„თუ ჩვენი ხმა არ იქნება შესმენილი, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ „ოცნება“ ვადაზე ადრე წავიდეს ხელისუფლებიდან“

გაუფრთხილდი თავს

ნარკოტიკი კლავს!

გაუფრთხილდი სხვას

პოლიტიკა

„თუ ჩვენი ხმა არ იქნება შესმენილი, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ „ოცნება“ ვადაზე ადრე წავიდეს ხელისუფლებიდან“

„თუ ჩვენი ხმა არ იქნება შესმენილი, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ „ოცნება“ ვადაზე ადრე წავიდეს ხელისუფლებიდან“
ლალი ზირაქიშვილი

2018-07-30 21:43:31

მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ყოფილი აღმასრულებელი მდივანი, არმაზ ახვლედიანი მასშტაბური საპროტესტო მოძრაობის ორგანიზებას გეგმავს, რომელიც სტარტს ბათუმიდან აიღებს.

როგორც პროტესტის ორგანიზატორი აცხადებს: „დაწყებულია თვისობრივად ახალი მოძრაობა, სადაც გადამწყვეტი სიტყვა ეკუთვნის ხალხს. ხალხს, რომელიც უბრალოდ დაიღალა ამ უსამართლობით, კორუმპირებული გარემოთი და იმით, რომ მას ყოველთვის ზურგს აქცევს ხელისუფლება“.

საკუთარ გეგმებზე არმაზ ახვლედიანი გვესაუბრება.

არმაზ ახვლედიანი: სულ მალე ბათუმში ვიწყებთ მძლავრ საპროტესტო სახალხო მოძრაობას, რომლის ამოცანაა, ერთი მხრივ, უარი ვუთხრათ „ქართულ ოცნებას“ ამ ძალადობრივ, უსამართლო, არადემოკრატიულ, ადამიანის საწინააღმდეგო მმართველობაზე, მეორე მხრივ, უარი ვუთხრათ სისტემას, რომელიც დღეს „ოცნებას“ კვებავს, ხვალ კი ნებისმიერი სხვა მმართველობის მკვებავი გახდება - სისტემაა თავად ანომალიური. ეს არის ჩაკეტილი წრე, რომლის გარღვევა თუ ვერ მოახერხა დროულად საზოგადოებამ და ხალხმა, მაშინ შეიძლება, „ოცნება“ წავიდეს და მოვიდეს სხვა, არანაკლებ ანომალიური ძალა.

ზოგადად, სისტემის საფუძველი არის კონსტიტუცია. კონკრეტულად რას ითხოვთ კონსტიტუციის შეცვლას?

- უპირველესად მოვითხოვთ იმას, რომ ქვეყანაში შეიქმნას სამართლებრივი და დემოკრატიული გარემო, რომელიც გამორიცხავს მსგავს ანომალიურ გადახრებს მმართველობაში; რომელიც გამორიცხავს იმას, რომ საზოგადოება იყოს ასე დაბეჩავებული და უუფლებო; რომ ადამიანებს კვლავაც ასე ეშინოდეთ ხელისუფლებისა და ვერ ბედავდნენ ისეთი აზრის გამოთქმას, რომელიც შეიძლება არ აწყობდეს ხელისუფლებას ცენტრში და ადგილებზე.

ვსაუბრობთ სისტემის შეცვლაზე და ვგულისხმობთ საკონსტიტუციო და საკანონმდებლო ცვლილებებსაც. ასეთ ცვლილებებს ნამდვილად არ გამოვრიცხავთ, მაგრამ ყველაზე კარგი კონსტიტუციის არსებობის პირობებშიც კი მრუდე აზროვნების ადამიანებით დაკომპლექტებული მმართველობა ამ კონსტიტუციასაც სათავისოდ გამოიყენებს.

დღეს ჩვენი კონსტიტუცია არ არის ცუდი - პრობლემა ისაა, რომ ამ კონსტიტუციასაც და ადამიანის უფლებებსაც ჩვენი ხელისუფლება არად დაგიდევთ.

გამოდის, რომ რიგგარეშე არჩევნებში ხედავთ გამოსავალს?

- არა! თუ მოხდა სასწაული და „ოცნება“ გაითვალისწინებს საზოგადოების აზრს, თუნდაც ასე დაგვიანებით და დაიწყებს ეტაპობრივად, მაგრამ არსებითად ძალადობრივი მანქანის შეცვლას, მაშინ, რა თქმა უნდა, შეგვიძლია მეტ-ნაკლებად მშვიდად მივიდეთ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე და იქ დავასრულოთ ამ ხელისუფლების მმართველობა. მაგრამ თუ „ოცნება“ კვლავ იჯიუტებს და ადამიანების მოთხოვნას უპასუხებს ისე, როგორც პასუხობდა აქამდე, მაშინ ხალხი დააჩქარებს „ოცნების“ დასასრულს.

კონკრეტულად რას გულისხმობთ, ჭიჭინაძის შემთხვევას? - ხელისუფლების კრიტიკის გამო დეპუტატს პარტიიდან რიცხავენ...

- ვგულისხმობ იმას, რომ თუ მმართველი პარტია კვლავაც გააგრძელებს არჩევნების ისე ჩატარებას, როგორც ატარებდა აქამდე, ანუ საზოგადოებრივი აზრის იგნორირებით არადემოკრატიულად და უსამართლოდ, მაშინ ეს დასარული გარდაუვალია!

„ოცნება“ ყველა წინა არჩევნების შემთხვევაში საზოგადოებას თვალში ნაცარს აყრიდა, როდესაც საუბრობდა იმაზე, რომ ვითომ დემოკრატიული იყო წინასაარჩევნო გარემო, სინამდვილეში კი არჩევნებს ატარებდა სუსი; საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა არის „ქართული ოცნების“ ტყვე და ვერავინ ბედავს, რომ საკუთარი აზრი გამოხატოს. ამ ვითარებაში როგორ შეიძლება, საუბარი იყოს მეტ-ნაკლებად ნორმალურ არჩევნებზე?

რამდენადაც ცნობილია, ამ ხელისუფლების დროს საზოგადოების აშკარა დაშინების ფაქტებს ადგილი არ ჰქონია, თუმცა საკუთარი გამოცდილებიდან გეტყვით, რომ წინა ხელისუფლების რეჟიმი არასაბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული ადამიანების დაშინებასაც საკმაოდ ღიად ბედავდა ყოველი არჩევნების წინ...

- მე მაქვს ეს საკუთარ თავზე გამოცდილი. რაც „ნაციონალური მოძრაობის“დროს ხდებოდა, ამას არავინ უარყოფს, მაგრამ 6 წელი „ოცნებამ“ ერთი ნაბიჯი მაინც თუ გადადგა წინ? - არა!- ამისი მოწმე მე გახლავართ და ათასი სხვა ადამიანი.

2016 წლის ზაფხულში ვიყავი ბათუმის დამოუკიდებელი მაჟორიტარი კანდიდატი საპარლამენტო არჩევნებში და ის წნეხი, რომელიც განახორციელა „ქართულმა ოცნებამ“ და მისმა სუსმა ჩემზე და ჩემს მოხრეებზე, არის დადასტურებული, აღნუსხული და ყველასთვის ცნობილი.

ასეთი ათასობით შემთხვევაა - „ოცნება“ თავისი არსით არის მოძალადე სახელისუფლებო სისტემა და არანაირ დემოკრატიულ და თავისუფალ არჩევნებზე საუბარი უბრალოდ, არ შეიძლება - ეს საზოგადოების დაცინვაა და სხვა არაფერი.

ეს არის საკითხის მხოლოდ ერთი მხარე, არსებობს სხვა არაერთი მიზეზი, რაც პროტესტს აჩენს - ის, რომ „ოცნება“ განაგრძობს ბიზნესზე ირიბ, მაგრამ სერიოზულ ზეწოლას და არც ერთ ბიზნეს სტრუქტურას არ აძლევს იმის საშუალებას, მხარი დაუჭიროს იმ პოლიტიკურ ძალას, რომლის მიმართაც მას სიმპათია გააჩნია - თურმე, სიმპათია მხოლოდ ხელისუფლების ან მისი სატელიტი პოლიტიკური ორგანიზაციების მიმართ შეიძლება არსებობდეს.

ვერ ვხვდები ასეთ შემთხვევაში რა სხვაობაა „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის? - ვგულისხმობ არსებით სხვაობას, თორემ დეტალებში სხვაობა შეიძლება იყოს, თანაც არაერთი.

შესაბამისად, ამ საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც აცნობიერებს ამ ანომალიურ მმართველობას, გამოხატავს პროტესტს და ჩვენ გვინდა ამ პროტესტს მივცეთ ორგანიზებული ხასიათი. ამით გვინდა ბიძინა ივანიშვილს და მმართველ გუნდს ვაჩვენოთ ყვითელი ბარათი. თუ ჩვენი ხმა არ იქნება შესმენილი, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ „ოცნება“ ვადაზე ადრე წავიდეს ხელისუფლებიდან.

თქვენ ამბობთჩვენ“ - ვის გულისხმობთ?

- საქართველოს მოქალაქეებს. რა სახე ექნება ამ მოძრაობას, პირველ შეკრებაზე მობრძანებული საზოგადოება გადაწყვეტს. ჩემს განცხადებაში ნათქვამია, რომ საზოგადოებას ჩვენ კი არ ვახვევთ თავს დღის წესრიგს, არამედ ვთავაზობთ, რომ ყველამ ერთად გადავწყვიტოთ გეგმა, სატრატეგია და ტაქტიკა -თავიდანვე იყოს დემოკრატიული ჩართულობა იმ საზოგადიოებისა, რომელიც მზადაა უანგაროდ ემსახუროს ქვეყანას.

ამაში იგულისხმება თუ არა პოლიტიკური პარტიები?

- კარს გავუღებთ ნებისმიერ ადამიანს, მიუხედავად მისი პოლიტიკური თუ მსოფლმხედველობრივი შეხედულებებისა, ერთი პირობით - თუ ამ ადამიანებისთვის უმთავრესი არის საქვეყნო ინტერესი და თუ არიან მზად ამ სახელიუსუფლებო წნეხის მიუხედავად, გაბედულად და უანგაროდ ემსახურონ ხალხს და ქვეყანას! ამ პრინციპით, ნებისმიერისთვის იქნება კარი ღია როგორც „ოცნების“, ისე „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეებისთვის - მათთვის ვინც დღეს პირდაპირ თუ ირიბად მხარს უჭერს ამ მმართველობას; მიგვაჩნია, რომ ყველას უნდა ჰქონდეს შანსი, საკუთარ შეცდომებზე ისწავლოს.

ეს იქნება ყველა, პარტიული თუ უპარტიო ადამიანის გაერთიანება, ვისაც მიაჩნია, რომ დღეს ქვეყანაში დიდი გაჭირვებაა და ამ გაჭირვების მიზეზი არის ორი - დღეს არსებული ანომალიური, კორუმპირებული ხელისუფლება სახელად -„ქართული ოცნება“ და მეორე - სისტემა, რომელიც კვებავს დღეს „ქართულ ოცნებას“ ხვალ კი ნებისმიერ მსგავს მმართველობას ასაზრდოებს!

ხშირად მომისმენია, რომ არმაზ ახვლედიანი განაწყენებულიაქართულ ოცნებაზე“. ამანაც ხომ არ განაპირობა სახალხო მოძრაობის შექმნის იდეა?

- „ქართულ ოცნებაზე“ განაწყენებულია საქართველოს მოსახლეობა - არმაზ ახვლედიანი განაწყენებულია „ქართულ ოცნებაზე“ იმიტომ, რომ ივანიშვილმა და მისმა პარტიამ ბოლომდე გაუცრუა იმედი ამომრჩეველს - ქართულ საზოგადოებას, რომელსაც პირდებოდა ერთს და მისცა სულს სხვა - სტაგნაცია, უსამართლობა და ადამიანის სრული იგნორირება. მხოლოდ საქვეყნო განაწყენებიდან შეიძლება გამომდინარეობს ჩემი წყენა და გარწმუნებთ, აქ არ არის არაფერი პირადული.

გულახდილად გეტყვით - მეცოდებიან კიდეც ოცნების ხელმძღვანელები, რადგან ვერც კი იაზრებენ რა შავ დღეში იგდებენ თავს, როცა ასე უტიფრად ატყუებენ ხალხს და კლავენ საქართველოს მომავალს!

 

 

 

 

ნანახია - 4126

კატრინაა

2018-07-30 22:35:37

ოცნების წევრი როცა ბრძანდებოდა,მაშინ არ მახსოვს,ასე მძაფრად საუბრობდა?!ნურას უკაცრავად!ისეთ დითირამბებს უმღეროდა ბიძინას,შენი მოწონებული!ასეთის რა უნდა დაიჯერო?!

anri

2018-07-31 11:46:40

არავის გადაუღუნო შე ჩემა რაა....

ფარაონი

2018-07-31 18:07:22

-რა თქმა უნდა ყველაფერს წყვეტს ხალხი, ოღონდ სანამ ხალხი გადაწყვეტს, ჯერ ბიძოს უნდა დაეკითხონ, ეს კი გასაოცარი დემოკრატიის წინა ფასადია.
-ამბობენ ერთს და ამ დროს სულ სხვა რამ არის ჩაფიქრებული, როდესაც ვამბობთ ხალხს, ხალხის ნაცვლად, ყველგან პირადი ინტერესი იკვეთება, ყ ვ ე ლ გ ა ნ ! ! !
-რა დაჯდება ეს აქციები? ალბათ სადღაც ერთ მილიონამდე და ხალხიც ამ მილიონში შედის, აი ამათთვის სულ ეს არის მოსახლეობის ინტერესი.
-დავიღალე ჯოო! დავიღალე ადენი ტყუილით!!! მაგრად დამღალეთ, მაგრად!!!
-ძირს ბიძინა!
-ძირს მტავრობა!
-ძირს მედროვე ჩინოვნიკები!
-გაუმარჯოს მენახირე ჯემალას! მევენახე თედოს, მძღოლ არჩილას და მეპურე შიოს. რატომ?
ხელისუფალზე უფრო პატიოსანი ხალხი ესენი არიან და ............

Maverick

2018-07-31 19:39:16

რესპოდენტს!

რატომ არის დღევანდელი კონსტუტუცია კარგი?

იმით ხომ არა, ინდივიდები - მაჟორიტარები რომ გამოდევნა არჩევნებიდან?

მოწვეულმა ხალხმა რა პროგრამა უნდა შემოგთავაზოთ? მაგათ პროგრამების და გულთმისნობის უნარი რომ ქონოდათ ამდენი წლის მანძილზე მოჯადოებულ წრეზე ვერ ატარებდა გაბახებული პარტიული ბნელიტა.

რაც შეეხება მიზანებს ჯერჯერობით ჩამოუყალიბებელია, ხოლო პროგრამას, ალბათ მომავალში გაგვაცნობთ.

რჩევა: პროგრამაში არ შეიტანოთ სხვა დემაგოგი პარტიებივით ამას ვიზამთ, იმას ვიზამთ, ამას ავაშენებთ, იმას გადავაშენებთ, ხელფასებს, პენსიებს გავზრდით მდიდარი ბიუჯეტის გარეშე და ა.შ. ერთი სიტყვით რის გაკეთებასაც შეგვპირდებით მისი განხორციელების გზებიც გაგვაცანით!!!...

Maverick

2018-07-31 19:41:24

მუმია,
კომბლეს, მონას მახსენებ, სამთავეს გეთანხმებით!

asdf961

2018-07-31 21:56:04


მე ისევ ჩემსას ვიტყვი: მანამ არ შეიცვლება საარჩევნო კანონი და ის არ გახდება სრულიად მაჟორიტარული არჩევნები, მანამდე არაფერი არ გვეშველება.

ყველა პარტიის წევრმა უნდა გაიაროს გაცხრილვა საარჩევნო უბნებზე, მოხვდეს პარლამენტში და ამის შემდეგ შექმნან პარტიული ბლოკები. მაშინ გამოჩნდება რა ვაჟკაციც იქნება ნაცბოზბანდა და ნებისმიერი სხვა პარტია.


გორელი ვარ

2018-08-01 14:09:01

რა არ მოგეწონათ ამ ადამიანის ნათქვამში. ერთ–ერთი პირველია მათ შორის, ვინც თეთრს შავისაგან არჩევს. ყური დაუგდეთ. სხვებზე წესიერია და არც გასვრილი. თანაც ჭკვიანური მეტყველება აქვს,ზოგიერთებივით არ მიედ –მოედება. 48 წლისაა, ეს ის თაობაა, ვინც მოასწრო ძველის ნახვაც, და ჩვენი საერთო შეცდომებიც. დააკვირდით მაინც...

გორელი ვარ

2018-08-01 14:09:10

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80