„იმედიდან" ხელისუფლების ბრძანების საფუძველზე წამოვედი"
რეტრომედია

„იმედიდან" ხელისუფლების ბრძანების საფუძველზე წამოვედი"

„იმედიდან" ხელისუფლების ბრძანების საფუძველზე წამოვედი"
„კვირის პალიტრა“, 13 სექტემბერი, 2010 წელი

2018-09-19 14:11:25

„წესრიგმა მოგინადირა, დაგსაჯა და აქ, კოსმოსის ყველაზე მოსაწყენ პლანეტაზე ჩამოგაგდო... სამყარო ნაცრისფრდება, ისევე როგორც ეს ქალაქი. სამყარო კვდება ზედმეტი წესრიგისგან, უფერულდება! ხუნდება! ჭკნება!..." - ამონარიდი შალვა რამიშვილის ჩანაწერებიდან.

ის გამუდმებით არღვევს წესრიგს, „შემოქმედებითად ხულიგნობს" და აფორიაქებს გარემოს. მისი ოცდახუთწლიანი საქმიანობა „სხვების" დაცინვა-ქილიკსა და ეპატაჟურ სვლებს მოიცავს. მერე „იმათ" ამის გამო აზღვევინეს. ეზღო განგებისგანაც.

ის, რაც არ კლავს, აძლიერებს. ჰოდა, პატიმარ რამიშვილს გაუჩნდა რწმენა, - უნდა გაეძლო, რომ გაძლიერებულიყო.

არადა, არასდროს უფიქრია ციხეზე, ფანტასტიკადაც კი მიაჩნდა, მაგრამ სინამდვილედ უქციეს. მაშინ მიხვდა, რომ მის ცხოვრებაში ყველაზე რთული და საინტერესო თავგადასავალი იწყებოდა.

ახლა შალვამ იცის, რომ არსებობს ადგილი, რომელსაც ჰქვია - ციხე!

მანამდე კი... შალვა რამიშვილი გაცილებით დაუფიქრებელი, ამპარტავანი და გაბღენძილი იყო - მრავალგვარი გაგებით.

იმ ფანტასტიკურ სინამდვილეში კი... ვეღარ გაიბღინძებოდა, არაადეკვატური იქნებოდა. ყეყეჩობის მიღმა არსებობდა ოთხკედლიანი სამყარო, სადაც მისი ცხოვრების ოთხი წელი გამოამწყვდიეს. არ ჰქონდა მნიშვნელობა, ვინ არის შალვა - მდიდარი, ღარიბი, ჭკვიანი თუ ცნობილი, ციხეში ის იყო რიგითი პატიმარი - უსახური, უსახელო, ნომრიანი...

იქ ყოველი დღე ერთი დაუსრულებელი დღის გაგრძელებას ჰგავდა.

ყოველი მზის ამოსვლა. მორიგი წვიმა. პირველი თოვლი. ახალი წევრი საკანში. ახალი წიგნი... იქ შალვასთვის ყველაფერი იმაზე ემოციური, მნიშვნელოვანი და ძვირფასი აღმოჩნდა, ვიდრე თავისუფლების ჟამს. ამ მცირე სიამოვნებებით იღამებდა და...

ფიქრობდა ბევრს, ბევრს, ბევრს...

კითხულობდა ბევრს, ბევრს, ბევრს...

წერდა - ძალიან ბევრს...

ადრეც წერდა, პატიმრობამდე.

ახლაც წერს, პატიმრობის შემდეგ.

ისევე განსხვავდება მისი ნაწერები, მსოფლმხედველობა და შეგრძნებები ერთმანეთისგან, როგორც თავად ციხემდელი, ციხის დროინდელი და ციხის შემდგომი შალვა რამიშვილი.

ყველაზე ხშირად მაშინ წერს, როცა რაღაც აღელვებს. აწუხებს საკუთარი განსაკუთრებულობის კომპლექსი, ამიტომ გამუდმებით უმტკიცებს თავის თავს რაღაცას, შალვა შალვასვე უტყდება და გულს უხსნის ყოველ ჩანაწერში.

ციხის დატოვების შემდეგ შალვა რამიშვილი კვლავ აქტუალური პერსონა აღმოჩნდა. ტელეკომპანია "იმედში" სკანდალური შოუს წამყვანობა შესთავაზეს, დათანხმდა. იმდენად გაიზარდა ინტერესი მის მიმართ, შესაბამისად, რამიშვილის პოპულარობამ და რეიტინგმაც ისეთ მაჩვენებელს მიაღწია, რომ...

- ხელისუფლებამ ჩათვალა, ჩვენ ჩვენივე რესურსით ვქმნით და ვიქმნით პრობლემასო. ბუნებრივია, არ მენდობოდნენ, მე ხომ არ დავიწყებ მლიქვნელობას, ფარისევლობას. რასაც ვამბობ, ალალად ნათქვამია. მათგან განსხვავებით არ ვირგებ ერის გადამრჩენლის მანტიას. ახლა პირველად ვამბობ რეალურ მიზეზს, - "იმედიდან" ხელისუფლების ბრძანების საფუძველზე წამოვედი.

არადა, შალვა რამიშვილი არის ადამიანი დიდი რესურსით, მას შემოქმედებითი თავისუფლება სჭირდება. იპოვა კიდეც - ამჯერად რადიო "პალიტრაში"!

- მთავარი უპირატესობა აქ ის არის, რომ არავინ ზღუდავს ჩემს შემოქმედებით თავისუფლებას. მენდობიან და მაძლევენ გასაქანს, რომ რეიტინგული გადაცემა გავაკეთო.

რატომ "ცენტრი"?

- რატომაც არა!

სწორედაც შალვა რამიშვილი იყო და არის ცენტრში. შალვას "ცენტრში" კი ხვდება ყველა ის, ვინც მოვლენების ეპიცენტრშია.

საკუთარი რადიო ჰქონდა, წაართვეს! ახლა კი... სულაც არ უჭირს სხვა რადიოში, სხვის რადიოში მუშაობა, ის პროფესიონალია.

გარდა ამისა, საკუთარი სტუდია აქვს, რეკლამებს ამზადებს - კრეატიულსა და განსხვავებულს, ერთი სიტყვით - მისებურს.

ახლა რა უნდა? მეტი შესაძლებლობა, რესურსები, რომ გაცილებით უკეთესი პროექტები განახორციელოს. ძალიან უნდა ფილმი გადაიღოს, სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი.

უყვარს მუსიკა, კარგად ხდის კარგი მუსიკა. ყველაფერს უსმენს, ჯაზის გარდა.

კიდევ... ლამაზი ქალები უყვარს. ან რომელ კაცს არ უყვარს?! არადა, შალვას მექალთანეობა გაშარჟებულ-გახმაურებული ამბავია. მიუხედავად ამისა, ყველაზე სასურველი, საინტერესო და საყვარელი ქალი ერთადერთია - მისი ცოლი, საუკეთესო ქალი მდიდარი სამყაროთი. თეას სიტყვაუხვად ახასიათებს, საკუთარ თავს - მოკლედ და სხარტად: "მე ძალიან ცუდი ქმარი და მამა ვარ!" მათ არ აქცევს იმდენ ყურადღებას, რამდენსაც იმსახურებენ.

ბევრი მეგობარი არა ჰყავს, თუმცა ყველა, ვინც მასთანაა, ნიჭიერი, გემოვნებიანი და საინტერესო ადამიანია.

არაოფიციალური (მაგრამ საინტერესო) ჩანართი:

მე და შალვა ღია კაფეში ვსხედვართ და პიცას ველით. ვამჩნევ და ვეკითხები:

როცა გშიააგრესიული ხარ?

- ჰო, ყველა ასეა.

კიდევ რა იწვევს შენში აგრესიას?

- უნიჭო თავხედობა! სააკაშვილის საკადრო პოლიტიკის ზოგიერთი ასპექტი მაცოფებს. სადავეები ხელში უნიჭოებსა და არაპროფესიონალებს უჭირავთ.

შენ რომელ პოსტს უხელმძღვანელებდი პროფესიონალურად?

 ნწ, მე მიშასთან ვერასდროს ვიმუშავებ. იცი, რატომ? მას შეუძლია, დედა შეაგინოს ხელქვეითს. არ არის საკმარისი მიზეზი, რომ არ მინდოდეს?!

მასზე დაბოღმილი ხარ?

- დაბოღმილი არა, მაგრამ გაბრაზებული ვარ. არ მომწონს! არადა, დღეს პოლიტიკურ სპექტრში მას კონკურენტი აღარ ჰყავს. ვინც იყო, ყველა მოიშორა. მაგალითად, ირაკლი ოქრუაშვილი. საინტერესოა ზურაბ ჟვანიას იდუმალებით მოცული სიკვდილიც...

..?

- არსებობს საქართველოში ადამიანი, ვისაც სჯერა, რომ ჟვანია უბედურმა შემთხვევამ იმსხვერპლა?! ეს ეჭვი სავსებით საფუძვლიანია, საქმე არ დახურულა და ისე იძიებენ, რომ სხვა ეჭვი არც მიჩნდება.

თავს ყველაზე კარგად გრძნობს, როდესაც მიკროფონი ირთვება, ღია ეთერში გადის, გადაღება იწყება, სცენაზე დგას.

 

 

 

 

ნანახი?- 125

რეგისტრაცი?/p>

დახურვ?/span>
სახელი:

პაროლი:

გაიმეორე?პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80