„თუშური თრილერი“ - რა და რატომ მოხდა ხადას ხეობაში
დაიჯესტი

„თუშური თრილერი“ - რა და რატომ მოხდა ხადას ხეობაში

„თუშური თრილერი“ - რა და რატომ მოხდა ხადას ხეობაში
ნიკა იმნაიშვილი ghn.ge

2018-07-12 13:06:28

თბილისის საქალაქო სასამართლომ ორთვიანი პატიმრობა მიუსაჯა 20 წლის მალხაზ კობაურს, ვისაც საზარელი დანაშაული -  საქართველოში მცხოვრები ამერიკული ოჯახის ერთიანად ამოწყვეტა ედება ბრალად.

რაიან და ლორა სმიტები, ასევე მათი 4 წლის ვაჟი, მარნეულიდან - თუშეთში გაემგზავრნენ, რაკი სხვა ამერიკელებისგან ბევრი სმენოდათ ამ კუთხის სილამაზის შესახებ. თუშეთი მართლაც ძალზე პოპულარულია უცხოელებში.  დღემდე, რაიმე სერიოზული ინციდენტი (არათუ მკვლელობა) ამ რეგიონში არ ყოფილა.

მაგრამ ის რაც რამდენიმე დღის წინ მოხდა, ისეთი საშინელებაა, აუცილებლად იქცევა ჰოლივუდური თრილერის ფაბულად. ყველას გვინახავს ალბათ ამგვარი ფილმები: ახალგაზრდა, ბედნიერი ცოლ-ქმარი ბუნების სიღრმეში მიემგზავრება დასასვენებლად. . . . . მათ ვიღაც მანიაკი აეკიდება. . . . . უმრავლეს შემთხვევაში „ჰეფი-ენდი“ გამორიცხულია, რადგან ამერიკულ ფილმებში ასეთი ისტორია, მიუხედავად იმისა, „ჰორორია“ (ანუ საშინელებათა ფილმი) თუ დაძაბული „ექშენით“ და ფსიქოლოგიზმით გაჟღენთილი „თრილერი“, მუდამ ცუდად მთავრდება -  ბოლოს არ   გამოჩნდება კეთილი, ძლიერი გმირი, რომელიც საბრალო მსხვერპლთ ავაზაკი მკვლელისა და მწამებლისგან  დაიხსნის.

ხადას ხეობაში მომხდარი იმდენად უპრეცედენტოა თვით ამერიკის მრავლისმნახველ ისტორიაშიც კი (ასე მთელი ოჯახის ამოწყვეტა მარტოხელა მკვლელის და არა ტერორისტის მიერ უცხო ქვეყანაში. . . . .), ეჭვი არ შეგეპაროთ, ამერიკელი სცენარისტები, მუდამ „ნამდვილ ისტორიებზე“ რომ ნადირობენ მათი ეკრანიზაციის მიზნით, „თუშურ თრილერს“ აუცილებლად მიაქცევენ  ყურადღებას.

საქართველოსთვის საბედნიეროდ, ამ დღეებში ამერიკული მედიის საინფორმაციო სივრცე მთლიანად დაფარულია ტრამპით, „ნატო“-ს სამიტით, პრეზიდენტის სკანდალური განცხადებებით, გამოძიებებით, სკანდალებით . . . .  „ხადას“ საზარელ მკვლელობას ჯერ ყურადღება არ მიაქციეს. თუმცა, ადრე თუ გვიან „შეამჩნევენ“- ეს გარდაუვალია.

პირველ რიგში იმიტომ, რომ ამერიკელისა და ევროპელისთვის ასეთი მკვლელობა (მეუღლეებისა და ბავშვის) სრულიად აუხსნელია: ტერორისტული აქტი ყოფილიყო, უფრო „გასაგები“ იქნებოდა. არადა, მალხაზ კობაურს არანაირი ტერორისტული მოტივი არ ჰქონდა და არც შეიძლებოდა ჰქონოდა. მით უმეტეს ამერიკელების მიმართ.

გარდა ამისა, „იდუმალებას“ (შესაბამისად ინტერესს) აძლიერებს ის, რომ სამივე მსხვერპლი მკვდარია და ერთადერთი, ვინც „ისტორიას ყვება“ მხოლოდ თავად მკვლელია. შესაბამისად, თითქმის შეუძლებელია ზუსტად დაადგინო, რას ამბობს სიმართლეს და რას არა:

FBI სპეციალისტებს (უკვე ჩამოვიდნენ თბილისში) არ გაუჭირდებათ აღწერონ მკვლელობისა და მკვლელობის შემდეგ განვითარებულ მოვლენათა სურათი. ანუ, სად შეხვდნენ, საით წავიდნენ, რა ადგილას მოკლა, როგორ ესროლა, სად გაეკიდა, როგორ დაახალა. . . .  ოღონდ მთავარი კითხვა ამოუხსნადია: „რატომ?“. რატომ უნდა მოეკლა? რის საფუძველზე მოხდა ე.წ. „შელაპარაკება“, რაც საქართველოში უამრავი მხეცური მკვლელობის მიზეზი გამხდარა?

თვით ბრალდებულმა ჯერ ყველაფერი აღიარა, საცოდავი ბავშვის ცხედარიც უჩვენა პოლიციელებს, იარაღის სამალავიც „გახსნა“, მაგრამ შემდეგ, ადვოკატის რჩევით, ყველაფერი გადათქვა და სასამართლო პროცესზე განაცხადა: ორი „უცხოელი“ (უნდოდა ეთქვა „უცხო პირი“) მიუვარდათ ჩანჩქერთან, სადაც ცხედრები იპოვეს და ვითომდაც იმათ აიძულეს  მოეკლა ამერიკელები.

ბუნებრივია, ადვოკატი  აბა რის ადვოკატია, ყოველნაირად თუ არ ეცადა თუმცა . . . . მაინც მეტისმეტად „რთული სქემა“ გამოდის განსხვავებით სხვა ამგვარი ინციდენტებისგან, რაც ადრე მომხდარა.

მაგალითად, ბევრად იოლი დასაჯერებელია, რომ საქართველოში აშშ „ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს“ რეზიდენტი, ფრედ ვუდვორდი, 1993 წლის 8 აგვისტოს, „შემთხვევითი გასროლის“ მსხვერპლი კი არ გახდა (კაცმა თქვას, „შემთხვევითი“ როგორღა იყო, როდესაც „ტეკზე“ მდგარი ის „გვარდიელი“ მანქანის შეჩერებას ცდილობდა?!), არამედ გამიზნულად მოკლეს რუსულ სპეცსამსახურთა აგენტებმა და შემდეგ  გვარდიელს „ააღებინეს თავზე“.

იმ მკვლელობამ დიდი რეზონანსი გამოიწვია მაშინ. როგორც ხილული, ასევე უხილავი: ვუდვორდი იმდენად სერიოზული ფიგურა იყო CIA იერარქიაში, ცხედრის სამშობლოში გადასასვენებლად თვით CIA იმდროინდელი დირექტორი, ჯეიმს ვულსი ჩამოფრინდა თბილისში რამდენიმე საათით. ოღონდ  აეროპორტიდან გამოსვლაზე კატეგორიული უარი განაცხადა და საქართველოს სახელმწიფოს მეთაური, ედუარდ შევარდნაძე, იძულებული გახდა აეროპორტის ერთ-ერთ დარბაზში შეხვედროდა, რათა გულამოსკვნილი ბოდიში მოეხადა.

2000 წელს, ჩეჩნეთის მეორე ომის დროს, კახეთში იპოვეს ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის, ანტონიო რუსოს ცხედარი, ვისაც, ვითომდაც „მანქანა დაეჯახა“. ეს რომ რუსული სპეცსამსახურების ორგანიზებული მკვლელობა იყო, ამის ალბათობა ძალიან მაღალია.

მაგრამ ამავე ლოგიკის გაგრძელება სმიტებთან დაკავშირებით, ანუ რაიან სმიტისა და მისი მეუღლის „ფარულ რეზიდენტებად“ გამოცხადება, ან ამ გზით საქართველოს ტურისტული პოტენციალის განადგურების მცდელობა მაინც მეტისმეტი „კონსპიროლოგია“ გამოდის.

ბევრად სჯობს, დავაკვირდეთ მომხდარის დეტალებს, რომლებიც ახლა ხდება ცნობილი: 

ძალზე მნიშვნელოვანი დეტალია, რომ მალხაზ კობაური მთვრალი იყო, როდესაც გზაზე ცხენით მიმავალს, სმიტების ოჯახი შემოეყარა. რაიან სმიტმა მას ჩანჩქერის ჩვენება სთხოვა. კობაური გაჰყვა. რაიანი გზაზე მიხვდა, რომ შეიარაღებული, თანაც მთვრალი უცნობი საშიშია. მისი ქმედებების გაკონტროლება შენიშვნებით სცადა: მკაცრი ტონით გააფრთხილა, რომ თოფი არასწორად ეჭირა, რითაც ბავშვს უქმნიდა საფრთხეს. შესაძლოა ეს შენიშვნა ისეთი ფორმის გამოდგა ან ისეთი სიტყვები (თუ ჟესტები) გამოიყენა, 20 წლის ახალგაზრდა დაბოღმილიყო . . . .  ოღონდ მხოლოდ ამით  ახსნა, რომ ეს „ბოღმა-წყენა“ ჯერ ზურგში სროლით (რაც უტყუარად დაადგინა ბალისტიკურმა ექსპერტიზამ) შემდეგ თავში საფანტის დახლით, ბავშვის მხეცური მკვლელობით გამოვლენილიყო, მაინც რთულია!

არის კიდევ ერთი დეტალი, რაც სიმთვრალეს უნდა დავუმატოთ აუცილებლად, რათა სრული სურათი მივიღოთ: 20 წლის მალხაზ კობაური „სამხრეთ ოსეთიდან“, კერძოდ ახალგორიდან დევნილია და ცხოვრობს წილკნის ლტოლვილთა დასახლებაში (როგორც ცხინვალში ნაწამები არჩილ ტატუნაშვილი და მისი ოჯახი).

შესაბამისად, მალხაზი სტრესულ გარემოში იმყოფებოდა „მომწიფებისას“, რომელიც განმსაზღვრელია ადამიანის ფსიქოლოგიური „პროფილის“ ჩამოყალიბებისთვის.

მაშასადამე, შეიძლება ითქვას, საქმე გვაქვს ფსიქოლოგიური ტრავმების შედეგად ჩამოყალიბებულ სოციოპატთან, რაც ზოგადად მიგვანიშნებს საზარელ პრობლემაზე.  ეს პრობლემა კი ქართულ საზოგადოებას  კარგად არა აქვს გაცნობიერებული: ასპარეზზე გამოდის თაობა, რომლის „ფსიქოლოგიური პროფილი“ სწორედ  ბოლო 25 წლის მანძილზე განვითარებული კატასტროფების პროცესში ჩამოყალიბდა და ვინც ჯერ კიდევ ბავშვი იყო იმ შემზარავი ტრაგედიების დროს. იგულისხმება არა მხოლოდ ომები, არამედ  ლტოლვილობა, ლტოლვილთა დასახლებებში წლობით ცხოვრება და საშინელი გაჭირვება.

შესაბამისად, „თუშური თრილერი“ პირველია, თუმცა, სამწუხაროდ,  არა უკანასკნელი.

 

 

ნანახია - 454

ფხიზელი

2018-07-12 17:08:14

ეს არ გახლავთ ერთადერთი ვერსია.
ჟურნალისტები ერთმანეთს ასწრებთ სხვადასხვა ვარიანტების შეთხზვა-გავრცელებაში.

საიდან იცით, რომ იარაღის ჭერის ფორმა არ მოეწონა სმიტს?
აკი, მის ცოლს წაეტანა უშნოდ და იმიტომ გაარტჸა ხელიო?
რომელს დაგიჯეროთ?

მთივლიშვილი ამბობს, თითქოს მოსახლეობას ესმოდა, როგორ დაუძალებლად უყვებოდა კობაური პოლიციას, რა და როგორ ჩაიდინაო...
ამ დროს მეორე ჟურნაისტი სათითაოდ ეკითხება ადგილობრივებს და ისინი ერთხმად უარყოფენ , - არაო, ჩვენ ვინ გაგვაკარა ახლოსო! - მილიციას მიჰყავდა და რას ელეპარაკებოდა, ჩვენამდე არ ისმოდა არაფერიო!..

მთვრალი იყო თუ არა, არც ამისი მოწმეა ვინმე და არავის ჩაუტარებია ექსპერტიზა. (ეგეც ვერსიაა, რომ მთვრალისგან მაინც დავიჯეროთ ის საქციელი, რასაც ფხიზელისაგან არ დავიჯერებდით).

არ არის ეგ საცოდავი ბიჭი არავისი მომკვლელი, ჩემი ღრმა რწმენით!
სახეზე აწერია, რომ არ არის ამის შემძლე.
სხვა რაღაცაშია საქმე.

Serlok

2018-07-12 19:23:43

თუშეთი რა შუაშია? ამდენ წერას ჯერ ეგ გაგერკვიათ...

Manna

2018-07-15 22:57:33

რაის თუშეთი?!
დუშეთის და თუშეთის გარჩევა არ უნდა შეეძლოს ჟურნალისტს?
ვინ იყო თქვენი გეოგრაფიის მასწავლებელი :-(

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80