2 მილიონი მამაცაშვილს - როგორ უნდა მოგვარებულიყო „იბერიის“ პრობლემა
დაიჯესტი

2 მილიონი მამაცაშვილს - როგორ უნდა მოგვარებულიყო „იბერიის“ პრობლემა

2 მილიონი მამაცაშვილს - როგორ უნდა მოგვარებულიყო „იბერიის“ პრობლემა
"რეზონანსი"

2018-09-12 01:04:35

მეოთხე დღეა, ტელეკომპანია „იბერია“ საგანგებო რეჟიმში მაუწყებლობს და ამ დღეების განმავლობაში უკვე 2 სკანდალური აუდიოჩანაწერი გავრცელდა, სადაც „ოცნების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი „ომეგა ჯგუფისა“ და ტელეკომპანია „იბერიის“ დამფუძნებელ ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილს ესაუბრება, რომ ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი ბიზნესმენს გადასახადებთან დაკავშირებულ პრობლემას უგვარებს და ამისათვის 2 მილიონ დოლარს ითხოვს.

„რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებულ ამ აუდიოჩანაწერს დიდი ხმაური მოჰყვა. გუშინ იურისტებმა, არასამთავრობოების ნაწილმა და თითქმის ყველა ოპოზიციურმა ძალამ მოითხოვა, რომ პროკურატურამ აუდიონაჩაწერში გახმოვანებულ სავარაუდო კორუფციულ გარიგებაზე გამოძიება დაიწყოს. „ქართული ოცნება“ კი მთელი დღის განმავლობაში ამტკიცებდა, რომ ჩანაწერი ფაბრიკაციაა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ზაზა ოქუაშვილს მოუწოდებს, განმარტოს, შედგა თუ არა ეს საუბარი და რა ტიპის „პროექტის“ მოგვარებაზეა ლაპარაკი; დაასახელოს ყველა იმ პირის ვინაობა, ვინც ჩართული იყო პროცესში ან ითხოვდა ტელეკომპანია „იბერიის“ დათმობას; ასევე განმარტებების გაკეთებისაკენ მოუწოდებს ლევან ყიფიანსაც.

არც ერთი მათგანი გუშინ სატელეფონო ზარებს არ პასუხობდა. მხოლოდ აუდიოჩანაწერში მოხსენიებული უჩა მამაცაშვილი გამოეხმაურა ამ აურზაურს და მთავარი პროკურატურისგან, მისი „სახელის საეჭვო და უკანონო გარიგებებში გამოყენებასთან დაკავშირებით“ გამოძიების დაწყება მოითხოვა.

მამაცაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ლეგენდები მისი ე.წ. „განსაკუთრებული გავლენების“ შესახებ არახალია და მას პერიოდულად თხზავენ ადამიანები, რომელთაც ამ ლეგენდის მეშვეობით უკანონო სარგებლის მიღება სურთ.

„ჩემთვის უცნობია, კონკრეტულ შემთხვევაში, საქმე გვაქვს „ომეგა ჯგუფის“ ხელმძღვანელების მხრიდან გამიზნულ პროვოკაციასთან, ყოფილი მაღალჩინოსნის არაჯანსაღ ინტერესებთან თუ სიყალბესთან, თუმცა, ყველა შემთხვევაში, ვიღაც აშკარად ცდილობდა ჩემი სახელის საეჭვო და უკანონო გარიგებებში გამოყენებას და ამ კამპანიას აშკარად პოლიტიკური ელფერი აქვს“, - ნათქვამია მამაცაშვილის განცხადებაში.

დაიწყო თუ არა ფაქტზე მოკლვევა ავთენტურობისა და დანაშაულის დასადგენად მთავარმა პრკურატურამ, „რეზონანსმა“ ამ შეკითხვაზე გუშინ პასუხი ვერ მიიღო. პრესსამსახურში გვითხრეს, რომ გაარკვევდნენ, შემდეგ კი სატელეფონო ზარებსა და ესემესებს საერთოდ არ უპასუხეს.

ეს ფარული ჩანაწერი მეორეა. პირველ ჩანაწერშიც, რომელიც 9 სექტემბერს გაავრცელა, ისევ ლევან ყიფიანსა და ზაზა ოქუაშვილს შორის სატელეფონო საუბარია და ყიფიანი ამბობს, რომ „იბერია“ „რუსთავი 2“-ზე უარესია. ჩანაწერში ასევე ისმის ფრაზა „პრობლემებში ტელევიზიის გაცვლაზე“. არც ამ აუდიოჩანაწერის ავთენტიკურობა არ არის დადასტურებული.

ფარული ჩანაწერების საქმეზე, ასევე ტელეკომპანია „იბერიასა“ და „ომეგა ჯგუფში“ განვითარებულ მოვლენებზე გუშინ ტელეკონპანიის წარმომადგენლები და ასევე არხის დამფუძნებელი, „პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატი ნატო ჩხეიძე პრეზიდენტსაც შეხვდნენ და ტელეკომპანიის ირგვლივ განვითარებული პროცესები გააცნეს. მათი თქმით, ხელისუფლება ჟურნალისტურ საქმიანობაში უხეშად ერევა და პროკურატურა ქმედით ნაბიჯებს არ დგამს. „იბერიის“ თანამშრომლებს მომდევნო შეხვედრა დიპლომატიურ კორპუსთან აქვთ დაგეგმილი.

ცნობისათვის, 7 სექტემბერს ტელეკომპანიამ საგანგებო განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, კომპანია „ომეგა ჯგუფი“, რომლის შემადგენლობაშიც „იბერია“ შედის, პარალიზებულია. „იბერიას“ დაფინანსების მთავარი წყარო გადაუკეტეს და ამიტომ არხი მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის.

ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის უფროს ვახო ხუზმიაშვილის თქმით, ეს ქმედება ხელისუფლების მხრიდან მედიის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობაა.

ტელეკომპანიის საპასუხოდ ფინანსთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ომეგა ჯგუფში“ შემავალ სიგარეტის მწარმოებელ კომპანიას, შპს ოჯთ-ის საგადასახადო დავალიანების სახით ერიცხება 51,7 მლნ ლარი, რომლის ძირითად ნაწილს შეადგენს თამბაქოს ნაწარმზე აქციზი და კომპანია ამ დავალიანებას არ იხდის.

ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ბიზნესჯგუფი შანტაჟშიც დაადანაშაულა. მისი თქმით, მიუღებელი და სამარცხვინოა მედიას ამოფარებული ზოგიერთი ბიზნესი, როდესაც მედიას იყენებს შანტაჟის იარაღად და ცდილობს, რომ გადასახადი აირიდოს.

დაახლოებით იმავეს იმეორებენ უმრავლესობაშიც. როგორც პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი და თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებენ, „იბერიის“ ხელმძღვანელები თავს არიდებენ ფინანსურ ვალდებულებებს და მედიას ბოროტად იყენებენ. უფრო მეტიც, ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ჩუგოშვილმა განაცხადა, რომ ისინი 5 წლის წინანდელია, მაშინდელი, როდესაც „იბერია“ საერთოდ არ ფუნქციონირებდა.

არხის დამფუძნებელი ნატო ჩხეიძე ამბობს, რომ ჩუგოშვილის განცხადება ტყუილია და აუდიოჩანაწერი არც 5 წლის წინანდელია და არც 3-ის. გარდა ამისა, მისი თქმით, „ომეგა ჯგუფი“ ფინანსთა სამინისტროსგან ვალის რესტრუქტურიზაციას ითხოვს, რაც კანონით ნებადართულია და სამინისტრო ამაზე პასუხს არ სცემს.

„ომეგა ჯგუფში“ მიიჩნევენ, რომ ხელისუფლება მათ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ არ ეხმარება, რომ „იბერია“ მის მიმართ კრიტიკულია. ტელეკომპანიის დამფუძნებლები ამბობენ, რომ ეს პრობლემები იმ შემთხვევაში მოგვარდებოდა, თუ ტელევიზიას დათმობდნენ.

იურისტ ლია მუხაშავრიას თქმით, ახალ მთავარ პროკურორს პირველი სერიოზული გამოცდა აქვს, რამდენად სწრაფად და ობიექტურად გამოიძიებს ამ საქმეს, რადგან საქმე გვაქვს არა მხოლოდ ბიზნესსა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობასთან, არამედ - მედიასთან. როდესაც ხელისუფლებას აქვს მცდელობა და სურვილი, გააკონტროლოს და ხელში ჩაიგდოს ტელევიზია, ის საბაბს ყოველთვის მოძებნის და „ასეთი სცენარი ჩანს ახლა ჰორიზონტზე“, ამიტომ ამის საშუალება არ უნდა მივცეთ.

„როდესაც შალვა თადუმაძე ინიშნებოდა მთავარ პროკურორად, მაშინ იმაზე იყო აქცენტი, რომ ეს ადამიანი იმდენადაა დაახლოებული მმართველ პოლიტიკურ ძალასთან, რომ არ შეიძლება გახდეს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი პროკურორი და ახლა მას პირველი სერიოზული გამოცდა აქვს, რომელსაც ჯერჯერობით ვერ აბარებს იმიტომ, რომ უკვე 48 საათი გავიდა მას შემდეგ, რაც ეს აუდიოჩანაწერები გავრცელდა და პროკურატურის რეაგირება არ ჩანს.

როგორც ეტყობა, ის ელოდება მითითებას. ჯერ აუდიოჩანაწერის ავთენტიკურობა უნდა დადასტურდეს და შემდეგ შეიძლება დანარჩენზე საუბარი. დავიცავ უდანაშაულობის პრეზუმფციას და არ ვიტყვი, რომ რაც ჩანაწერში მოვისმინე, ეს სრულიად ცხადია ჩემთვის. თუმცა ის ეპოქა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ და ის წინარე გამოცდილება, რომელიც ხელისუფლებებისა და ტელევიზიების მიმართ გვაქვს, აშკარაა, რომ აქაც იყო მცდელობა, ხელისუფლებას ხელში ჩაეგდო „ომეგა ჯგუფის“ კუთვნილი ტელევიზია და საბაბად ფინანსური დავალიანება მოიყვანეს“, - აცხადებს მუხაშავრია.

ნანახია - 633

ფხიზელი

2018-09-12 02:42:57

" აშკარაა, რომ აქაც იყო მცდელობა, ხელისუფლებას ხელში ჩაეგდო „ომეგა ჯგუფის“ კუთვნილი ტელევიზია და საბაბად ფინანსური დავალიანება მოიყვანეს“, - აცხადებს მუხაშავრია.
---------------
რა გამოდის: ეს რომ წესიერი ხელისუფლება იყოს და არა კორუმპირებული, რაღაც 52 მილიონიან დავალიანებაზე ხმაც არ უნდა ამოეღო!..

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80