„დამრჩა შთაბეჭდილება რომ ივანიშვილი ეძებს ახალ გუნდს“

გაუფრთხილდი თავს

ნარკოტიკი კლავს!

გაუფრთხილდი სხვას

პოლიტიკა

„დამრჩა შთაბეჭდილება რომ ივანიშვილი ეძებს ახალ გუნდს“

 „დამრჩა შთაბეჭდილება რომ ივანიშვილი ეძებს ახალ გუნდს“
თამთა ქარჩავა

2018-07-27 10:00:24

მმართველობის შვიდი წლის თავზე ბიძინა ივანიშვილმა „ქართული ოცნება“ ღიად გააკრიტიკა. გუნდს, რომელსაც პოლიტიკური ბძროლის ჟინი არ აქვს, ივანიშვილი დაცვის ტაქკიტას უწუნებს და აცხადებს, რომ პოლიტიკურ გუნდს მისი დაცვა არ შეუძლია და ამავე კოტექსტში ამბობს, რომ ოპოზიცია მეტად აფასებს, ვიდრე საკუთარი გუნდი. ივანიშვილმა ყურადღება გაამახვილა „ქართული ოცნების“ ალტერნატივის გაჩენაზე.

შექმნის თუ არა პოლიტიკურად გამოუცდელი გუნდის ალტერნატივას – ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.

ბევრი შეფასება მოვისმინეთ, ზოგი თვლის, რომ ეს იყო ივანიშვილის აღიარება, ზოგი პირიქით და თვლის, რომ მან საზოგადოებას გაუზიარა ის პრობლემები, რომელიც რეალურად არსებობს ქვეყანაში. ბატონო რამაზ, როგორ ფიქრობთ, ეს იყო გუნდზე და ხელისუფლებაზე გაბრაზებული ადამიანის საუბარი?

რამაზ საყვარელიძე: არ ვფიქრობ, რომ საწყალი და დაჩაგრული ადამიანის ინტერვიუ იყო, დაიჩივლა - გუნდი ვერ ახერხებს ჩემს დაცვასო, ძირითადად ეს თემა იყო, მაგრამ გუნდი ვერ ახერხებს დაცვას, ესეც ცოტა უხეში გამონათქვამი გამოვიდა, რადგან ვერ ახერხებს არა იმიტომ, რომ ლაპარაკი არ იციან, არამედ პოლიტიკაში არ არიან გამოცდილი.

პოლიტიკური გამოუცდელობით ხდება ის, რომ უჭირთ პარტიის ლიდერის დაცვა?

– ყოველ შემთხვევისთვის პოლიტიკური გამოუცდელობა ნამდვილად არის. საიდან უნდა ჰქონოდათ პოლიტიკური გამოცდილება? პრაქტიკულად შიშველი ხელებით მოვიდა გუნდი. ამ მხრივ იყო პრობლემა გუნდის შედგენა და მოსალოდნელიც იყო, რომ პოლიტიკური გამოცდილება მათ არ ექნებოდათ. პოლიტიკური გამოცდილება ეტყობათ ნაციონალებს, იბრძვიან შეუპოვრად, ხოლო ასეთი ბრძოლის უნარი და გამოცდილება მმართველ გუნდს არ აქვს.

ამ ინტერვიუთი ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებას ანახა, რომ ქვეყანაში არსებულ პრობლემებს აღიარებს, მაგრამ ამ პრობლემების წინაშე აღმოჩნდა მისი გუნდის დამსახურებით და ეს პრეტენზიები იყო გუნდის მიმართ ნათქვამი?

– უდავოდ არის გუნდის მიმართ პრეტენზიები, მაგრამ ეს პრეტენზიები გუნდის მიმართ შეიძლება გქონდეს, თუკი იცი, რომ გუნდი გამოცდილია, მაგრამ რაღაც მიზეზის გამო არის ჩუმად. არ იციან ბრძოლა და რა უნდა ქნან? მოლოდინი იმისა, რომ ეს გუნდი იბძოლებს, ჩემი აზრით, ეს მოლოდინი იყო არასწორი. გუნდი ვერ იბრძოლებს, თუ ამის გამოცდილება არ ექნება.

ხშირად ვისმენთ შეფასებას, რომ ქართული პარლამენტარიზმის ისტორიაში ეს არის ყვეალაზე სუსტი პარლამენტი. როგორ ფიქრობთ, გუნდი როგორსაც ითხოვს ივანიშვილი ამ გუნდისგან შეილება ჩამოყალიბდეს, თუ ამისთვის აუცილებელია რიგგარეშე არჩევნები?

– შეიძლება რიგგარეშე არჩევნების ფარგლებში გუნდი შეიცვალოს, მაგრამ საგრძნობი იყო ის ფაქტი, რომ ივანიშვილს უნდა ცვლილებები. გუნდს ვადაში შეცვლის, თუ რიგგარეშე არ ვიცი, მაგრამ ცვლილებების სურვილი მის ამ ინტერვიუში ნამდვილად ჩანდა. მან შეიძლება ზოგადი მიდგომაც შეცვალოს, ვგულისხმობ - უნდა იყოს ერთი პარტია, თუ პარტიის ძალა–უფლება გადანაწილდეს სხვადასხვა შტოებში. იძახის, რომ მომხრე ვიქნები, გადანაწილდესო, მაგრამ არ უთქვამს, რომ გადანაწილდება. ის, რომ თვითონ ასეთი დომინირებული პარტიის სურვილი აღარ აქვს, ეს იყო სიახლე მის ინტერვიუში, რაც თუ შეიძლება ითქვას, პარტიული მშენებლობის არქიტექტურის სხვანაირ ხედვას წარმოადგენდა.

როგორ წარმოგიდგენიათ პარტიული განვითარების ივანიშვილისეული ხედვა და როგორი სახის პარტიულ ხედვას შესთავაზებდით?

– როგორც თვითონ ივანიშვილმაც აღნიშნა, პარტიული სპექტრი თითქმის არ არსებობს და, ასეთ პირობებში, სწორად არ მიმაჩნია მთელი სისრულით საპარლამენტო რესპუბლიკაზე გადასვლა. ცოტა მეტ ელემენტს ავიღებდი მაგალითად საპრეზიდენტო რესპუბლიკიდან და კერძოდ, ამერიკული მართვის სისტემიდან, იმ თავალსაზრისით, რომ იქ ერთი კონკრეტული პარტიის როლი შესუსტებულია მაჟორიტარული არჩევნებით. პარტია კი არ წყვეტს ვინ იქნება სიაში, ადამიანი მიდის თავის ამომრჩეველთან რეგიონში და თუკი დაიმსახურებს ამომრჩევლების ნდობას, მერე მიდის უმაღლეს ორგანოში.

ასეთი მოწყობა პასუხისმგებლობისაგნ ათავისუფლებს უკვე პარტიას და მეტ პასუხისმგებლობას აკისრებს ცალკეულ პოლიტიკოსს. დიდი ხანია ამ პოზიციას ვიკავებ და ამიტომ მიმაჩნია, რომ სანამ ჩვენი პარტიული სპექტრის მკაფიო სურათი არ ჩამოყალიბებულა, ჯერჯერობით შემოვიტანდი მეტ ელემენტს - დამოუკიდებელი დეპუტატების პასუხისმგებლობას სასაზოგადოების ამა თუ იმ ჯგუფების წინაშე.

არსებული ინფორმაციით, გუნდის გადახალისების კუთხით საინტერესო იქნება სექტემბერი, როდესაც ივანიშვილი დაიწყებს პარტიის განახლებას. ერთია, როცა ვსაუბრობთ, რომ არსებული პარტიული ჯგუფი არ არის მომგებიანი, მხოლოდ წაგებაზე ორიენტირებული გუნდია. ოპოზიციასთან დებატებში ძალიან სუსტია მმართველი გუნდი და იშველიებენ 9 წელს, რაც საზოგადოებისთვის საინტერესოც აღარ არის. სხვა წონიანი არგუმენტების მოძიებაზე ეს გუნდი არ ფიქრობს. მაგრამ  პრობლემაა ისიც, რომ, როდესაც გუნდის ცვლილებაზე არის საუბარი, გვაქვს კი იმის პოლიტიკური რესურსი, რომ შეიქმნას ძლიერი გუნდი?

– ამისკენ გარკვეული ნაბიჯი გადაიდგა, როდესაც ეს ახალგაზრდები მოიყვანეს პარლამენტში. ისინი მოიყვანეს მაჟორიტარული წესით, სიაში არ ჩასვეს. ანუ, მათ მისცეს საბრძოლო პირობები, რაც სწორი მიდგომა იყო, მაგრამ ბევრი მათგანი არჩევნების შემდეგ გადავიდა წყნარ პარტიულ ცხოვრებაზე და ამდენად ბრძოლის ჟინი, რომელიც გამოავლინეს 2016 წლის არჩევნებში, ნელ–ნელა დავიწყებას მიეცა. პოლიტიკური ბრძოლა არის ერთადერთი გზა იმისა, რომ სამომავლოდ გყავდეს ძლიერი გუნდი.

ივანიშვილმა ხაზი გაუსვა კონკურენტული ოპოზიციის არსებობას, რისი აუცილებლობა ნამდვილად არის. თუმცა, დაგვინაბეული არ არის დღეს საუბარი ისეთი ოპოზიციის არსებობაზე, რომელიც იქნება კონკურენტული?

– მეორე მხრივ ივანიშვილმა და გნებავთ სხვამ, რა უნდა ქნას? იგივე სიტუაცია იყო სააკაშვილის დროსაც და საყვედური იყო ერთპარტიულობაზე. მაშინ მიშამ თქვა, რა ვქნა, მე ხომ ვერ გავაკეთებ ჩემს ოპოზიციასო, მაგრამ მერე კი გააკეთა თავისი ოპოზიცია. ასეთი ენერგული, კონსტრუქციული, პროდუქტიული ოპოზიცია უნდა წარმოიშვას, სურვილი უკვე გამოითქვა, მაგრამ მოთხოვნის დონეზე და რატომ არ გააკეთა ხელისუფლებამ, ამას ხელისუფლებას ვერ უსაყვედურებ. ხელისუფლებაში მყოფი პარტია თავის საქმეს აკეთებს. ჩვენ, უფრო ზოგადი პრობლემა გვაქვს- პოლიტიკური პროცესების მქონე გამოცდილი ჯგუფები არ არის.

უმრავლესობის წევრები აცხადებენ, რომ პარტიის შიგნით ძალიან ბევრი პრობლემა დაგროვდა და ამან მიგვიყვანა შეცდომებამდეო, მაგრამ ამ შეცდომების არსებობაზე ივანიშვილის ინტერვიუს შემდეგ ალაპარაკდნენ, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს გუნდის სისუსტეს. როგორ ფიქრობთ, რას შეცვლის ივანიშვილის ჩართულობა პოლიტიკურ პროცესებში?

– ივანიშვილის საჯარო გამოსვლებიდან ეს ინტერვიუ ერთ–ერთი საუკეთესო იყო. საუკეთესო იყო იმ თვალსაზრისით, რომ მან დაანახა საზოგადოებას თვითონ სად ხედავს პრობლემებს, ანუ საზოგადოებას გაუზიარა თავისი პრობლემები და ამ გაზიარებაში გამოჩნდა, რომ უამრავი პრობლემა არის. წინა ინტერვიუებში და გამოსვლებში ივანიშვილი ცდილობდა აქცენტის გაკეთებას „ქართული ოცნების“ გაძლიერებაზე, ხოლო ამ შემთხვევაში, აქცენტები გადატანილი იყო იმაზე, რომ მისი პარტია ქართულ პოლიტიკურ ველზე არ უნდა იყოს ერთადერთი.

ივანიშვილმა აქცენტები გაამახვილა „ქართული ოცნების“ ალტერნატივების გაჩენაზე. თქვა, რომ დასავლეთისთვის მიუღებელია საქართველოში ერთპარტიული მმართველობა. როგორც ჩანს, ერთპარტიული მმართველობა ივანიშვილისთვისაც მიუღებელია. დასავლეთის მოსაზრებას ხშირად მაშინ მოიხმობენ ხოლმე, როცა საკუთარი პოზიციის გამყარება სურთ.

დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ივანიშვილი ეძებს ახალ გუნდს. იპოვის თუ არა ახალ გუნდს და შეცვლის თუ არა არსებულ გუნდს, ყოველ შემთხვევაში სხვა მიმართულებით ეცდება სვლას. მის ინტერვიუში ჩანდა, რომ ბევრ რამეზე არის პასუხისმგებელი. ჩემთვის ესეც ძალიან დამაკმაყოფილებელია, რომ ივანიშვილი მოსვენებულად არ არის და ცდილობს იპოვოს გამოსავალი. ადრე მის ინტერვიუებში იყო ინტონაცია, რომ ყველაფერი კარგად არის და უკეთესად იქნება, თუ „ოცნებას“ აირჩევენ. ახლა უკვე, ივანიშვილს თვითონ აქვს კითხვის ნიშნები და ცდილობს ამ კითხვის ნიშნებზე პასუხს. პასუხის ძებნა უკვე თავისთავად უაღრესად პოლიტიკური მოვლენაა.

ივანიშვილი ახალ გუნდს ეძებს, მაგრამ როგორც ფიქრობთ, შეკრებს მისთვის სასურველ გუნდს და რამდენად გრძელვადიანი იქნება ძიების პროცესი?

– არის ქვეყნები, რომლებიც ათწლეულები ეძებდნენ თავიანთ პოლიტიკურ სახეს. ივანიშვილმა თვითონ თქვა, რომ ფაქტიურად საზოგადოების როლი ავიღე ჩემს თავზე, რადგან ამ პოლიტიკური პროცესების სტიმულატორი, წესით, საზოგადოება უნდა იყოს – ჩათვალეთ, რომ ეს არის პოზიტივი, რომლის ფონზე იპოვის თუ არა, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, რომ ძებნა დაიწყო.

ნანახია - 3926


სარეკლამო ბანერი
1000 X 80