ნატო საქართველოსთვის MAP–ის მინიჭების გარეშე ალიანსში გაწევრიანების პერსპექტივას ხსნის

გაუფრთხილდი თავს

ნარკოტიკი კლავს!

გაუფრთხილდი სხვას

საზოგადოება

ნატო საქართველოსთვის MAP–ის მინიჭების გარეშე ალიანსში გაწევრიანების პერსპექტივას ხსნის

ნატო საქართველოსთვის MAP–ის მინიჭების გარეშე ალიანსში გაწევრიანების პერსპექტივას ხსნის
თამთა ქარჩავა

2018-07-11 08:00:05

დღეს ნატოს სამიტი იწყება. 11–12 ივლისის სამიტი შესაძლოა მნიშვნელოვანი თარიღი გახდეს საქართველოსთვის. სამიტის ოფიციალურად გახსნამდე, ნატოს გენერალურმა მდივანმა, ევროკომისიის პრეზიდენტებთან ერთად ერთობლივ დეკლარაცია გააფორმა, სადაც საუბარია საქართველოზე. ამასთან, „რია ნოვოსტი“ ბრიუსელიდან დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ნატო–მ შესაძლოა, საქართველოსთვის MAP–ის მინიჭების გარეშე ალიანსში გაწევრიანების პერსპექტივა გახსნას.

„სავარაუდოდ, ნატო-ს სამიტი კვლავ დაადასტურებს საქართველოსთან მიმართებაში არსებულ პოზიციას და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მესამე ქვეყნები ალიანსის გაფართოების პროცესში არ უნდა ერეოდნენ. სამიტზე, შესაძლოა, ითქვას, რომ საქართველოს შეუძლია ნატო–ს წევრი MAP–ის მინიჭების გარეშეც გახდეს. ყოველ შემთხვევაში, ასეთი დისკუსიები მიმდინარეობს. ინტეგრაციის პირველად ინსტრუმენტებად შესაძლოა ყოველწლიური ეროვნული პროგრამები (ANP) და ნატო-საქართელოს არსებითი პაკეტი (SNGP) ჩაითვალოს“, – ამბობს „რია ნოვოსტის“ წყარო.

ნატო–ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ამბობს, რომ ნატო–ს წევრი ქვეყნების ლიდერები აღიარებენ იმ პროგრესს, რომელიც საქართველოს აქვს. მისივე თქმით, სამიტის ფარგლებში ხაზგასმული იქნება ყველა ის რეფორმა, რომელიც მიმართულია თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზე. თუმცა, სტოლტენბრგი გაწევრიანების კონკრეტულ თარიღს არ ასახელებს, მაგრამ ამბობს, რომ ნატო–ს წევრი ქვეყნების ლიდერები დაადასტურებენ 2008 წელს მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ საქართველო გახდება ნატო–ს წევრი.

„ჩვენ განვაგრძობთ საქართველოს მხარდაჭერას. ჩვენ ასევე მადლობელი ვართ საქართველოსი იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ნატო–ს უწევს საერთაშორისო მისიებში და ოპერაციებში. საქართველოს ნამდვილად კარგი პროგრესი აქვს. რაც შეეხება საქართველოს გაწევრიანებას ალიანსში, კონკრეტულ თარიღს ვერ დავასახელებ, მაგრამ ის ფაქტი, რომ მონტენეგრო ნატო–ს წევრი გახდა, ხოლო მაკედონიასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებს ვიწყებთ, იმაზე მეტყველებს, რომ ნატო–ს კარები ღიაა. ჩვენ განვაგრძობთ საქართველოს მხარდაჭერას ნატო-ში გაწევრიანების გზაზე“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ნატო–ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პაოლო ალი პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს, რომ საქართველო რაც შეიძლება სწრაფად უნდა გახდეს ნატო–ს წევრი. ალის განცხადებით, საქართველოს შესახებ ნატო–ს სამიტზე 11 ივლისს, თავის გამოსვლაში ისაუბრებს და ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს მომავალ წევრობაზე.

„ნატო–ს საპარლამენტო ასამბლეა მტკიცედ უჭერს მხარს ამ პროცესს. ჩვენ არაერთხელ ვიმყოფებოდით საქართველოში. საგაზაფხულო სესია საქართველოში გავმართეთ. დარწმუნებული ვართ, რომ საქართველო რაც შეიძლება სწრაფად უნდა გახდეს ნატო–ს წევრი. ჩვენ ვამბობთ, რომ საქართველომ შეასრულა ყველა ვალდებულება. საქართველოს გაწევრიანების შემდეგ, საქართველოს ორი რეგიონის რუსეთის მიერ ოკუპაცია ნატო–ს მეხუთე მუხლთან დაკავშირებით კითხვებს აჩენს.

მე არ ვიცი, რა ჩაიწერება ნატო–ს სამიტის დეკლარაციაში. ჩვენ ყველა ველოდებით ლიდერების შეთანხმებას და საბოლოო ტექსტს. ვფიქრობ, რომ ნატო–ს წევრობა უახლოვდება საქართველოს, ერთგულია ღია კარის პოლიტიკის. ნატო–ს ჰყავს ასპირანტი სახელმწიფოები. ასპირანტებს დიფერენცირებული მიდგომა სჭირდებათ. ყველას თავისი მომზადების დონე, ისტორია და პროგრესი აქვს“, – განაცხადა პაოლო ალიმ.

როგორი იქნება ალიანსის გადაწყვეტილება ეს უკვე 11–12 ივლისის სამიტზე გახდება ცნობილი. პრეზიდენტის ხელმძღვანელობით ბრიუსელში იმყოფება ქართული დელეგაცია. სამიტის ფარგლებში, გიორგი მარგველაშვილი ისაუბრებს საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევებზე, თავდაცვისუნარიანობასა და ამ კონტექსტში ნატო–საქართველოს თანამშრომლობის შემდგომ გაძლიერებაზე. გარდა ამისა, ქართული დელეგაცია მონაწილეობას მიიღებს ავღანეთის მიმდინარე – „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ფარგლებში დაგეგმილ შეკრებაშიც.

მმართველ გუნდში დარწმუნებული არიან, რომ ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი აღიარებს საქართველოს პროგრესს, რაც შესაბამის დეკლარაციაში იქნება დაფიქსირებული. უმარვალესობის წევრის, დიმიტრი ცქიტიშვილის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანი შედეგები აქვს საქართველოს ბევრი მიმართულებით.

„როგორც დემოკრატიული გარდაქმნების თვალსაზრისით, ასევე სამხედრო და უსაფრთხოების სისტემების განვითარების თვალსაზრისით. ამის აღიარება აუცილებლად მოხდება“, – ფირქობს დიმიტრი ცქიტიშვილი.

„ევროპული საქართველოს“ წევრის გიორგი კანდელაკის აზრით, ქვეყანაში განვითარებულმა მოვლენებმა, მათ შორის, მთავრობის ხშირმა ცვლილებამ, შეიძლება, MAP–ის მიღების პროცესი შეაფერხოს. მისივე თქმით, „ქართული ოცნებას“ მთავრობას არ უწარმოებია პოლიტიკური კამპანია აშშ–სა და ევროპის დიდ ქვეყნებში, რომ საქართველომ წევრობის გზაზე გარღვევა მოახდინოს.

„არ არის გამორიცხული ბოლო პერიოდში განვითარებულმა შიდა მოვლენებმა – მათ შორის მთავრობის ხშირმა ცვლილებამ ეს პროცესი შეაფერხოს. სამიტამდე სულ მცირე ხნით ადრე მოხდა მთავრობის შეცვლა, რაც, რა თქმა უნდა, საქართველოსთვის შანსი, რომ მიიღოს გაწევრიანების სამოქმედო გეგმა, სამწუხაროდ არ არის“, – განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

შეგახსენებთ, რომ 1999 წლის შემდეგ MAP–ის გარეშე არც ერთი სახელმწიფოს გაწევრიანება არ მომხდარა, საქართველოს შემთხვევაში დაუშვებს თუ არა ალიანსი გამონაკლისს, ეს უახლოეს დროში გამოჩნდება. საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე–პრეზიდენტის ბათუ ქუთელიას განცხადებით, კონსენსუსი იმაზე, რომ საქართველო გახდება ნატო–ს წევრი, 10 წელია არსებობს. მისი თქმით, ბრიუსელის სამიტზე უნდა განისაზღვროს გაწევრიანების კონკრეტული მექანიზმები – საგზაო რუკა უნდა განისაზღვროს.

როგორც ქუთელია აცხადებს, საქართველოს ხელთ არსებული ინსტრუმენტები, მათ შორის ნატო–საქართველოს არსებითი პაკეტი, ნატო–საქართველოს კომისია და ყოველწლიური ეროვნული პროგრამა შინაარსით უფრო მეტია, ვიდრე გაწევრიანების სამოქმედო გეგმა. ამიტომ, მისი თქმით, საქართველომ უნდა მოითხოვოს ალიანსში გაწევრიანება და არა MAP.

„საქართველოს აქვს ყველა ინსტრუმენტი, რომ ნატო–ში გაწევრიანდეს და აქედან გამომდინარე, უნდა მიიღოს მკაფიო გზავნილი, თუ როგორ უნდა გახდეს ამ ორგანიზაციის წევრი. იმაზე, რომ საქართველო უნდა გახდეს ალიანსის წევრი, კონსენსუსი უკვე 10 წელია არსებობს, ამ სამიტზე კი უნდა განისაზღვროს ის კონკრეტული გზა, თუ რა მექანიზმით მოხდება ეს. მნიშვნელოვანი კომპონენტი, რაც, ჩემი აზრით, ასევე უნდა აისახოს სამიტის კომუნიკეში, არის ის, რომ დღეიდან იმ მომენტამდე, სანამ საქართველო გახდება ნატო–ს წევრი, საქართველოს აქვს ძალიან მწვავე რისკები და ჰიბრიდული საფრთხეები რუსეთის ფედერაციიდან გამომდინარე და სანამ კოლექტიური უსაფრთხოების გარანტიებს მიიღებს, მანამდე იყოს დამატებითი ღონისძიებები ნატო–საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებში, რომელიც გახდება შემაკავებელი ფაქტორი რუსეთის პოტენციური აგრესიისა ან მათი მხრიდან რაიმე პროვოკაციის“, – აცხადებს ბათუ ქუთელია.

მისივე თქმით, ეს თემა მოიცავს როგორც ნატო–ს წევრ ცალკეულ ქვეყნებთან ორხმრივ თანამშრომლობას თავდაცვის სფეროში, ასევე, ზოგადად უსაფრთხოების სექტორის გაძლიერებას, მისი მართვის კოორდინაციის მექანიზმს.

„ანუ ნატო–ს ჩართვას მთლიანად საქართველოს თავდაცვის და უსაფრთოების სისტემის მოდერნიზებაში და თავსებადობის კიდევ უფრო მაღალი დონის მიღწევას. ბრიუსელის სამიტი უნდა გახდეს მნიშვნელოვანი აგური საქართველოს გაწევრიანებაზე პოლიტიკური კონსენსუსის მშენებლობის გზაზე. ჩვენი მთავარი მხარდამჭერი აშშ–ია, რომლის ხედვაა, რომ ამ პროცესის დაჩქარება შეიძლება.

მათზე არის დამოკიდებული სხვა მოკავშირებთან რამდენად ისაუბრებენ. იმისთვის, რომ აშშ–მა, თურქეთმა და აღმოსავლეთ ევროპის ჩვენმა პარნტიორმა ქვეყნებმა ერთიანი ძალისხმევით იმუშაონ ამ კონსენსუსის მიღწევაზე, ჩვენი მხრიდანაც აქტიურობა და თანმიმდერული მუშაობაა საჭირო. რამდენად ეფექტური იყო ეს მუშაობა, სამიტის შედეგებიდან გამოჩნდება“, – აცხადებს ბათუ ქუთელია.

ნანახია - 1514

ფხიზელი

2018-07-11 23:17:05

სასიხარულო შედეგი:

"ნატო-ს დეკლარაციაში პირველად გაკეთდა ჩანაწერი, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიაზე მასპინძელი ქვეყნის ნებართვის გარეშე იმყოფება"
---------------

ვაა!..

ტიგრანა გულოიანის რეპლიკა გახსოვთ, "თეთრი ბაირაღებიდან"?
- ტაში დავუკარი და ვუთხარი: მალადეც, დედიჯან, როგორ გამოიცანი-მეთქი!

კატრინაა

2018-07-12 11:06:23

სწორედაც,რომ გამოიცნეს!

papa

2018-07-12 12:12:41

ფხიზელი
მოკლედ მაგარი ჩლუნგი სტუდენტები გამოვდექით ....დეკანატში(ბრიუსელში)საგამოცდოს საგამოცდოზე გვაძლევენ...არიქა, იქნებ ამათ ბოლო-ბოლო გამოცდა ჩააბარონო, მაგრამ არა რაააა, არა....არ გვიწერენ ამ ნიშანს და ძალააააა? .გვეუბნებიან ჩლუნგები ხააართ, თქვენგან არაფერი გამოვაო....
ესენი კიდევ..... შვეიცარებივით მაინც კარებთან ზიან..იქნებ და ადგილი განთავისუფლდესო...

ნატალი

ეს ნატოშნიკები არ გაცივდიიიით??
ფრთხილად იყავით, ფილტვების ანთება უკვე სხვა სტადიაში არ გადაგეზარდოთ, ეხლა,,მოდაშია,,
გეუბნები... წამო ჩემ სიდედრთან, პირველი სიძე იქნები(შვილზე მეტად,,ეყვარები,,მეთქი) და თქვენ კიდევ......არა ჩვენ ძვირფასს სიდედრს ვერ უღალტებთო..გაიძახით
აჰააა ... ეგე,... ეგ თქვენ და ეგ თქვენი სიდედრი.....თქვენ მაგას 24 საათი სუ სიყვარულს ეფიცებით, ეგ კიდევ თურმე, რუბენსის ქალივით, სხვებთან გულაობს--- აგე ეხლა მაკედონიას ესტროჩკება .... თქვენ კიდევ შორიდან აწკლაპუნეთ პირი......

tngh

2018-07-12 13:20:28

თავ-ქუდ-მოგლეჯილი გარბის დამფრთხალი რუსეთის ჯარი აფხაზეთიდან და ე. წ. სამხრეთ ოსეთიდან...

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80