ლარის დაცემას ფასების ზემოთ ავარდნა მოჰყვება
ეკონომიკა

ლარის დაცემას ფასების ზემოთ ავარდნა მოჰყვება

ლარის დაცემას ფასების ზემოთ ავარდნა მოჰყვება
ბექა დანელია

2018-08-20 10:30:37

ლარის მორიგ დევალვაციამ სამომხმარებლო ბაზარზე უკვე გამოიწვია ნეგატიური პროცესები. იმპორტიორები გაძვირებაზე ალაპარაკდნენ, ხოლო მენავთობეებმა საწვავის ფასის კორექტირებისთვის შესაფერისი დრო შეარჩიეს.

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციაში მიაჩნიათ, რომ ნავთობიმპორტირები ლარის კურსის ვარდნით სპეკულირებენ და საწვავს აძვირებენ. მათი აზრით, საწვავის, აღნიშნულ გაძვირებას არანაირი ეკონომიკური ახსნა არ გააჩნია, იმდენად რამდენადაც, ივლისის ბოლოდან, დღემდე ნედლი ნავთობის ფასი 4 დოლარით არის შემცირებული და ახლა ბოლო პერიოდის ყველაზე დაბალ ნიშნულზეა.

„მსოფლიო ბირჟებზე ფასების მკვეთრი ვარდნა უკვე, თითქმის ორი კვირაა გრძელდება, რამაც ასახვა უკვე ჰპოვა „პლატცის“ ფასზეც, თუმცა ამის მიუხედავად ადგილობრივ ბაზარზე ფასები გაიზარდა და ამის მიზეზად ეროვნული ვალუტის გაუფასურება დასახელდა.

სამართლიანობა მოითხოვს ვთქვათ, რომ ბოლო ერთი კვირის მანძილზე ეროვნული ვალუტა 15 პუნქტით გაუფასურდა, მაგრამ ასე მყისიერად ეროვნული ვალუტის ცვლილებით, საწვავის ფასი კორექტირება არ ემორჩილება არანაირ ეკონომიკურ პრინციპებს, რომ არაფერი ვთქვათ 2-კვირიან მონაკვეთზე რომელშიც ნავთობის ფასი მნიშვნელოვნად მცირდებოდა და ახლაც აგრძელებს დაღმასვლის პროცესს. ნავთობპროდუქტების იმპორტიორებისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და მათ არამც თუ შეამცირეს ფასი, არამედ გაზარდეს კიდეც და ეს კურსის ცვლილებით ახსნეს. მაშინ როდესაც გლობალური ტენდენციები, იძლეოდა, ერთი მხრივ, ფასების შემცირების, ხოლო კურსის ცვლილების პერიოდისთვის, ფასების შენარჩუნებისა და გაზრდის თავიდან აცილების შესაძლებლობას“, - აცხადებს ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის თავმჯდომარე პაატა ბაირახტარი.

ლარის დევალვაცია და საწვავის ფასის გაზრდა, რომ ფართო მოხმარების საგნების გაძვირებას გამოიწვევს, ამას არც იმპორტიორები მალავენ. საკვები პროდუქტების იმპორტიორი და დისტრიბუტორი კომპანია „დუს“ ხელმძღვანელი დავით გოგიჩაიშვილი ამბობს, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურება, რასაც ბოლო დღეებში შეუქცევადი ხასიათი აქვს, აუცილებლად აისახება პროდუქციის ფასზე. საქონლის ღირებულების ზრდა გარდაუვალია.

„პროდუქციამ, რომელიც ამ დღეების განმავლობაში შევიძინეთ, განბაჟების შემდეგ, უკვე აჩვენა მეტი თვითღირებულება. ეს ნიშნავს, რომ მისი გაზრდილი ფასით გაყიდვაც მოგვიწევს. ამ დღეებში თუ ფასი არ გაიზარდა, ჩათვალეთ, რომ ბიზნესი ზარალობს და არ სურს მოსახლეობის დაწნეხვა.

შეიძლება, რომ ასეთ დროს მოიცადო და რამდენიმე დღის მერე შეიძინო პროდუქცია, თუმცა ყველას უარყოფითი მოლოდინი აქვს. ბიზნესმენები ფიქრობენ, რომ შეიძლება ლარი მეტად გაუფასურდეს და ამიტომ ყველა ჩქარობს საქონელი შემოიტანოს. არ ვიცი რა იქნება მომავალში, მაგრამ ფაქტია ეს გაუფასურება ფასებზე აუცილებალდ აისახება. დამატებით არასასიამოვნო მოლოდინის შემქმნელია სამეზობლოში არსებული ვითარება“, - განუცხადა „რეზონანსს“ გოგიჩაიშვილმა.

ბიზნესსაც და მოსახლეობასაც ახლა ყველაზე მეტად ის აინტერესებს, სადამდე შეიძლება გაგრძელდეს ლარის რყევა და რა იქნება ახალი წონასწორობის ნიშნული. საქმე ისაა, რომ დღესდღეობით ამაზე პასუხი არ არსებობს. ეკონომისტი აკაკი ცომაია ამბობს, რომ სადამდე გაგრძელდება კურსის ვარდნა, ეს ის კითხვაა, რომელიც ახლა უპასუხოდ არის დარჩენილი.

„ამ კითხვაზე პასუხი არც მე მაქვს და არც სხვას. შემიძლია ვისაუბრო მხოლოდ მიზეზებზე, თუ რატომ უფასურდება ლარი. ეს დაკავშირებულია იმ მოვლენებთან, რაც თურქეთსა და რუსეთში მიმდინარეობს. აქაც არის მოლოდინი, რომ ლარის კურსი გაუფასურდება და მოლოდინი უბიძგებს ადამიანებს, რომ მოიშორონ ლარი. როდემდე გაგრძელდება ეს პროცესი დამოკიდებულია ამ ქვეყნებში როგორ განვითარდება მოვლენები და შესაბამისად, აქ როდის ჩათვლიან ადამიანები და დააფიქსირებენ თავიანთ ცნობიერებაში, რომ ეს არის ზედა ჭერი, რომლის იქითაც ლარი აღარ გაუფასურდება. ყველა ფიქრობს, რომ კურსის ვარდნა სადღაც უნდა გაჩერდეს და ასე უსასრულოდ ვერ გაგრძელდება. ჭერი რა არის, ეგ არავინ იცის“, - განაცხადა ცომაიამ.

ნანახია - 598

natali

2018-08-20 12:04:17

ყველაფერი თურქეთიდან და რუსეთიდან შემოდის და რუბლი და ლირა რომ უფრო გაფუჭდა ვიდრე ლარი, რატომ უნდა გაძვირდეს, ვერ გავიგე. პირიქით, წესით ძალიან უნდა გაიაფდეს და საშიშროება იმაშია, რომ ჩვენი პროდუქციაც გაიაფდება. ამიტომაც იგივე ფასები რომ შინარჩუნო, ლარის კურსიც შესაბამისად ცოტა მაინც უნდა გაზარდო. ასე მგონია მე და რა ვიცი, ექსპერტობაზე თავს არ ვდებ:)

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80