სახიფათო თამაში ISIS–ის წევრებთან
საზოგადოება

სახიფათო თამაში ISIS–ის წევრებთან

სახიფათო თამაში ISIS–ის წევრებთან
თამთა ქარჩავა

2018-08-07 15:00:41

„ორი ძმა მოგვიკალით (დაგვიწვით) არაფრის გულისთვის! სულ მალე მიიღებთ ამისთვის სასჯელს ურჯულოებო! გეშინოდეთ ჩვენი... გაუჩინარებული მაგამედოვი!!! დიახ, ჩვენ გვახსოვს ეს ყველაფერი... გაბრიელ სალოსის სპეცოპერაცია!!! აქაც დაგვიხოცეთ ძმები ღალატით და მოტყუებით. ინშა ალლაჰ, ჩვენი მეომრები მზად არიან შურისძიებისთვის“, – ნათქვამია ISIS–ის ვიდეო მიმართვაში, რომელსაც „პალიტრანიუსი“ ავრცელებს. სააგენტოს მტკიცებით, მათ ხელში ჩაუვარდათ ვიდეო, ქართული ტიტრებით, რომელიც ისლამური სახელმწიფოს მიმდევრების დამზადებულია და რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას შურისძიებით ემუქრებიან.

ISIS-ის ქართული დაჯგუფების მუქარის შემცველი ვიდეო მიმართვაზე, რომელიც სავარუდოდ ორი კვირის წინ არის დამზადებული, გამოძიება უკვე დაწყებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. როგორც უწყებაში აცხადებენ, აღნიშნული ვიდეოს შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის ცნობილი იყო და ამ ეტაპზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. კონკრეტულად, რა საგამოძიებო მოქმედება მიმდინარეობს, სუს–ში არ აკონკრეტებენ.

პარალელურად, ტერორისტული ორგანიზაციის წევრობისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ბრალდებით სუს–მა პანკისის ხეობის მკვიდრი, მალხაზ ტოხოსაშვილი საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა–შენახვის ფაქტზე აიყვანა. ბინისა და სამსახურის ჩხრეკისას კი სამართალდამცველებმა ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები, ასევე ISIS–ის სიმბოლიკიანი დროშები ამოიღეს. კონტრტერორისტულმა ცენტრმა ტოხოსაშვილი სასამართლო განჩინების საფუძველზე ჩატარებული ღონისძიებების შედეგად დააკავა.

ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე დაკავებულ მალხაზ ტოხოსაშვილს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ბრალდებული დანაშაულს არ აღირებს და სასამართლო პროცესსზე მოსამართლეს მიმართა, რომ ისეთი ბრალდებები მოისმინა, თვითონაც ბევრი რამე უკვირს. ბრალდებული აცხადებს, რომ გამოძიების მიერ მტკიცებულების სახით აღმოჩენილი საბრძოლო მასალა მას არ ეკუთვნის.

„გამოკითხვის შედეგად, თუ ვინმე ოდესმე საეჭვოდ დამახასიათებს, გავიზიარებ თქვენს ბრალდებას. ამოღებული ვაზნებიდან ზოგი დაშლილი, ზოგი მულაჟი იყო. ისეთი ბრალდებები მოვისმინე, რომ მე თვითონაც ბევრი რამე მიკვირს“, – განაცხადა მალხაზ ტოხოსაშვილმა.

შვილის უდანაშაულობაზე საუბრობს ბარალდებულის მამა და ტერორისტულ საქმიანობასთან მის შემხებლობას კატეგორიულად გამორიცხავს. ვალერი ტოხოსაშვილის თქმით, დაკავებული ორი დღე–ღამის განმავლობაში მუშაობდა და პანკისშიც იშვიათად ჩადიოდა. მისივე განმარტებით, დაკავებული 15 წელზე მეტია თბილისში ცხოვრობს და ამ დროის მანძილზე საეჭვო ვითარებაში არასდროს ყავთ შემჩნეული.

„რა კავშირი აქვს ტერორისტებთან, ეს ყველაფერი არის დიდი ტყუილი. სახელმწიფო იგონებს ამ ყველაფერს, არ ვიცი რატომ და რატომ მაინცადამაინც ჩემი შვილი, რომელიც ორი დღე–ღამის განმავლობაში გადაბმულად მუშაობდა და ამის შემდეგ ვისთან რა კავშირი უნდა ჰქონოდა?! იწვა და ეძინა. ჩვენ გვითხრეს, რომ ტყვიები სახლიდან ამოიღეს, ამ დროს კი სახლიდან არაფერი არ ამოუღიათ. სადაც მუშაობდა იქიდან რა ამოიღეს, მე არ ვიცი. მალხაზი სამსახურიდან გამოდიოდა, როდესაც დააკავეს. პანკისის ხეობაში სოფელ ბირკიანში გვაქვს სახლი, სადაც წელიწედში ერთხელ, 2–3 დღით ჩადიოდა“, – აცხადებს ბრალდებულის მამა.

მამას შვილის ბრალეულობის არ სჯერა, მაგრამ გამოძიების მტკიცებით, ტოხოსაშვილს შესაძლოა, ბრალი დაუმძიმდეს. საქმის პროკურორ ნანა ხუნჯუას განცხადებით, დაკავებულს ოფიციალურად ბრალი საბრძოლო მასალის მართლწინააღმდეგ შეძენა–შენახვისთვის აქვს წარდგენილი, თუმცა ამ დროისთვის საგამოძიებო მოქმედებები ტერორისტულ ორგანიზაციაში დახმარებისა და მასში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, აქტიურად მიმდინარეობს.

„გამოძიება მიმდინარეობს ასევე, სხვა მიმართულებით, ეს გახლავთ, ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და მისი დახმარების ფაქტზე. შესაბამისად, მომავალში იმისდა მიხედვით, თუ რას დაადგენს გამოძიება, არ არის გამორიცხული, რომ მას დაუმძიმდეს ბრალდება. თუმცა, ამ ეტაპზე დადგენილი აქვს საბრძოლო მასალის მართლწინააღმდეგ შეძენა–შენახვა“, – აცხადებს ნანა ხუნჯუა.

მაშ ასე, ISIS–ის ქართული ფრთა საქართველოს ხელისუფლებას შურისძიებით ემუქრება, თუმცა უახლოეს წარსულს თუ გადავხედავთ, ასეთი მუქარები, რომელსაც ე.წ. ქართული ფრთა ავრცელებს, არაერთხელ მოგვისმენია, მაგრამ მათ მუქარებს არც არაფერი მოჰყოლია. „სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ დამფუძნებელი, ზურაბ აგლაძე დარწმუნებულია, რომ იგივე ვითარება გვაქვს ამ შემთხვევაშიც.

როგორც აგლაძე აცხადებს, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის მსგავსი სპეცოპერაცია, რომელიც ისლამური სახელმწიფოს მებრძოლების წინააღმდეგ არის მიმართული, ყოველდღიურად ტარდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. შესაბამისად, ტერორისტები ყველა ქმედებაზე ვერ მოახდენენ რეაგირებას, ამის რესურსი არ აქვთ.

„არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ძირითადი დასაყრდენი მათ უკვე დაკარგეს ერაყში და სირიაში. მათი სიძლიერის ზენიტმა უკვე გადაიარა, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლებლობები ნამდვილად არ აქვთ, ამიტომ, საშიშები არ არიან. შესაძლებლობა და რესურსი პრაქტიკულად შეზღუდული აქვთ“, – აცხადებს ზურაბ აგლაძე.

რაც შეეხება ე.წ. ქართულ ფრთას, ზურაბ აგლაძის განცხადებით, საქართველოს ტერიტორიიდან გასული ადამიანების რაოდენობა ძალიან დიდი არის და ყველა ამ ადამიანის ვინაობა ცნობილია სპეცსამსახურებისთვის.

„ამიტომ, ეს ადამიანები ის ვერ მოახერხებენ შემოსვლას და გაჩერებას საქართველოში, რომ ყურადღების მიღმა დარჩნენ. არ დაგვავიწყდეს, რომ კონტაქტი უნდა ჰქონდეთ თავის ნათესავებთან, ქისტებთან პანკისის ხეობაში, აჭარაში მუსლიმ მოსახლეობასთან. თვითონ ეს ადამიანები, ეს ადგილობრივი მოსახლეობა არ დაუშვებს საქართველოში ტერორისტულ აქტს, ეს არის მათი ქვეყანა. ერთ და ორ ადამიანს, რომელიც ახლა სირიაში ზის, არ გადააყოლებენ ქვეყანას, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. საქართველოში საზოგადოება არის ჩამოყალიბებული, მათ აქვთ სახელმწიფოებრივი მიდგომა. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ყურადღების მიღმა დავტოვოთ ეს თემა. სპეცსამსახურებმა და უსაფრთხოების სამსახურებმა თავისი ფუნქცია უნდა შეასრულონ. მოდუნება არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება, განსაკუთრებით საზღვრებზე. პროცესებმა დაგვანახა, რომ საკმაოდ მოწყვლადია საქართველო ამ მხრივ. რისკი არის, შეიძლება დაბალი, მაგრამ არის“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას ზურაბ აგლაძემ.

„სპეცსამსახურების საქმიანობაზე საზოგადოებრი კონტროლის, საქართველოს ცენტრის“ თავმჯდომარის ბესიკ ალადაშვილის განცხადებით, ლაფანყურის სპეცოპერაცია და ახმედ ჩატაევის საქართველოში შემოყვანა, ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ ქართული სპეცსამსახურები გვეთამაშებიან.

„ცდილობენ ტერორისტების გამოყენებას, მათ ჩართვას ოპერატიულ თამაშებში და შემდეგ კვალი იკარგება. თვალს ვადევნებ ტერორიზმში ბრალდებულების სასამართლო პროცესს, ძალიან საინტერესოა ბერძენიშვილის და ხანგოშვილის ჩვენებები. ანუ, ახმედ ჩატაევის საქართველოში შემოსვლაც ცნობილი იყო ჩვენი სპეცსამსახურებისთვის და მისი მოძრაობაც. ვერავინ ვერ დამარწმუნებს, რომ ჩატაევის მოძრაობა არ კონტროლდებოდა. რაღაცა ძალიან სახიფათო თამაშები მიდის. ძნელია დარწმუნებით იმის თქმა, რომელი ქვეყნის სპეცსამსახური დგას ამ თამაშის უკან. ეს ვითარება ძალიან მაფიქრებს. არ მოხდეს ისე, რომ სამწუხარო შედეგი დადგეს, რასაც ისევ უდანაშაულო ადამიანები შეეწირებიან. სამწუხაროდ, ეს ღრმად გასაიდუმლოებული თემები, იგივე მაჩალიკაშვილთან დაკავშირებით და ბოლო ფაქტიც მაფიქრებინებს, რომ რაღაცა თამაშები მიდის. ხდება ინფორმაციის გადაფრვა, სხვა ინფორმაციით და მერამდენედ ხდება ასეთი ფაქტი“, – განაცხადა for.ge–სთან საუბრისას ბესიკ ალადაშვილმა.

 

ნანახი?- 6347

ფარაონი

2018-08-10 22:05:33

-ჯერ ერთი უტევს და მეორე თავს იცავს, შემდეგ როლები იცვლება და ვაი დამარცხებულს.

რეგისტრაცი?/p>

დახურვ?/span>
სახელი:

პაროლი:

გაიმეორე?პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80