გადასახადების გაზრდის ჟორჟოლიანისეული კომბინაცია ჩანასახშივე უარყვეს
ეკონომიკა

გადასახადების გაზრდის ჟორჟოლიანისეული კომბინაცია ჩანასახშივე უარყვეს

გადასახადების გაზრდის ჟორჟოლიანისეული კომბინაცია ჩანასახშივე უარყვეს
ბექა დანელია

2018-07-12 23:00:39

დეპუტატ გია ჟორჟოლიანის ინიციატივამ მაღალხელფასიანი ადამიანების მომეტებულად დაბეგვრის შესახებ დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. ინიციატივას არ ემხრობიან არც მთავრობის წევრები, არც დეპუტატები და არც ეკონომისტები. ყველა მათგანი მიიჩნევს, რომ ასეთი მიდგომა ეკონომიკას არათუ ვერ წაახალისებს, პირიქით, პრობლემასაც შეუქმნის.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გია ჟორჟოლიანი ფიქრობს, რომ მაღალი შრომის ნაყოფიერების სექტორების განვითარების ხელშეწყობისთვის ფინანსური რესურსი უნდა გამოინახოს. მისი განცხადებით, 2500 ლარის ზემოთ არსებული შემოსავალი 30%-ით უნდა დაიბეგროს, რაც ბიუჯეტს დამატებით ნახევარ მილიონ ლარს მოუტანს.

„შემოვიღოთ ახალი პროგრესული საგადასახადო სისტემა. ამას ხელს უშლის მთელი რიგი კანონები, მაგრამ არსებობს შესაძლებლობა, რომ მთავრობამ 3 წლით განახორციელოს ცვლილება, რაც გულისხმობს იმას, რომ გარკვეული შემოსავლებზე გადასახადის განაკვეთი ისევ დარჩეს 20%, ხოლო მის ზემოთ არსებულ შემოსავლებზე გადასახადი იყოს 30 პროცენტი“, - აცხადებს ჟორჟოლიანი.

ჟორჟოლიანის ინიციატივას არ ემხრობიან არც მთავრობაში და არც პარლამენტში. პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძე დეპუტატის ინიციატივას მხარი არ დაუჭირა.

„ჩვენ წარვადგინეთ ხედვა პარლამენტში. ჩვენი ინიციატივების დიდი ნაწილი გულისხმობს გადასახადების შემცირებას, იმისთვის, რომ განვითარდეს ეკონომიკა“, - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

საკანონმდებლო ორგანოში კი თავად ჟორჟოლიანის თანაგუნდელები არ ეთანხმებიან წამოყენებულ წინადადებას. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე პაატა კვიჟინაძე პირდაპირ ამბობს, რომ ამ ინიციატივას მხარს არ დაუჭერს.

„მე პირადად ამ წინადადებას მხარს არ ვუჭერ, რადგან ამგვარ ცვლილებას კრძალავს, როგორც მოქმედი კონსტიტუცია, ასევე ახალი, რომელიც შემოდგომიდან ამოქმედდება. საშემოსავლო გადასახადის ზრდის რეალურად განხილვას აზრი არ აქვს და ვინც არ უნდა უჭერდეს მხარს, ამგვარ გადაწყვეტილებას ვერ მივიღებთ. ვფიქრობ, ამ ეტაპზე გადასახადების მომატება ქართულ ეკონომიკას არ წაადგება“ - განაცხადა პაატა კვიჟინაძემ.

იგივე მოსაზრებისაა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით სონღულაშვილი, რომელიც არც მოდელს ემხრობა და არც მის იურიდიულ მხარეს.

„ჩემი მხარდაჭერა ამ ინიციატივას არ ექნება, რადგან ასეთი ტიპის მოდელი არასწორია. ბევრ ევროპულ ქვეყანაში, სადაც არსებობს ეს მოდელი, განიხილავენ, რომ შეცვალონ, რადგან ასეთმა სისტემამ საკმაოდ დიდი პრობლემები შეუქმნა ამ ქვეყნებში მოქალაქეებს. ასეთი ტიპის მიდგომა შეაფერხებს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. ერთია, რომ თვითონ პრინციპი არ არის სწორი და მეორე, რომ კონსტიტუციას ეწინააღმდეგება მსგავსი ტიპის განცხადებები, რადგან კონსტიტუციის მიხედვით არ აქვს უფლება სახელმწიფოს, რომ გადასახადებში რამე ცვლილება შეიტანოს“, – განაცხადა სონღულაშვილმა.

მიდგომას, რომ პედაგოგების ხელფასი უნდა გაიზარდოს, ეკონომისტების ნაწილი იზიარებს, მაგრამ არა იმ მოდელით, როგორც ეს გი ჟორჟოლიანმა გააჟღერა.

„ეს ცვლილება წარმოუდგენელია. ახალი ინიციატივა ვერანაირ დადებით შედეგს ვერ მოიტანს. თავად ის მოტივი, რომ მასწავლებლების ხელფასების ზრდა შესაძლებელია მაღალშემოსავლიანთა ხელფასების ხარჯზე, არასწორია. შეიცავს თუ არა დისკრიმინაციულ ელემენტს, იურისტებმა უნდა იმსჯელონ.

ასეთი შეცდომა საზოგადოებას ძვირი უჯდება. ჩვენ თუ გვსურს მომავალში ხელფასების ზრდა, ამის საშუალება უნდა გამოინახოს არა მარტო პედაგოგებისთვის, არამედ საშუალო სტატისტიკური მოქალაქეებისთვისაც“ - განაცხადა ეკონომისტმა აკაკი ცომაიამ.

ნანახია - 475

მეგრელი

2018-07-13 00:27:51

პროგრესიულია ყველგან . იწყება 5% დან 40% მდე. ვისაც დიდი ხელფასია აქვს მან მეტი უნდა გადაიხადოს. ვიმეორებ . დასავლეთში ასეა.

natali

2018-07-13 00:29:23

ეს კაცი სულ პარლამენტშია და რამე გააკეთა? კი ეტ/ყობა ქვეყანას. იფიქრა, იფიქრა რა გეკეთებინა და ბოლოს ეს მოიფიქრა?:))))

უსაქმურებო, მე მოგცემთ საქმეს, ხალხშიც რეიტინგი მაგრად აგეწევათ- რააა დაააა..

პარლამენტარების პენსიები გაუთანაბრეთ რიგითი მოქალაქეების პენსიებს. ისედაც სულ წილებში სხედხართ და არ გეყოფათ, რომ ახლა პენსიაც რიგით მოქალაქეზე 4-ჯერ მეტი არ აიღოთ? სულ არ გრცხვენიათ? ქვეყანას შეხედეთ და მიპასუხეთ, რა დამსახურებისთვის იღებთ მაგ ფულს? რაც არ გერგება,არ შეგერგებაო, არ გაგიგონიათ?

natali

2018-07-13 00:32:19

ქონების გადასახადს მიხედეთ კიდე და მართლა ქონება ვისაც აქვს იმან გადაიხადოს. რაღაც იდიოტური კანონი რომაა.

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80