პოლონური მხარე კაჩინსკი-სააკაშვილზე თავდასხმაში ქართველებს ადანაშაულებს
რეტრომედია

პოლონური მხარე კაჩინსკი-სააკაშვილზე თავდასხმაში ქართველებს ადანაშაულებს

პოლონური მხარე კაჩინსკი-სააკაშვილზე თავდასხმაში ქართველებს ადანაშაულებს
„რეზონანსი“, 18 ნოემბერი, 2009 წელი

2018-09-08 13:30:36

2008 წლის 23 ნოემბერს, თითქმის ერთი წლის წინ, კაჩინსკისა და სააკაშვილზე თავდასხმა თავად ქართველებმა მოაწყვეს - ამის შესახებ სტატია პოლონურ გაზეთ „ძიენიკში" გამოქვეყნდა.

ამის შედეგად კი პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი პეტრ კოვნაცკი „ქართული ინციდენტის" შესახებ ინფორმაციის გახმაურების გამო პროკურატურაში დაიბარეს.

გაზეთში გამოქვეყნებულია პოლონეთის შიდა უსაფრთხოების სამსახურის ანგარიში, სადაც ქართულ პროვოკაციაზეა საუბარი. პოლონეთის პროკურატურა ეჭვობს, რომ ამ ინფორმაციის პრესაში გაჟონვის წყარო სწორედ ბ-ნი პეტრ კოვნაცკია.

საქმე ეხება 2008 წლის 23 ნოემბერს ახალგორის რაიონში საქართველოსა და პოლონეთის პრეზიდენტების ჩასვლას, რასაც სროლები მოჰყვა. გაზეთი „ძიენიკის" ინფორმაციით, პოლონეთის შიდა უსაფრთხოების სააგენტოს რაპორტში სროლები ქართულ მხარეს ბრალდება. ეს ანგარიში გაზეთში რამოდენიმე დღის წინ დაიბეჭდა, გუშინ კი ლეხ კაჩინსკის ადმინისტრაციის ექს-შეფი პროკურატურაში ეჭვმიტანილის სტატუსით დაიბარეს. პოლონური წყაროს ცნობით, პროკურატურა მიიჩნევს, რომ სწორედ კოვნაცკიმ გაავრცელა ეს ინფორმაცია.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით დარჩიაშვილის თქმით, „ბუნებრივია, არც პოლონეთის პრეზიდენტის ადინისტრაციის წევრებთან მაქვს საქმე და მით უმეტეს, არ პოლონეთის პროკურატურასთან, მაგრამ ერთს გეტყვით, ეს ინფორმაცია „რეგნუმმა" გაავრცელა და სანამ რუსულ საიტებზე დაბეჭდილს 100%-იან სიმართლედ მივიღებთ, ჯერ კითხვა იმაზე დავსვათ - რა საიტია და ამ საიტის მფლობლებს რა ინტერესები აქვთ“.

„პოლონეთის სპეცსამსახურების დასკვნის მიხედვით, იმას, რომ სროლა ქართველების მიერ იყო მოწყობილი, ადასტურებდა ის ფაქტი, რომ სროლის პირველი სერიის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტის დაცვას რეაგირება არ მოუხდენია. უფრო მეტიც, ინციდენტისას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მშვიდად იყო და იღიმებოდა“.

პოლონეთის შიდა უსაფრთხოების სააგენტო ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზეც, რომ უშუალოდ ინციდენტამდე წინ ავტობუსით ჟურნალისტები გაუშვეს, იმისათვის, რომ მათ თავდასხმის გადაღება შეძლებოდათ. მანამდე კი, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის უფროსმა პეტრ პაშკოვსკიმ აღნიშნა, რომ უწყება არ ფლობს ზუსტ მონაცემებს და მტკიცებულებას იმის შესახებ, რომ ექსკორტის გამოჩენისას რუსი სამხედროების მხრიდან იარაღის გამოყენება მოხდა. ხოლო კაჩინსკის ვიზიტი სამხრეთ ოსეთის საზღვართან უკანასკნელ წუთებში თავად საქართველოს პრეზიდენტმა, სააკაშვილმა დაგეგმა და ვიზიტის პროგრამაში მხოლოდ მინაწერის სახით ჩაისვა," - წერს „რეგნუმი" პოლონურ გაზეთზე დაყრდნობით.

რას ნიშნავს ქვეყნის პრეზიდენტის იმიჯისთვის ის ფაქტი, რომ პროვოკაციის მოწყობაში საქართველოს თავად ამ ინციდენტის უშუალო მონაწილე, უცხო ქვეყნის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი და შიდა უსაფრთხოების სააგენტო ადანაშაულებს? ან როგორ შეიძლება ეს ფაქტი რუსეთმა ჩვენს წინააღმდეგ გამოიყენოს, როგორც პროვოკაციების რუსეთისათვის გადაბრალების მტკიცებულება?

პაატა ზაქარეიშვილის თქმით, „პოლონეთში კაჩინსკის მიმართ ძალიან სერიოზული ოპოზიციაა. ამით ხაზს უსვამენ კაჩინსკის არაკომპეტენტურობას და არაადეკვატურობას. საქართველოსთვის კი ეს არაფერს ცვლის. ეს შიდა სახელმწიფოებრივი მოხმარებისთვის კაჩინსკის წინააღმდეგ მიმართული ეპიზოდია. საქართველოში ყველამ ყველაფერი იცის და ეს ფაქტი მაშინვე გახდა ცნობილი. სააკაშვილის იმიჯი დაივიწყეთ - ძალიან დიდი ხანია შელახულია და ამის ბოლო წერტილი იყო ტალიავინის დასკვნა.

„რუსეთისთვის კოზირი? - ეს თემა რუსებისთვის დიდი ხანია ამოწურულია, რადგან ყველა იმ დღესევე მიხვდა რაშიც იყო საქმე.

ვისთან მეგობრობს კაჩინსკი - აი, ეს მომენტია. ვინ არის შენი მეგობარი და გეტყვი ვინა ხარ შენ - ამ პუბლიკაციაში დაახლოებით ეს ქვეტექსტია ჩადებული და კაჩინსკის წინააღმდეგ აგორებული საკმაოდ სერიოზული კამპანიის ნაწილია ესეც“.

„პოლონეთის პრეზიდენტი ევროპელებისთვისაც გამაღიზიანებელია და ევროკავშირს სურს, კაჩინსკის ნაცვლად უფრო პროევროპული ძალა მოვიდეს - ის ითვლება აბეზარ ადამიანად, რომელიც უფრო მეტად პრობლემებს უქმნის ევროკავშირს, ვიდრე პრობლემებს უწყვეტს. ამ ფონზე პოლონეთში არსებობს შიდა სახელმწიფოებრივი დისკუსი - ვინ უნდა იყოს ხელისუფლებაში და ბუნებივია, ოპოზიცია კაჩინსკის წინააღმდეგ ასეთ საქმეებს იყენებს, რომ საზოგადოებას აჩვენოს, რამდენად ავანტიურისტია კაჩინსკი, რადგან ავანტიურისტ სააკაშვილს ჩამოეკიდა და ასეთ ავანტიურულ საქმეებში მონაწილეობდა სადღაც ცხრა მთას იქით არსებულ ეგზოტიკურ ქვეყანა - საქართველოში, სადაც კაჩინსკის არაფერი ესაქმებოდა".

მისივე თქმით, ეს ინციდენტი რომ დადგმული იყო, აშკარად ჩანდა.

პაატა ზაქარეიშვილი: „ეს რომ დადგმული იყო, ვისთვის იყო საკვირველი - რა, მანამდე სხვა არაფერი დაუდგამს?! იგივე განმუხურში რაც მოხდა, ან ხურჩაში, ან თუნდაც სამი სტუდენტის გატაცება... სააკაშვილი მუდმივად დგამს წარმოდგენებს და ამ ავანტიურაში პარტნიორად კაჩინსკიც ჩართო.

იმ ფონზე, როცა შარშან 9 აგვისტოს გორში გარბოდა, ისე, რომ არავინ იცოდა რას გაურბოდა, რადგან იქვე ბავშვები დარბოდნენ, იმ დროს მის კორტეჟს თავს რუსები ესხმიან და ის მშვიდად იყო? თუნდაც ამით აშკარად ჩანდა, რომ ეს დადგმული იყო. სხვათა შორის, როგორც კი კაჩინსკი პოლონეთში დაბრუნდა, ადგილობრივმა პრესამ მწვავედ გააკრიტიკეს, როგორც სააკაშვილი, ასევე საკუთარი ქვეყნის პრეზიდენტი, რომ მას ასეთ მოღვაწესთან ჰქონდა კონტაქტები. ამ ფაქტს მაშინ კაჩინსკის დაცვის უფროსის სამსახური შეეწირა. გაათავისუფლეს იმიტომ, რომ დაუშვა ასეთ ავანტიურაში ჩართული ყოფილიყო მისი პრეზიდენტი. დაცვის სამსახური ვალდებულია წინასწარ იცოდეს, სად მიდიან, როგორ მიდიან და უსაფრთხოების რა ზომებია მიღებული იმ ადგილზე, სადაც მიდიან. იქნებ მართლა სერიოზული სროლები მომხდარიყო და მომკვდარიყო ან დაჭრილიყო კაჩინსკი?! სხვათა შორის, ამ ამბის შემდეგ კაჩინსკი არ ჩამოსულა საქართველოში, მაშინ, როდესაც ამ ინციდენტამდე თითქმის ყოველ კვირა თბილისში იყო“.

დასავლეთში - სააკაშვილის მიმართ იმ მომენტისთვის დამოკიდებულება უკვე სერიოზულად გაციებული იყო და ეს ფაქტი ჩაითვალა, როგორც სააკაშვილის მორიგი გამოხტომა, მორიგი ფოკუსი. სააკაშვილის ამ ქცევაში ახალი ვერაფერი ვერ ნახეს და ჩათვალეს - ვაი თქვენ, უბედურო ქართველებო, ხელმძღვანელად ასეთი ადამიანი რომ გყავთ - დაახლოებით ასეთი დამოკიდებულება გამოიხატა.

კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილის მტკიცებით, ის, რომ პროვოკაცია ქართულმა მხარემ დაგეგმა, ეს ინციდენტის დღესვე იყო ცნობილი, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო საზოგადოებისთვის და შეფასდა, როგორც სააკაშვილის „მორიგი გამოხტომა". ერთი წლის შემდეგ პოლონურ პრესაში გამოჩენილი ეს ფაქტი კი მხოლოდ კაჩინსკის დისკრედიტაციას ემსახურება, რადგან პოლონეთში მის საწინააღმდეგო მოძრაობა დაიწყო და ამ ინციდენტის გახსენებით პოლონურ პრესას სურს თქვას - „აი, ვისთან მეგობრობს კაჩინსკი - რომელიღაც ეგზოტიკური ქვეყნის ავანტიურისტ პრეზიდენტთან“.

 

 

 

 

 

ნანახი?- 159

რეგისტრაცი?/p>

დახურვ?/span>
სახელი:

პაროლი:

გაიმეორე?პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80