თვლიან. ესეც, რა თქმა უნდა, რესურსია და ეს ყველაზე დიდი რესურსია კვირიკაშვილის სურვილის შემთხვევაში. და, თუკი იგი დაიწყებს ბრძოლას, მარტივად შეუძლია ოპოზიციური ფრაქცია გააკეთოს პარლამენტში და ამას შეიძლება სხვა დეპუტატებმა მიბაძონ. იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილის მეორედ მოსვლის შემდეგ, რა ცვლილებაც მოხდა, რაც მან მოახერხა და მოასწრო, ეს არის აღმასრულებელ ხელისუფლებაში ცვლილებების შეტანა, არსებული სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფების მოსპობა და იმ ხალხის მოყვანა, რომლებიც ჯერჯერობით სხვადასხვა გუნდებად აღარ არიან დაყოფილი, მაგრამ ამას პარლამენტში ვერ მოახერხებს და ამიტომაც არის საუბარი ვადამდელ არჩევნებზე.

თუ ვადამდელი არჩევნები არ დაინიშნა, მაშინ პარლამენტი 2 წელი გააგრძელებს ამ შემადგენლობით მუშაობას. ეს არის ივანიშვილის გუნდი, ვისთან ერთადაც შეიძლება 2 წელი იმუშაოს?

- არა. ეს შემადგენლობა ცალსახად არ არის მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის შემადგენლობა. იქ არის კვირიკაშვილის ფლანგი, არის კალაძის ფლანგი და ა.შ. ჩვენ დღემდე მიჩვეული ვართ ერთ კონკრეტულ ლიდერზე აწყობილ პოლიტიკურ სისტემას, ქარიზმატულ ლიდერს და მესიას. ჩვენ ამ პარადიგმისგან ვერ გამოვდივართ, პოლიტიკური კულტურა არ გვაქვს. იქნებ დადგა დრო, როცა ეს რეალობა უნდა შეიცვალოს, ეს იქნება დადებითი საქართველოსთვის - ეს არის გადასვლა კლასიკური ევროპული ტიპის პოლიტიკურ ცხოვრებაზე, როდესაც რამდენიმე თანაბარი წონის ლიდერი ქმნის ერთიანობას, ანუ რაოდენობა გადაიზარდოს ხარისხში. თუ არ არის ერთი მესია, იყოს რამდენიმე მეტ-ნაკლებად წონადი პოლიტიკური ფიგურა, რომელთა მთლიანობა შექმნის საინტერესო პოლიტიკურ მოძრაობას, ეს იქნება ყველაზე კარგი შედეგი.

ახალი ტიპის პოლიტიკური ცხოვრების კულტურაზე უნდა გადავიდეს ქვეყანა, რაც მისი განვითარებისთვის და სტაბილურობისთვის არის ყველაზე უნიკალური რეცეპტი, რადგან მესიის შეცდომისგან დაზღვევა არავის არ შუძლია. ეს ადამიანები კი ერთმანეთს აბალანსებენ წარმატებაში, თუ წარუმატებლობაში.

ამ თვალსაზრისით რამდენად უშვებთ კვირიკაშვილი-უსუფაშვილის ტანდემს?

- კვირიკაშვილის და უსუფაშვილის ურთიერთსიმპათიები ცნობილია, მაგრამ რამდენად გადაიზრდება ეს ახალ პოლიტიკურ პარტნიორობაში, ჯერ არ ჩანს. მე თეორიულად შემიძლია დავასახელო ის პოლიტიკური ფიგურები, რომლებიც დღეს საინტერესონი არიან იმ თვალსაზრისით. რამდენიმე ფიგურის ერთიანობამ შეიძლება შექმნას კარგი პოლიტიკური სურათი, რომელიც იქნება მომხიბვლელი სხვადასხვა ჯგუფებისთვის, დასავლეთისთვის, დამფინანსებლებისთვის და ა.შ. მაგალითად, მათთან ერთად ალეკო ელისაშვილი.

ახლა ქართულ პოლიტიკურ სივრცეზე ცარიელია როგორც პროდასავლური, ასევე მემარცხენე ფრთა და შეიძლება ასეთ კონგლომერანტზე ფიქრი. მათ შეუძლიათ აკრიფონ საზოგადოების ნდობა. მე ვერ ვხედავ მიზეზს იმისა, რომ ამ ადამიანებმა ერთმანეთთან მისასვლელი გზები ვერ მონახონ. თუმცა, ამისთვის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ცოტა დროა დარჩენილი.

 

ნანახია - 1657


სარეკლამო ბანერი
1000 X 80