ისრაელის მოქალაქე თბილისში ქილერობისთვის დააკავეს
რეტრომედია

ისრაელის მოქალაქე თბილისში ქილერობისთვის დააკავეს

ისრაელის მოქალაქე თბილისში ქილერობისთვის დააკავეს
„სარკე“, 24 აპრილი, 2009 წელი

2018-07-10 14:21:59

10 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მაია ჯვარშეიშვილმა ისრაელის მოქალაქეს, 42 წლის საიმონ შაშუაშვილს, ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მას უმძიმესი ბრალდება აქვს წარდგენილი – ქილერობაში ანუ სამი ადამიანის შეკვეთილი მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებენ.

დაკავებული საიმონ შაშუაშვილი ქნესეთის ორი მოწვევის დეპუტატის, ეფრაიმ გურის დისშვილია. მართალია, უმძიმესი ბრალდებით დაკავებული დანაშაულს არ აღიარებს და დღემდე დუმილის უფლებას იყენებს, მაგრამ ძალოვნები ირწმუნებიან, რომ მისი ბრალეულობის დასამტკიცებლად უამრავი სამხილი აქვთ.

საიმონ შაშუაშვილი 8 იანვარს ლისის ტბის ტერიტორიაზე დააკავეს. როგორც სამართლადამცავები აცხადებენ, მისი დაკავება ფაქტზე მოხდა, მაშინ დაადგნენ თავს, როცა შეკვეთილი მკვლელობისთვის იარაღს ყიდულობდა. საქმეს ნივთმტკიცებად ერთვის მაკაროვის სისტემის მაყუჩიანი პისტოლეტი ერთი მჭიდით და 18 ვაზნით.

გამოძიების ინფორმაციით, შაშუაშვილი თბილისში 5 იანვარს ჩამოვიდა და მისი გაშიფრვა და დაკავება სამ დღეში მოხდა. საიმონი ისრაელის ქალაქ აშდოდში ცხოვრობს, მრავალშვილიანი მამაა და, როგორც ძალოვნები აცხადებენ, წარსულში ნასამართლევია, თუმცა რისთვის იხდიდა სასჯელს, ამის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

ბრალდება ასეთია: საიმონ შაშუაშვილი თბილისში 5 იანვარს ჩამოვიდა წინასწარი განზრახვით და დაგეგმილი ჰქონდა თბილისში მცხოვრები ლია ზონენაშვილის და მისი შვილების, დავით და მიხეილ გურების მკვლელობა.

ლია ზონენაშვილი ყოფილი დეპუტატის, ზემოთ ხსენებული ეფრაიმ გურის ყოფილი მეუღლეა და მასთან ორი შვილი ჰყავს. გამოძიების მტკიცებით, შაშუაშვილს სამი ადამიანის მკვლელობა ლია ზონენაშვილის გერმა, ამჟამად თელ ავივში მცხოვრებმა რონენ გურმა შეუკვეთა იმ მოტივით, რომ მამის, ეფრაიმ გურის მთელი ქონება მას ჩაეგდო ხელში.

შს სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა სწორედ ამ ბრალდებით დააკავეს შაშუაშვილი და ბრალი წაუყენეს – განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებებში ორი ან მეტი პირის მიმართ ანგარებით, შეკვეთით. დანაშაულის განხორციელება ბრალდებულმა ვერ შეძლო, თუმცა, როგორც შს სამინისტროში აცხადებენ, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში შაშუაშვილს უვადო პატიმრობა ელის.

მართალია, მას იარაღი აღმოაჩნდა, მაგრამ ამ ნაწილში ჯერ ბრალდება წარდგენილი არ აქვს.

შს სამინისტრომ ბრალის დასამტკიცებლად სატელეფონო ჩანაწერები გაავრცელა. ერთ ჩანაწერზე აღბეჭდილია, თუ როგორ უთანხმდება შაშუაშვილი იარაღის გამყიდველს. საუბარია იმაზე, რომ, მას სურს მაყუჩიანი იარაღის ყიდვა და ამაში 1000 დოლარს გადაიხდის. გამყიდველი აკონკრეტებინებს, თუ რამდენი ტყვია სჭირდება. ის პასუხობს, რომ რვა სჭირდება და ერთი უნდა იყოს შიგნით, იარაღში, სულ 9 ტყვია. გამყიდველი მორიგ კითხვას უსვამს – დამატებით კიდევ ხომ არ დასჭირდება ტყვიები და ისიც პასუხობს, რომ რეზერვად კიდევ 9 ტყვია სჭირდება. სულ 18 ტყვიაზეა საუბარი ამ ჩანაწერში და გამოძიებაც ირწმუნება, რომ ეს ტყვიები ამოღებულია.

მეორე ჩანაწერში კი, რომელიც სამინისტრომ გაავრცელა, აღბეჭდილია საიმონ შაშუაშვილის მძღოლის (რომლის ვინაობას ჯერჯერობით არ ასახელებენ) და ისრაელში მცხოვრები რონენ გურის სატელეფონო საუბარი. დანაშაულის შემკვეთად სწორედ რონენ გური სახელდება. მართალია, ამ ჩანაწერში მკვლელობაზე საუბარი არ არის, მძღოლი აცნობებს ვიღაცას, რომ აფთიაქში წამლებზე შევიდა, მაგრამ საუბარში იკვეთება ერთი მნიშვნელოვანი დეტალი – რონენ გური მძღოლს აბარებს, რომ საიმონმა ელექტროშოკი და დანაც იყიდოს – იმ შემთხვევისთვის, თუ მკვლელობისთვის იარაღს ვერ იშოვითო.

შს სამინისტროს წარმომადგენელ ლევან გურგენიძის განცხადებით, საიმონ შაშუაშვილი მკვლელობის მოტივით თბილისში ერთი თვის წინ, დეკემბერში იყო ჩამოსული, მაგრამ იმ პერიოდში მხოლოდ მომავალ მსხვერპლთა გადაადგილება, მათი ბინა, აგარაკი და ავტომანქანები შეისწავლა. გამოძიების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული პროფესიონალი მკვლელია. ამ ბრალდებებს არც განსასჯელი და არც მისი ადვოკატი კახა წერეთელი არ ეთანხმებიან.

ადვოკატის თქმით, მისი კლიენტი მომავალში გამოძიებას მისცემს დეტალურ ჩვენებას, ამ ეტაპზე კი აცხადებს, რომ იარაღი არ უყიდია, რადგან არაფერში სჭირდებოდა და არც არავის მოკვლა ჰქონდა დაგეგმილი.

ადვოკატმა სასამართლო პროცესზე 30.000 ლარის გირაოს გადახდის სანაცვლოდ შაშუაშვილის გათავისუფლება ითხოვა, მაგრამ მოსამართლე მაია ჯვარშეიშვილმა არ გაიზიარა ადვოკატის პოზიცია და პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა – ბრალდებულს ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.

ადვოკატმა კახა წერეთელმა პროცესზე შაშუაშვილისთვის სასამართლო–სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნა მოითხოვა, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა. ამ ექსპერტიზით უნდა გაირკვეს, რა სახის დაზიანება აქვს მიყენებული ბრალდებულს და რატომ. ადვოკატის მტკიცებით, მასზე ფიზიკურ ძალადობას ჰქონდა ადგილი და ამას ადასტურებს თავზე არსებული დაზიანებები. დაკავებულს თავზე რამდენიმე ნაკერი ადევს, ასევე დაზიანებები აქვს ცხვირსა და სახის არეში. გამოძიებას კი ამ დაზიანებებზე თავისი პასუხი აქვს – საიმონ შაშუაშვილმა დაკავებისას მათ წინააღმდეგობა გაუწია და ამ დროს მიიღო დაზიანებები. თავად დაკავებული კი საპირისპიროს აცხადებს, ამბობს, რომ არანაირი წინააღმდეგობა არ გაუწევია და პოლიციელებმა სცემეს.

მოსალოდნელ საფრთხეზე სამართალდამცავებს თავად ლია ზონენაშვილმა აცნობა. ის და მისი შვილები ამჟამად საქმეში დაზარალებულის სტატუსით არიან. სწორედ ზონენაშვილისგან ინფორმაციის მიღების შემდეგ პოლიციამ ეფრაიმ გურის დისშვილის თვალთვალი დაიწყო. დაზარალებულები დაკითხვაზე უკვე იმყოფებოდნენ და ჩვენებები მისცეს. მართალია, მკვლელობის შემკვეთად რონენ გური სახელდება, მაგრამ დაზარალებული თავის ჩვენებაში იმასაც ამბობს, რომ ყოფილი ქმრის შვილისგან, ანუ რონენ გურისგან ადრე რაიმე სახის მუქარას ადგილი არ ჰქონია, თუმცა იქვე დასძენს, რომ მისგან სიძულვილს ყოველთვის გრძნობდა.

ლია ზონენაშვილი ამბობს, რომ მისი ოჯახი ჯერ კიდევ ორი წლის წინ დადგა საფრთხის წინაშე:

"ორი წლის წინ ჩემს ყოფილ მეუღლეს მისი შვილისგან მოსალოდნელ საფრთხეზე მივანიშნე. ჩემი უმცროსი შვილი მიხეილი ერთი კვირით მამასთან იყო ისრაელში. როცა ის და რონენ გური მარტოები იყვნენ, ეს ბიჭი მას უკნიდან მიეპარა, კისერზე ხელი მოუჭირა და უთხრა, ახლა მოგახრჩობ და ჩემი ოცნება ასრულდება, ოჯახში უმცროსი ისევ მე ვიქნებიო".

როგორც დაკავებულის ადვოკატი აცხადებს, შაშუაშვილს ისრაელში ოჯახური კონფლიქტი ჰქონდა, ამიტომ ადგილობრივ პოლიციასთან პრობლემები შეექმნა და საპატიმროში ორი თვე ამისთვის იმყოფებოდა.

საქმეზე გამოძიება გრძელდება. მისი დასრულების შემდეგ საიმონ შაშუაშვილი სასამართლოს წინაშე წარდგება. მის მიმართ წაყენებული ბრალდება 20 წლამდე პატიმრობას ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რაც შეეხება იმ პიროვნებას, რომლის ქონების მემკვიდრეობაზეც არის საუბარი, ანუ ეფრაიმ გურს, ის ისრაელსა და რუსეთში ერთ–ერთი გავლენიანი ბიზნესმენია და საქართველოშიც არაერთი პროექტი აქვს დაფინანსებული, კერძოდ, მან დააფინანსა მერაბ კოკოჩაშვილის მიერ გურამ ბათიაშვილის სცენარის მიხედვით შექმნილი დოკუმენტური ფილმი, რომლის გადაღებები საქართველოსა და ისრაელში მიმდინარეობდა.

 

 

 

 

 

ნანახი?- 139

რეგისტრაცი?/p>

დახურვ?/span>
სახელი:

პაროლი:

გაიმეორე?პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80