მკვლელობაში ბრალდებული მწყემსი დაპატიმრებულია - გაიზრდება თუ არა ბრალდებულთა წრე

გაუფრთხილდი თავს

ნარკოტიკი კლავს!

გაუფრთხილდი სხვას

საზოგადოება

მკვლელობაში ბრალდებული მწყემსი დაპატიმრებულია - გაიზრდება თუ არა ბრალდებულთა წრე

მკვლელობაში ბრალდებული მწყემსი დაპატიმრებულია - გაიზრდება თუ არა ბრალდებულთა წრე
მარიამ თოდაძე

2018-07-12 10:00:44

ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის მკვლელობის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში 19 წლის მწყემსს, რომელსაც აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა, გამოძიება სამი პირის მკვლელობას ედავება, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვის. ცოლ-ქმრისა და 4 წლის ბავშვის მკვლელობაში ბრალდებული მწყემსი მალხაზ კობაური აცხადებს, რომ მას სმიტები არ დაუხოცავს.

ბრალდებული ამბობს, რომ ისინი ორმა უცხოელმა კაცმა დახოცა - „ისინი მე არ დამიხოცავს. ორი უცხოელი მამაკაცი იყო და იმათ დახოცეს. მე დამემუქრნენ, რომ ოჯახს ამომიწყვეტდნენ“, - განაცხადა კობაურმა.

ბრალდებულის ადვოკატმა მურმან ნიკოლეიშვილმა კი განმარტა, რომ სმიტების ოჯახის წევრების მკვლელობაში ბრალდებული, დანაშაულის ჩამდენებად არა უცხოელებს, არამედ უცხო პირებს ასახელებს.

იქიდან გამომდინარე, რომ დანაშაულის თვითმხილველი არ არსებობს, კითხვები და ეჭვები საკმაოდ მრავალია, თუმცა საქმის პროკურორის ინფორმაციით, სმიტების ოჯახის წევრების მკვლელობაში ბრალდებულმა მალხაზ კობაურმა სამართალდამცველებს მცირეწლოვანი ბავშვის ცხედარი თავად აპოვნინა.

როგორც პროკურორმა სასამართლო სხდომაზე აღნიშნა, უშუალოდ ბრალდებულმა მიუთითა პოლიციელებს ის ადგილი, სადაც მცირეწლოვანი ბავშვის ცხედარი და სხვადასხვა ნივთი გადამალა.

ამასთან, პროკურორმა დავით ყაზარაშვილმა ბრალდებულის მიერ სასამართლოზე გაჟღერებულ ვერსიაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კობაური ისეთ დეტალებზე საუბრობს, რომ შეუძლებელია ეს დეტალები ისეთმა პირმა იცოდეს, ვინც შემთხვევის ადგილზე, დანაშაულის მოხდენისას არ იმყოფებოდა.

„უშუალოდ მალხაზ კობაურმა მიუთითა ის ადგილი, სადაც გადამალული ჰქონდა მცირეწლოვანი ბავშვის გვამი და სხვადასხვა ნივთი, რომელიც ნანახი იყო ხადას ხეობაში. დღეს ჩვენ მოვისმინეთ, რომ თითქოს ბრალდებულს ვინმემ დააძალა, ოჯახის წევრებზე რაიმე სახის ძალადობის განხორციელების მუქარით, რომ დაებრალებინა დანაშაული. თუმცა აღსანიშნავია, რომ მალხაზ კობაურმა ისეთ დეტალებზე ისაუბრა გამოძიებასთან, რომელიც შეუძლებელია იცოდეს პირმა, თუ ის ადგილზე არ იმყოფებოდა და უშულოდ არ ჩადიოდა დანაშაულს. კერძოდ, თუ როგორ მოკლა მამაკაცი, რომელსაც ჯერ ზურგში ესროლა და შემდეგ თავში, შემდგომ როგორ ესროლა ბავშვს, როგორ გამოეკიდა დედას და ა.შ. ეს ყველა დეტალი შეუძლებელია იცოდეს იმ ადამინმა, ვინც უშუალოდ არ იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე და ვინც არ ახორციელებდა ყოველივე ზემოაღნიშნულს, მით უმეტეს, რომ მას გააჩნდა ამის საშუალება, ჰქონდა თოფი და იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში“, - აღნიშნა პროკურორმა.

პროკურორმა ასევე განაცხადა, რომ ბრალდებულთან მიმართებაში განხორციელდა ფარული საგამოძიებო ღონისძიება და ამ დროს მალხაზ კობაურმა მცხეთა-მთიანეთის პოლიციის თანამშრომელთან იმ დეტალებზე ისაუბრა, რომელიც მის მიერ დანაშაულის ჩადენას მიუთითებდა.

კითხვებს ბადებს, რატომ ვერ იპოვეს გადაცვლილი მამაკაცი ძებნის დაწყების პირველ დღეს? ვინმემ მიიტანა თუ არა მისი გვამი იქ, სადაც ის მეორე დღეს აღმოაჩინეს? შეეძლო თუ არა, ამის გაკეთება ბრალდებულს? ასევე საინტერესოა, რა დასკვნას დადებს ექსპერტიზა ბრალდებულის ფსიქიური მდგომარეობის შესახებ.

საქმის პროკურორი არ გამორიცხავს, რომ საქმეზე ბრალდებულ პირთა წრე გაიზარდოს. მისი ინფორმაციით, გამოძიების მიერ დანაშაულის ყველა შესაძლო ვერსია მოწმდება. ყაზარაშვილის განმარტებით, ბრალდებულ მალხაზ კობაურის მიერ სასამართლოში გაჟღერებულ მკვლელობის ვერსიაზე გამოძიება ჩატარდება.

„ვერსია ბრალდებულმა სასამართლო პროცესზე განაცხადა. ბრალდებული გამოიკითხება და ყველა შესაძლო ვერსია გამოძიების პროცესში გადამოწმდება. მიმდინარეობს გამოძიება. თუ ვინმეს ბრალეულობა კიდევ გამოიკვეთა, რა თქმა უნდა, ამ პირთა მიმართ იქნება მიღებული შესაბამისი სამართლებრივი გადაწყვეტილება“, - განაცხადა პროკურორმა.

ყაზარაშვილი ამბობს, რომ დღეის მდგომარეობით საქმეზე გარკვეული მტკიცებულებები არაა მოპოვებული.

„გეთანხმებით, რომ დღეის მდგომარეობით გარკვეული მტკიცებულებები არ არის, თუმცა საქმეში არსებული მასალების ანალიზით დგინდება, რომ მალხაზ კობაურმა ჩაიდინა მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაული, რა თქმა უნდა, დასაბუთებული ვარაუდის საფუძველზე. რაც შეეხება იმ ექსპერტიზებს, რომელიც დასანიშნია, მათი ნაწილი უკვე დანიშნულია და ეს დასკვნებიც დაერთვება საქმეს“, - განაცხადა ყაზარაშვილმა.

რაც შეეხება სასამართლოს გადაწყვეტილებას, გავრცელებული განმარტების თანახმად, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის შერჩევისას, მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ ბრალდებულს ბრალად ედება განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შესაძლო ჩადენა, რომელიც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 16-20 წლამდე ვადით პატიმრობას.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამოძიება, ჩასატარებელია მთელი რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. შესაბამისად, წარდგენილი ბრალდების სიმძიმის, მოსალოდნელი მკაცრი სასჯელისაგან თავის არიდების, დანაშაულებრივი ქმედებების გაგრძელებისა და მოწმეებზე შესაძლო ზემოქმედების რისკების, ბრალდებულის მხრიდან მართლმსაჯულების განხორციელებაში ჩარევისა და განაჩენის აღუსრულებლობის საფრთხეების გათვალისწინებით, სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეურჩია პატიმრობა.

მისიონერებისოჯახი

რაიან სმიტის მიერ დაარსებული კომპანიის reWoven-ის ვებსაიტზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, რაიანმა ამერიკის შეერთებული შტატები 2002 წელს დატოვა. მან აზერბაიჯანი მოგზაურობისა და უცნობ კულტურათა აღმოჩენის სიყვარულის გამო არჩია.

ხალიჩების ბიზნესში ბაქოში ცხოვრებისას ჩაერთო და საკუთარი კომპანიაც დააფუძნა. რაიანს ჰყავს ტყუპისცალი ძმა, რომელიც ამავე ბიზნესით არის დაკავებული.

კომპანიის ვებსაიტზე ასევე ვკითხულობთ, რომ რაიანი ბაქოში ნანახმა ხალიჩათა ქსოვის უძველესმა ტექნიკამ აღაფრთოვანა და იქვე წამოიწყო ბიზნესი. 2005 წელს გაუთვალისწინებელმა გარემოებებმა მას სამშობლოში დაგეგმილზე ადრე დაბრუნება აიძულა. ის შეხვდა ლორას და დაქორწინდნენ.

2012 წლიდან ლორა და რაიან სმითები საქართველოს მოქალაქეობას იღებენ და ორმაგი მოქალაქეები ხდებიან. რაიანი სრულყოფილად ფლობდა აზერბაიჯანულ ენას.

სმითები ღრმად მორწმუნე ქრისტიანები იყვნენ, მათი საქართველოში დარჩენის ერთ-ერთი მიზეზი ოჯახური ტრაგედია იყო. მათ არ სურდათ დაეტოვებინათ პირველი შვილის საფლავი, რომელიც საქართველოში ცხოვრების პირველ წლებში შეეძინათ და აქაა დაკრძალული. 4 წლის ვაჟი, რომელიც ხადის ხეობაში მშობლებთან ერთად მოკლეს, მათი მეორე შვილი იყო, რომელზედაც ორივე მშობელი განსაკუთრებით ზრუნავდა.

2011 წელს ერთ-ერთ ევანგელისტურ ვებ-საიტზე რაიან და ლორა სმითები სხვა რამდენიმე პირთან ერთად, რომლებიც ასევე სამშობლოდან შორს, სხვა ქვეყნებში ცხოვრობდნენ, ბავშვების ქრისტესთან მიმყვან მისიონერებად არიან მოხსენიებულები. ​

აქ სმითებზე წერია, რომ ისინი საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ აზერბაიჯანელებს ეხმარებიან შემდეგი პროექტებით: - „ახალგაზრდები მისიით“ და „ათასწლეულის განვითარების სერვისები“. ისინი ცდილობენ სახარება ადგილობრივ აზერბაიჯანელებს გაუზიარონ. ლორა ინგლისური ენის მასწავლებელია, რაიანი კი ადგილობრივი თემის დასახმარებლად საჭირო ახალი გზების მუდმივ ძიებაშია.

საბავშვო მოედანი, რომლის მოწყობასაც რაიანი მარნეულის ცენტრში გეგმავდა, სურდა რომ ქრისტეს სახელის ყოფილიყო.

მარნეულის გამგეობაში სხვადასხვა მედიასაშუალებებისთვის ნათქვამი მიზეზი, რის გამოც საბავშვო მოედნისთვის ადგილის გამოყოფაზე თანხმობას არ აძლევდნენ რაიან სმიტს, დაფინანსების წყაროების საეჭვოობა და შერჩეული ადგილის ნაკლები გამწვანება იყო, თუმცა ადგილობრივები ეჭვობენ, რომ პარკისთვის ღმერთის სახელის დარქმევამ შეაფერხა ეს პროცესი.

„რადიო თავისუფლება“ ერთ-ერთმა წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმად, გამგეობის თანამშრომლების თქმით, რაიანი უშიშროების სამსახურის დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდა მისი საქმიანობის გამო, რომელიც ეჭვებს აჩენდა და ასეთი პირისთვის ქალაქის ცენტრში პარკის მოსაწყობად ტერიტორიის გადაცემა არ გამოვიდოდა.

აღსანიშნავია, რომ რაიანის ნაცნობები მკვლელობის ვერსიაზე საუბრისას მის ძლიერ აღნაგობაზე აკეთებენ აქცენტს და ამბობენ, რომ ერთ ადამიანს მასთან გამკლავება გაუჭირდებოდა და ეჭვობენ, რომ ტრაგედიას შესაძლოა, ერთზე მეტი დამნაშავე ჰყავდეს.

ნანახია - 1638

კატრინაა

2018-07-12 10:52:47

წესით,დაზვერვის სამსახურს უნდა ჰქონდეს ყველა ინფორმაცია სმიტების ოჯახზე.ეს ე.წ. მისიონერობა ძალიან დამაფიქრებელია!

ფხიზელი

2018-07-12 14:30:53

მეც მჯეროდა შსს ვერსიის (სხვა რა გზა მქონდა!), სანამ არ ვნახავდი, ვის ადებენ ხელს...

შეხედეთ ამ ბიჭს!..
დააკვირდით მის ნაკვთებს, მის გამომეტჸველებას!..
ნახეთ რა საცოდავი ვიღაცაა!..
ამას, დარწმუნებული ვარ, ქათამიც არ დაუკლავს სახლში არასოდეს...
ამან მხოლოდ ერთ შემთხვევაში შეიძლება მოკლას კაცი: შიშისგან თუ გაუვარდა თოფი და ვიღაცას მოხვდა შემთხვევით.
არა, რა!..
ამ საწჸალს აშკარად ეტენება ეს საქმე.
მიზეზი შეიძლება იყოს ორი რამის დეფიციტი: პროფესიონალიზმის ან ნამუსის. (გაუხსნელი საქმე არ დაგეკიდება კისერზე და იჯდეს ვიღაც უპატრონო, ვიღაც მოაბდლო მწყემსი, რა მოხდა! - ერთი მწყემსით მეტი, ერთით ნაკლები - რა პრობლემაა!).
*
ამ ბიჭს სთხოვა ამერიკელმა ცოლ-ქმარმა, მეგზურობა გაეწია და ენახვებინა ჩანჩქერიო!

მეზობლები ადასტურებენ, რომ ამერიკელებმა იცოდნენ აზერბაიჯანული, მაგრამ არ იცოდნენ ქართული(!) და ამან კიდევ ინგლისური და აზერბაიჯანული კი არა, ქართულშიც პრობლემები აქვს: "უცხოელს" ვერ ანსხვავებს "უცხოსაგან".
რომელ ენაზე აუხსნეს, რა უნდოდათ მისგან და ეს რომელ ენაზე უწევდათ გიდობას?

ჩნდება კითხვა: იმ ვიღაც ორმა უცხომ (ე.ი, არაადგილობრივმა) თუ ჩაიდინა ეს საზარელი მკვლელობა, ეს მოწმე რატომ დატოვეს ცოცხალი, რატომ ესეც არ მოიშორესო?
ჭკვიანები იყვნენ და იმიტომ: ესეც რომ მოეკლათ, ეგრევე სხვა მიმართულებით დაიწყებოდა ძიება. ახლა კი გვაქვს მათთვის სასურველი შედეგი: დაპატიმრებულია ის, ვისაც ინფორმაცია გააჩნდა მომხდართან დაკავშირებით!

...ამერიკელები რომ ჩაერთვნენ ძიებაში, ეს მაიმედებს, რომ სიმართლე გაირკვევა.

ფხიზელი

2018-07-12 14:41:43

პ.ს.
ყველა მეზობელი ადასტურებს, რომ ოჯახი იყო სრულიად უკონფლიქტო და ძალიან კეთილი ყველას მიმართ. ეს გამორიცხავს რაიმე შურისძიებას.
მაგრამ მათ ჰქონდათ ხალიჩების ბიზნესი: მათი შეკვეთით, ადგილობრივები ქსოვდნენ ხალიჩებს და ესენი ყიდიდნენ ამერიკაში.
სკვერის გაკეთებასაც საკუთარი ფულით სთავაზობდნენ მუნიციპალიტეტს.

ეს ნიშნავს, რომ ფულიანები იყვნენ.

იმედია, ძიებასაც გაუჩნდება კითხვა, რაც ჩემს ცოლს გაუჩნდა:
- საინტერესოა, ვინმეს ხომ არ ჰქონდა მათი ვალი?

georgia

2018-07-12 16:48:54

ფხიზელ-ს.
კი უნდოდა სკვერის გაკეთება,მაგრამ მარნეულის გამგეობამ არ დართო ნება გარკვეული მიზეზების გამო და რის გამო, შეგიძლია წაიკითხო იმედი ნიუსზე და მერე იმედია აღარ გაგიჩნდება ბავშვური კითხვები ფულიანი იყო თუ არა.

arichopra 2

2018-07-12 16:52:22

ფხიზელი, ვერ დაგეთანხმები. გამოცდილება მაქვს ქვეყნის სამყოფი. ამისთანა გასაცოდავებულს თუ დაალევინებ საკმაო რაოდენობის არაყს, მისცემ თოფს ხელში უცბად იმისთანა ლომგულ მოძალადედ გადაიქცევა, მტრისას და ავისას, ყველა სიგლახეზე არიან წამსვლელები! რაც შეეხება ურთიერთობის ენას, ამდენი წელი საქართველოში ცხოვრების მერე ცოლ-ქმარი ალბათ ცოტა რაღაცას, სულ ცოტას ახერხებდნენ ქართულადაც. თუ ეს კობაური ჭკუასუსტი არ არის სხვისი ჩადენილი ასე მძიმე დანაშაული თავზე როგორ უნდა აეღო?!

ფხიზელი

2018-07-12 17:28:25

georgia-ს!
საიდან მოიტანე, რომ მის ფულიანობასთან დაკავშირებით კითხვები გმიჩნდა და ისიც, "ბავშვური"?
მე გამოვთქვი ვარაუდი, რომ ფულიანი უნდა ყოფილიყო და ამ ვარაუდის საფუძველიც დავასახელ. ხოლო გამგეობამ რომ 2 წელი პასუხიც არ აღირსა სკვერის განაცხადზე, ეს რა კავშირშია მის ფულიანობთან მიმართებაში, რას ხსნის?
მეზობლებს არ დაუსახელებიათ ამ წაყრუების მიზეზი და მე ბუნებრივად ავხსენი ეს ჩინოვნიკური გულგრილობით და ეგრეც მგონია!
ხოლო ახლა გაჟღერებული ვერსია, თითქოს მასზე მეთვალყურეობა იყო დაწესებული უშიშროების მხრიდან... რომ მას თურმე სკვერისთვის ქრისტეს სახელის დარქმევა უნდოდა (მუსულმანურ გარემოცვაში! - გიჟი ყოფილა) და ამიტომ შეიკავეს თავი ნებართვისაგან, მიმაჩნია შეთხზულად, რათა საკუთარი უმოქმედობა გაამართლონ!
*

arichopra 2,
ვწუხვარ, მაგრამ აბსოლუტურად არ ვიზიარებ შენს მოსაზრებას... (მით უფრო, რომ ისიც არ ვიცით, ნამდვილად იყო თუ არა ნასვამი, რითაც გინდა დამაჯერებელი გახადო ეს მოსაზრება. ვინც ეს ვერსია გაავრცელა, იმასაც ეგ უნდოდა, ალბათ - უფრო დამაჯერებელი იქნებაო!}.

ფხიზელი

2018-07-12 17:32:39

პ.ს.
საინტერესოა, მასზე რომ უშიშროებას მეთვალყურეობა ჰქონდა დაწესებული, ეს უშიშროებამ განაცხადა თუ ცხონებული სმიტის სული გამოეცხადა ამ ვერსიის გამავრცელებელ ჟურნალისტს?

natali

2018-07-12 18:29:14

ვაიმე რა საცოდავი ვიღაცაა, ამას როგორ და რატომ უნდა დაეხოცა.

papa

2018-07-12 19:03:10

ფხიზელი
როგორ?...... შენ პროტივ შსს მიდიხააარ?
მაგათ უკვე ამ საწყალს განაჩენი გამოუტანეს და შენ ეხლა ამათ ეს აწყობილი საქმე უნდა ჩაუშალოო?
არადა.... მგონი მართალი ხარ!!

კატრინაა

2018-07-12 19:48:45

ახლა დააკვირდით,ისე აბურდავენ ყველაფერს,რომ ეშმაკიც ვერ მიხვდება სად თავია და სად ბოლო!ხომ არსებობს უდანაშაულობის პრეზუმპცია!რა უბედურებაა,ვისაც რა მოაფრინდება თავში,იმას ამბობს!

ფხიზელი

2018-07-12 20:50:39

ჟურნალისტები ერთმანეთს ასწრებენ სხვადასხვა ვარიანტების შეთხზვა-გავრცელებას.
ერთი ვერსიით, სმიტს არ მოეწონა თურმე, როგორ ეჭირა იარაღი მწყემსს და მკაცრი შენიშვნა მისცა, რასაც მოჰყვა დაპირისპირებაო...
საიდან იცით, რომ იარაღის ჭერის ფორმა არ მოეწონა სმიტს?
აკი, მის ცოლს წაეტანა უშნოდ და იმიტომ გაარტჸა ხელიო?

მეორე ვერსიით, ამ ქალზე გადაირია თურმე, როგორც ყივჩაღი სამძღვარსა მუხრანისასა...
ჯერ ქმრისთვის დაუხლა თოფი, მერე ბავშვისთვის და ქალს გაჰკიდებია გასაბახებლად!..
(ეგ რომ წავიკითხე, მეგონა ვინმე ჯაყოსნაირ ტიპთან გვქონდა საქმე).

ჰგავს ახლა ეს მოძალადეს?
natali-ს მინდა ვკითხო, როგორც ქალს: წარმოგიდგენია, რომ ეს ბიჭი გეცეს და გაუპატიურება დაგიპიროს?

მისი ნათესავი ქალი ხაზს უსვამს ამ ბიჭის ხასიათში ერთ შტრიხს: ძალიან მშიშარააო.
ამას ადასტურებს ის რეაქცია, რაც ჩანჩქერიდან ქალის გვამის ამოღებისას ჰქონდა.
ვფიქრობ, ამითივე აიხსნება მისი თავდაპირველი "აღიარებითი ჩვენებაც": ეტყობა, ისე იყო შეშინებული საწჸალი, ტროცკის მკვლეობასაც აღიარებდა, რომ ეკითხათ.

მთივლიშვილი ამბობს, თითქოს მოსახლეობას ესმოდა, როგორ დაუძალებლად უყვებოდა კობაური პოლიციას, რა და როგორ ჩაიდინაო...
ამ დროს მეორე ჟურნაისტი სათითაოდ ეკითხება ადგილობრივებს და ისინი ერთხმად უარყოფენ , - არაო, ჩვენ ვინ გაგვაკარა ახლოსო! - პოლიციას მიჰყავდა და რას ელეპარაკებოდა, ჩვენამდე არ ისმოდა არაფერიო!..

ერთიც: მთვრალი იყოო...
მთვრალი იყო თუ არა, არც ამისი მოწმეა ვინმე და არც არავის ჩაუტარებია ექსპერტიზა. (ეგეც ვერსიაა, რომ მთვრალისგან მაინც დავიჯეროთ ის საქციელი, რაც ფხიზელისაგან გაგვიკვირდებოდა).

და ასე, ახალ-ახალი ვერსიები... ჟურნალისტებისა და გამომძიებლების ფანტაზიის მიზედვით.

ფხიზელი

2018-07-12 21:05:11

ამ წერილის ბოლო აბზაციც მაგარია:

"რაიანის ნაცნობები მკვლელობის ვერსიაზე საუბრისას მის ძლიერ აღნაგობაზე აკეთებენ აქცენტს და ამბობენ, რომ ერთ ადამიანს მასთან გამკლავება გაუჭირდებოდა და ეჭვობენ, რომ ტრაგედიას შესაძლოა, ერთზე მეტი დამნაშავე ჰყავდეს."

თითქოს ვინმე ამტკიცებდეს, მწყემსს ცემაში შემოაკვდა ეს კაციო და არ სჯერათ - მარტო ვერ მოერეოდაო!..

ფარაონი

2018-07-12 21:07:36

--- რატომ დახოცეს ოჯახი? მოტივი არ ჩანს, გარდა ერთი და მგონი და ეს ერთიც ფანტაზიის ნაყოფი, ცხვარი მობეზრდა და ქალზე გაიწიაო.
----ბნელით მოცულია ყველაფერი, მორიგი გამოცანა და თუ კიდევ ერთი უდანაშაულო ჩალპა ციხეში, ვისი ბრალი იქნება, ყოველშემთხვევაში ჩვენი არა ხომ?

natali

2018-07-13 00:19:40

მიცვალებული რომ წამოდგეს ყველას შეეშინდება, მაგით იმის მტკიცება რომ მკვლელია, როგორ შეიძლება.

arichopra 2

2018-07-15 23:24:02

http://reportiori.ge/inside.php?menuid=66&id=75913 კიდევ არ გჯერავთ?!

ფხიზელი

2018-07-17 02:53:06


arichopra 2,
მე თუ მეკითხები, გიპასუხებ, რომ არა!
და ახლავე აგიხსნი, რატომაც: მთელი ამ მონათხრობის მიხედვით, მათ შელაპარაკება მოუვიდათ იქ, სადაც შისვენეს, სმიტებმა საჭმელი ამოიღეს და მწყემსსაც უწილადეს.
კონფლიქტი მოჰყვა მწყემსის მიერ დადებული თოფის ლულის მიმართულებას, რაზედაც სმიტმა უხეშად მისცა შენიშვნა. ამის პასუხად მწყემსმა მას თოფი ესროლა ჯერ ზურგში, მერე თავში. იქვე ამოიღო ახალი ვაზნა, ჩადო სანადირო თოფში და მოკლა ბავშვი... ამ საშინელებით თავზარდაცემული და შეშინებული ქალი გაიქცა და იქვე გადავარდა ხრამში (ანუ, ჩანჩქერში).
ახლა რა მაინტერესებს: გადაცემა რომ იმითი იწყება, ექსპერტიზის დასკვნით, ქალი გაუპატიურებულიაო!.. - რა დროს გააუპატიურა მწყემსმა ეს ქალი?
სანამ ქმარ-შვილს დაუხოცავდა, ყველანი ერთად იყვნენ და ეს წიწილასავით ბიჭი ჯანღონით სავსე ქმრის თვალწინ ვერ გააუპატიურებდა მის ცოლს, ხომ?
მერე ის ქალი ეგრევე გადახტა და გადაიჩეხა ხრამში.
უხერხული კია მიცვალებულთან დაკავშირებით ასეთი მკრეხელური კითხვის დასმა, მაგრამ არსებობს ორი ვარიანტი: ან გადავარდნილი ქალი ჰაერშივე გააუპატიურა ამ მწყემსმა, ან ჩავიდა მერე, შევიდა ჩანჩქერში და მისი გვამი გააუპატიურა ცივ წყალში.

არის რომელიმე ვარიანტი დამაჯერებელი?!

ჰოდა, როცა ვხედავ, რომ ასე აშკარად, ასე ბრიყვულად მატყუებენ, მერე ყველაფერი დანარჩენიც ასეთივე სიცრუე და შეთხზული მგონია!.. მით უფრო "ჩვენების" მოსმენა-წაკითხვის მერე, სადაც ეს მწემსი ისეთი კაზიონური ლექსიკით მეტყველებს, ყველაზე გონებაშეზღუდული ადამიანიც მიხვდება, ტექსტი რომ თავიდან ბოლომდე გამომძიებლის დაწერილია და ასეთი კონსრუქციის წინადადებებს ეს უბირი და უწიგნური ბიჭი ათი წლის ვარჯიშის მერეც ვერ მოახლაფორთებს!

ახლა ცდილობენ გრუ-ს აგენტობაც გაუჩალიჩონ.
მერე აღმოჩნდება, რომ მხოლოდ გრუს კი არა, სკოტლენდ იარდის და მოსადის აგენტიც იყო ერთდროულად! (არ ეტყობა სიფათზე?!).
"ტელედადგმაც" განახორციელეს, სადაც, მეტი დამაჯერებლობისთვის, გათამაშებულია მთელი ეს სცენები...
მოკლედ ყველა საშუალებას იყენებენ, რომ აბსოლუტურ რეალობად ჩაბეჭდონ ეს ვერსია ხალხის გონებაში!.. იმდენად, რომ, თუ მოხდა სასწაული და არ დაუმტკიცდა დანაშაული მაგ ბიჭს, შეიძლება ხალხმა აქცია მოაწყოს სასამართლოსთან - დამნაშავეს მფარველობთო!

ამ დროს, ჩვენი "კატრინას" გარდა, არავის გახსენებია, რომ არსებობს ისეთი ცნება, როგორიცაა "უდანაშაულობის პრეზუმფცია"!!!

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80