„ტყიბულის საწარმოს დინჯი კაპიტალი სჭირდება, რომელიც საბოლოო მოგებაზეა გათვლილი“
საზოგადოება

„ტყიბულის საწარმოს დინჯი კაპიტალი სჭირდება, რომელიც საბოლოო მოგებაზეა გათვლილი“

„ტყიბულის საწარმოს დინჯი კაპიტალი სჭირდება, რომელიც საბოლოო მოგებაზეა გათვლილი“
მანანა ნოზაძე

2018-08-23 18:30:52

როდესაც ტყიბულის საწარმოს მენეჯმენტი წამგებიან ბიზნესზე საუბრობს, მათ უნდა გაითვალისწინონ ერთი ფაქტი, რომ ტყიბულის საბადო მომგებიანი გახდება იმ შემთხვევაში, თუკი ნახშირს ექნება სათანადო გასაღების ბაზარი. თუმცა დღემდე პრობლემად რჩება, რომ ცალკეულ პირთა ინტერესის გამო ტყიბულს სათანადო გასაღების ბაზარი არ აქვს.

რა პერსპექტივა აქვს ტყიბულს, ამის შესახებ For.ge-ს სამთო ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი ომარ ლანჩავა ესაუბრა.

ტყიბულის საბადო მომგებიანი გახდება იმ შემთხვევაში, თუკი ნახშირს ექნება სათანადო გასაღების ბაზარი. დღეს რა უშლის ხელს ტყიბულს, რომ გასაღების ბაზარი ჰქონდეს?

- მე წარმოვადგენ გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტს და გრიგოლ წულუკიძე იმაზე ზრუნავდა, რომ ტყიბულის საბადოს გასაღების ბაზარი ჰქონოდა. დღეს გასაღების ბაზარი შედარებით ადვილი მოსაპოვებელია, ეს არის საბაზისო წარმოების ელექტროენერგია, მაშასადამე, ნახშირზე მომუშავე თანამედროვე 300 მეგავატის სიმძლავრის თბოელექტროსადგურის აგება. მოგეხსენებათ, რომ ენერგეტიკაში არსებობს საბაზისო დენი და არსებობს პიკური დატვირთვა. ჩვენ სარეგულირებელი ჰიდროელექტროსადგურები გვაქვს, რომელთაც წყალსაცავები აქვთ და მათ ვიყენებთ, როგორც საბაზისო დენს. თუ შეიძლება ასე ითქვას, ეს არის წყალში გადაყრილი ფული, ამიტომ ნახშირზე მომუშავე თბოელექტროსადგურის აგება უნდა მოხდეს. დევს კიდეც ამის პროექტი.

თბოელექტროსადგური თვითონ ტყიბულში უნდა აშენდეს?

- მე ვფიქრობ, ტყიბულში აშენება უპრიანია და ეს ჩემი აზრია გადაჭრილად, რადგან სხვაგან რომ ავაშენოთ, ნახშირის ტრანსპორტირება უფრო რთული და ძვირადღირებული იქნება. ამიტომ, სადაც მოიპოვებ ნახშირს, იქ უნდა იყოს თბოელექტროსადგურიც.

გარემოზე ზემოქმედების მხრივ ხომ არ იქნება თბოელექტროსადგური პრობლემური და ტყიბულელები მეორე ახალი დილემის წინაშე ხომ არ აღმოჩნდებიან?

- ზოგადად, თბოელექტროსადგურები უფრო პრობლემურია, რადგან ჰიდროელექტროსადგურები უფრო სუფთაა, მაგრამ თანამედროვე ტექნოლოგიები ამ პრობლემას აღმოფხვრიან. სხვათა შორის, ამერიკაში, სადაც ნახშირს ღია წესით მოიპოვებენ, იქვე აშენებულია თბოელექტროსადგურები. იმის გამო, რომ იქაური ნახშირი ეკოლოგიური სიბინძურით გამოირჩევა, გარემოს დამცვლებმა ატეხეს ერთი ამბავი. ამიტომაც ახლა მოიპოვებენ ნახშირს სხვაგან და ტრანსპორტირება უჯდებათ ძვირი, ე.ი. 80%-ია ტრანსპორტირების ხარჯი, ჩვენ კი ერთადერთი საბადო გვაქვს ტყიბულში და სხვაგან ძალიანაც რომ გვინდოდეს, არ გვაქვს საბადო. ამიტომ, ჩემი აზრით, თბოელექტროსადგური უნდა აშენდეს ტყიბულში. ესაა ერთი გზა, ხოლო მეორე გზაა კლინკერის გამოყენება ცემენტის წარმოებაში. მოგეხსენებათ, ნახშირზე გამომწვარი კლინკერი უფრო მაღალი ხარისხისაა და, ზოგადადაც, მაღალი ხარისხის ცემენტს გვაძლევს, ხოლო გაზზე გაკეთებული, რომელიც ირანიდან შემოდის, შედარებით იაფფასიანი და მდარეა. ჩვენი კლინკერი ირანიდან შემოტანილს იაფ, უხარისხო პროდუქციას კონკურენციას ვერ უწევს. კონკურენტუნარტიანი რომ გახდეს ტყიბულის ნახშირზე წარმოებული კლინკერი, ამისთვის საჭიროა საბაჟო მოსაკრებლის სათანადოდ გაზრდა.

ცალკეული ადამიანები საუბრობენ, რომ ტყიბულს საერთოდ უნდა შეეცვალოს პროფილი და ეს იქნება ერთადერთი საშუალება, რომ მეშახტეები არ დაიღუპონ. თქვენ რას ფიქრობთ?

- ამ აზრს არ ვიზიარებ. ამერიკაში 90 მილიონი ტონა ქვანახშირის მოპოვებაზე ერთი ადამიანი იღუპება, ტყიბულში კი 150 ათასი ტონის მოპოვებაზე (რაც მილიონი ტონა არც არის) 4 ადამიანი დაიღუპა. ანუ გამოდის, 90 მილიონი ტონა რომ ვაწარმოოთ, ტყიბულში 4 ათასზე მეტი კაცი დაიღუპება. რამხელა რეზერვია იმისთვის, რომ გამოვიყენოთ მოწინავე ტექნიკა, უნდა გვყავდეს ტყიბულში მცოდნე ადამიანები და უნდა დაიცვან უსაფრთხოების წესები განუხრელად, რაც არ ხდება.

ხომ არ მივადექით ბეჟუაშვილების პასუხისმგებლობის თემას?

- პასუხისმგებლობის გამოკვეთა და ვინმეს დადანაშაულება ჩემთვის ძალიან რთულია, მაგრამ იქ უსაფრთხოების წესები არ იყო დაცული. უსაფრთხოების წესები მოიცავდა სამ წელიწადში ერთხელ დეპრესიული აგეგმვის ჩატარებას. როდესაც ვენტილაციის მიზეზით ხდება უბედური შემთხვევა, ან როგორღაც ავიცილებთ უბედურ შემთხვევას, რომელიც უნდა მომხდარიყო ვენტილაციის მიზეზით, ამ შემთხვევაში, გეგმიური, არაგეგმიური დეპრესიული აგეგმვა უნდა ჩატარებულიყო. მთელ რიგ საკითხებს არ ექცევა ყურადღება. სათანადო განათლების მქონე კადრების დასაქმება ამ პრობლემას მოხსნიდა.

რაც შეეხება ბეჟუაშვილებს, ეს ხალხი ამ ყველაფერს ვერ აკეთებდა და არც აკეთებდა. ასეთ საწარმოს სჭირდება დინჯი კაპიტალი, რომელიც ამოღებადი არაა, ანუ იმ წუთში მოგებაზე არაა ორიენტირებული და საბოლოო მოგებაზეა გათვლილი. ჩემი აზრით, ეს საკუთარ თავზე უნდა აიღოს სახელმწიფომ, რადგან სახელმწიფო ბიუჯეტს უფრო ძვირი დაუჯდება ტყიბულის შენახვა, იქ რომ შახტი არ იყოს. ამიტომ იყოს მინიმალური, მაგრამ უტყუარი მოგება და სახელმწიფომ შეუხამოს კანონმდებლობა, რათა კონკურენტუნარიანი გახდეს ტყიბულის ნახშირი. დღეს რომ საზღვარგარეთელი ინვესტორი მოიყვანოთ, მერე ესენი ისე შეცვლიან კანონებს, რომ გახდიან წამგებიანს მათ ბიზნესს და აღარავინ შემოვა. ამიტომ ეს თავის თავზე უნდა აიღოს სახელმწიფომ. სახელმწიფო ბიუჯეტმა უნდა იკისროს ამის დაფინანსება, რადგან მისი შესანახია ეს საზოგადოება. სახელმწიფოს საზოგადოების სოციალური დაცვის ვალდებულება ეკისრება. აგრეთვე, სახელმწიფოს ვალდებულებაა, უსაფრთხოების წესების განუხრელად შესრულების უზრუნველყოფა თავისი ინსპექტორების მეშვეობით. სწორედ სახელმწიფომ უნდა მოახდინოს ამის კონტროლი და ინსპექტორმა უნდა იცოდეს, რასთან აქვს საქმე. რაც მოხდა ტყიბულში, ამ ყველაფერს უვიცობამდე მივყავართ.

 

ნანახი?- 6235

ფხიზელი

2018-08-24 02:42:42

სერიოზული პრობლემაა ნამდვილად და ბატონი პროფესორიც სწორ რჩევას იძლევა, ალბათ: ტყიბულშივე უნდა აშენდეს ქვანახშირზე მომუშავე თბოელექტროსადგური და იქნება მაქსიმალურად რენტაბელური...
გარემოს დაბინძურებას რაც შეეხება, არსებობს ფილტრების სისტემა, რაც უსაფრთხოს გახდიდა იმ საკვამლე მილებს. (ზესტაფონის ფეროს ქარხანა რომ ბოლავდა, აფხაზეთამდე აღწევდა მისი ბოლქვები, - თვითონ მინახავს თვითმფრინავიდან, სოხუმიდან რომ მოვფრინავდი ერთხელ... მაგრამ ჩამოიყვანეს იაპონელები და უშველეს).

ისე, ცოტა სასაცილოდ კი აყალიბებს აზრებს ეს ჩვენი პროფესორი:))
"ტყიბულში კი 150 ათასი ტონის მოპოვებაზე (რაც მილიონი ტონა არც არის)..."
--------------
- ვითომ?:))

"ასეთ საწარმოს სჭირდება დინჯი კაპიტალი..."
---------------
"დინჯი კაპიტალის" ანტონიმი რა იქნება? - ცანცარა კაპიტალი?:))

ლაზი1

2018-08-24 15:26:18

თავის დროზე თ. შაშიაშვილმა კინაღამ მოახერხა ტყიბულში თბოელსადგურის მშენებლობის აშენება. პროექტიც მზად იყო და მიწის სამუშაოებიც მგონი დაწყებული იყო.
ასე რომ, ეს იდეა ახალი არ არის. არც ტყიბულის ნახშირია მაღალი ხარისხის, მაგრამ ერთად ერთი რეალური გამოსავალია არსებული მდგომარეობიდან.
შექმენით "ტყიბულის ნახშირ-ელექტრო" - სახელმწიფო კორპორაცია. დანიშნეთ თ. შაშიაშვილი მის ხელმძღვანელად, დაუჭირეთ მხარი და ორ წელიწადში გაცოცხლდება იქაურობა. მარტო ტყიბულის კი არა ამბროლაურის და თერჯოლის მოსახლეობაც მიიღებს სარგებელს დასაქმებით. მცირე მოგებაც ექნება, მაგრამ არა ისეთი ველურ კერძო ბიზნესს რომ უნდა.
კერძო ბიზნესისათვის ტყიბულის ნახშირი ვერასოდეს იქნება მიმზიდველი, თუ ტექნიკური უსაფრთხოების უგულებელყოფის ხარჯზე არ მიიღო მოგება.

1234

2018-08-24 16:55:14

"სახელმწიფო ბიუჯეტმა უნდა იკისროს ამის დაფინანსება, რადგან მისი შესანახია ეს საზოგადოება."
ბიუჯეტი საიდან ივსება? ხალხისგან.
მაღარო უნდა დაიხუროს და ხალხი უნდა გადაკვალიფიცირდეს და სხვა სამუშაოზე დასაქმდეს. ხალხი რომელიც საქართველოში დახმარებას საჭიროებს მარტო ტყიბულში არ არის. მაღაროს წესით დაბალი ხარისხის ქვანახშირის ამოღება თითქმის ყველგან წამგებიანია. დოტაციაზე დასვა, ხალხი ხოცო, და თან ქვანახშირის თბო ელექტროსადგურიც აუშენო რომ დანარჩენი მოსახლეობაც მოწამლო?

ფხიზელი

2018-08-24 19:17:31

1234,
მე არ ვიცი, თქვენ რისი სპეციალისტი ხართ... მაგრამ სამთო ინსტიტუტის წარმომადგენელი, ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი , როგორც ხედავთ, საწინააღმდეგოს ამტკიცებს: თბოსადგური იქნება მომგებიანი, ვინაიდან ქვანახშირის ტრანსპორტირება აღარ დაგვჭირდებაო!

რაც შეეხება გარემოს "მოწამვლას", ეს არ არის გადაულახავი პრობლემა... მით უფრო, რომ საქართველოში ენერგიის ნებისმიერ წყაროსთან დაკავშირებით არსებობს მსგავსი პროტესტი:
- ჰესი არ გვინდა, ვინაიდან გარკვეულ ტერიტორიებს ტბორავს და კაშხლის მორღვევაც საშიშია!
- თბოსადგური არ გვინდა, ვინაიდან გარემოს წამლავს!
- ატომური სადგური არ გვინდა, ვინაიდან ყველა სხვა წყაროზე სახიფათო ეგაა: ავარია რომ მოხდეს, საქართველოს მოსპობს!
- ქარის ენერგია კარგია, მაგრამ მისი წარმადობა მცირეა და არასტაბილური!
- მზის ენერგია კარგია, მაგრამ ყველაზე ძვირია და თანაც, იმდენს ვერ გამოიმუშავებ, საწარმოო მიზნით გამოიყენო!

რა ვქნათ?

macro

2018-08-24 19:53:56

საქართველოს სჭირდება საბაზისო ელექტროსადგურები. ახლა რადგან არ გვყოფნის, იძულებული ვართ უაღრესად წამგებიანად გადავცვალოთ ჰიდროელექტრო სადგურებზე წარმოებული ენერგია. მართალია ეს დანაკარგები არ ჩანს ბიუჯეტში, მაგრამ ისახება ტარიფებზე და ჩვენი მოქალაქეების ჯიბეებზე.
ყველა ქვეყანა ცდილობს, რომ მაქსიმალურად დამოუკიდებელი იყოს შემოტანილ ენერგორესურსებზე. ამიტომ დოტაციურიც რომ იყოს, ასეთი სადგურის არსებობა გამართლებულია ეროვნული უშიშროების თვალსაზრისით.
დღეს საქართველო უაღრესად დამოკიდებულია აზერბაიჯანზე და არავინ იცის რითი დამთავრდება ეს დამოკიდებულება. რამდენიმე წლის წინ სოკარს აპატიეს დაახლოებით 600 მილიონი საგადასახადო დავალიანება. ეს ფული ნეტა ვისი იყო?
საერთოდ ნებისმიერ სახელმწიფოში უაღრესად ფრთხილად ეკიდებიან დიდი საწარმოს ან დარგის დახურვას. ეს არის უკიდურესი ზომა. საქართველოში ისე არხეინად ანადგურებენ მთელ დარგებს, ვითომც არაფერი.
სად არის ქართული ჩაი, აბრეშუმი, მეტალურგია, მანქანათმშენებლობა, ქაღალდის წარმოება, მსუბუქი მრეწველობა? რომელი ერთი ჩამოვთვალო. არადა, რა ბრძნული იყო მათი არგუმენტები, რომლებიც ამას ყველაფერს ანადგურებდნენ.
რაც შეეხება ადამიანთა სიცოცხლეს, საბჭოთა კავშირში ვინმეს გაუგია ტყიბულში ან ჭიათურაში მაღაროელების დაღუპვის შესახებ?
თუ გექნება ველური კაპიტალიზმი, როცა დასაშვებია ყველაფერი, მაშინ ადამიანები დაგეღუპებიან ყველგან. მოდით მაშინ დავხუროთ მშენებლობები. იქ უფრო მეტი ხალხი დაიღუპა ამ წლებში ვიდრე მაღაროებში.

ფარაონი

2018-08-25 03:16:41

რა ვქნათ?
მაშინ მხოლოდ ერთი გამოსავალი რჩება, მარჯვენა ხელის წინ და უკან ქანაობაზე დავამონტაჟოთ ქვესადგური, ვაქანაოთ მარჯვენა და განათდება ლამპიონები, მაგაში მაინც ვართ ჩემპიონები.

ფარაონი

2018-08-25 03:31:17

თანამედროვე ტექნოლოგიები არის უსაფრთხოების გარანტი, მაგრამ ძვირი გარანტი, რომლის დახარჯვაც ბიზნესმენს არ უნდა, ტყიბულელი ხალხი ბიზნესმენებს თვლით კი არ ჩაუბარებიათ.
მოკვდა ერთი, მოკვდა ათი, მოკვდა ოცდაექვსი, მუშის გარდა ხმას კი არავინ იღებდა, მუშა ხელის დეფიციტი არ იყო, რადგან სხვა გამოსავალს ვერ ხედავდნენ ადგილობრივები.
საქართველოში ბიზნესი არ მაქვსო, ისე ომახიანად ამბობს ოცნების მესია ბატო ნი ბიძგვინა მუხა დე ხრიგინა, თითქოს გვაყვედრის კიდეც.
აგერ შახტა და მიხედე, გინდ შეხტი, გინდ იბზრიალე, გინდ ბიზნესი დაარქვი, რატომ არ კიდებს ხელს მილიარდერი? ნამეტნავი ცოტა მოგება მოაქვს და მიტომ, ის კი პატარა ფულს ნაჩვევი არ არის, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც პირველი მილიონი იშოვნა,
ნახშირი და კაჩიგარია უნდა? კაცს აგერ მთაწმინდა აქვს გასასწორებელი, თბილისის პანორამა, ანუ გასაოცარი დემოკრატიისა არ იყოს განსაცვიფრებელი პლატო აქვს ასაშენებელი, ოცდაცხრა სატუმროთი, ნეტა ვის და საიდან ელოდება ამდენ ხალხს და შავი ზღვის ნაპირზე სოლარიუმები აქვს დასადგმელი, მოგება კოლოსალურია, ფული ჩეჩქივით მოდის, სატუმროს ბიზნესი საუკეთესო საშვალებაა ფულის გასარეცხად და რა თავში იხლის ნახშირს? რა ჯანდაბად უნდა? ქე არის გლეხის კვალობაზე აშორდიას აზნოურივით. აბა!
ძირს ნახშირი! ძირს შიმშილი! გაუმარჯოს ოცნებას!
ოცნებაში შიმშილზე არავინ ოცნებობს.

ფარაონი

2018-08-28 17:30:00

რავა, ამ საიტზე ყველა დაიხოცეთ თუ?

serapina

2018-08-28 19:24:34


საიტის ადმინისტ/რაციავ, დასასვენებლად წადით?
გეთქვათ წასვლამდე...
კარგ დასვენებას გისურვებდით(ახლაც)!


(არადა,რა გულმოდგინებით მაბრალებენ აქ თანამშრომლობას!)


რეგისტრაცი?/p>

დახურვ?/span>
სახელი:

პაროლი:

გაიმეორე?პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80