ღალატია დუმილი ამ სიბინძურეზე! - ქართველი ემიგრანტის პასუხი ნიკა გვარამიას
საზოგადოება

ღალატია დუმილი ამ სიბინძურეზე! - ქართველი ემიგრანტის პასუხი ნიკა გვარამიას

ღალატია დუმილი ამ სიბინძურეზე! - ქართველი ემიგრანტის პასუხი ნიკა გვარამიას
მანუჩარ პირველი

2018-10-06 13:12:40

ერთი ანეგდოტი მახსენდება, პანაშვიდზე მისული კაცი რომ გაიჭედება კართან, „არ მჯერა, არ მჯერას“ ძახილით. უკან რიგიდან გასძახებენ, - „ვისაც გვჯერა, გაგვატარეთ“.

ხომ უბრალო ანეგდოტია, მაგრამ აქედან სიმართლის თუ სიბრძნის ამოღება დღესაც არ შეუძლია ბევრს.

დემოკრატია სხვისი, თუნდაც განსხვავებული, აზრის პატივისცემაცაა.

მაგრამ არა სიტყვის თავისუფლების ქურქში გახვეული მუქარა ამომრჩევლებისადმი, აი ისეთი, დამოუკიდებელი ტელეკომპანიის (იმ ტელეკომპანიის, რომლის დასაცავად ყოველთვის ვიმაღლებდი ხმას და ქუჩაში გამოვდიოდი) ხელმძღვანელი რომ აკეთებს:

ციტატა: „ყველა ეს ადამიანი უნდა დავიმახსოვროთ და გვახსოვდეს, რომ მოღალატის გვერდში დამდგომი ხალხია, და მათგან ყველაფერს უნდა ელოდოს ჩვენი სამშობლო. უნდა დავიმახსოვროთ, და გავაძევოთ საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროდან, იქნება ეს ბიზნესი, კულტურა თუ პოლიტიკა. ქვეყნის მოღალატე და მისი მოკავშირეები საჩვენებლად უნდა დაისაჯონ!“ - ციტატის დასასრული.

ჯერ ისაა საკითხავი, საიდან უნდა გამაძევოს ამ განცხადების პატრონმა.

და რა მორალით?

ასეთ განცხადებას რომ აკეთებ, იმის მეასედი მაინც უნდა გქონდეს გაკეთებული ცხოვრებაში, რაც თუნდაც მე, - რა თქმა უნდა უფასოდ! სამშობლოს სიყვარულით!

თორე ათეულ ათასიანი ხელფასით, დავარცხნილ ტელევიზიას კი არა, სხვადასხვა ცხოველთა კონგლომერატ-ჯოგს ვუხელმძღვანელებ.

შენ ის მითხარი, საკუთარი შრომით აღებულ თანხიდან რამდენს მოიკლებ შენ და მოახმარ სამშობლოს, - რამდენი წელი დაბეჭდავ შენი ჯიბით ქართულ ჟურნალს ამერიკაში და საქორწილო მოგზაურობის ნახევარ დროს როგორ მოახმარ ემიგრანტთა საფლავებზე ძუნძულს და მათ მოძიება-აღნუსხვას...

აი, იმ ციტატის საპასუხოდ, საზოგადოებიდან გაძევებაზე რომ იმუქრებიან, დღეს კახი კავსაძის განცხადება გავრცელდა, - “ვისაც საქართველო უყვარს ტკივილამდე, ეს მათი ოჯახიაო“, – აცხადებს კავხი კავსაძე, - სალომეს (Salome Zourabichvili) ვუჭერ მხარსო.

ხოდა, „დაიმახსოვრეთ, გააძევეთ საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროდან, სამაგალითოდ დასაჯეთ“ კახი კავსაძე, ხალხის მისდამი სიყვარულის ერთ დღეში განაცარტუტება არ გაგიჭირდებათ.

მე არ ვამბობ, რომ სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერი ვარ!

ჟურნალისტისაგან და რედაქტორისაგან ეს არც უნდა გესმოდეთ.

მე იმ სიბინძურეზე ვსაუბრობ და ხმას ვიმაღლებ, რითაც წაილეკა ქართული მედია დღეს.

შემეძლო სხვასავით წყალი ჩამეგუბებია პირში, გავჩუმებულიყავი, თუმცა სიტყვა ღალატის განსხვავებული განმარტება მაქვს მე, მუხრანისეული:

„საშველს რომ აღარ მაძლევს ხოლმე

მამულზე ფიქრი,

ხანდახან

გულში

ღიმილით ვიტყვი: –

რა ჩემი ჭკუის საქმეა, ნეტა,

მამულო ჩემო, გილხინს თუ გიჭირს!

რომელი მეფე ერეკლე მე ვარ!

ანდა, რომელი მსაჯული მისი!

პასუხად მყისვე,

ვითარცა სეტყვა,

ვინც კი და რაც კი არსებობს ირგვლივ,

იხულვებს ხოლმე,

იხულვებს ერთხმად –

ღ ა ლ ა ტ ი ა ო

მ ა გ გ ვ ა რ ი

ფ ი ქ რ ი !“

მოღალატე - საერთოდ, ამ იარლიყს ისტორიის ჟამთა ქარიშხალი აწებებს ადამიანს, - ცხელ გულზე მჯიღის ცემით არ დგინდება.

ასე იყო, ისტორიამ დაადგინა კახაბერ ყორღანაშვილის ღალატი - რისთვის შემოუძღვა ყიზილბაშებს; იასე ფალავანდიშვილის გათქმა შეთქმულებისა; ბერბიჭაშვილის მხეცობა და კიდევ მრავალი.

სალომეს მოღალატეობა თურმე ტალიავინის და სხვა მრავალი საერთაშორისო ავტორიტეტულ ტრიბუნათა დასკვნის გამეორებაა - რომ საომარი მოქმედებები საქართველომ დაიწყო!

ამას თავის წიგნში კონდოლიზა რაისიც და მაკკეინიც წერს.

თუმცა, ვისაუბროთ ყბადაღებულ ტალიავინის კომისიის დასკვნაზე.

ამ კომისიაში მუშაობდნენ მსოფლიოს ქვეყნების ორი საგარეო და ერთი თავდაცვის ყოფილი მინისტრები, აგრეთვე ისეთი პროფესიონალები, როგორებიცაა გადამდგარი გენერალი ჟილ გალეტი საფრანგეთიდან, გენერალ-ლეიტენანტი კრისტოფ კეკისი შვეიცარიიდან და სხვა სამხედრო უმაღლესობა გაერთიანებული სამეფოდან და გერმანიიდან.

მათმა პროფესიონალურად გამოიკვლიეს ფაქტები და ტერმინთა დეფინიცია.

და შავით თეთრზე დაწერეს: ქვეყნის შიგნით შემოსულ რუსულ ჯარებს დარტყმით პირველად ცხინვალში საქართველომ დაარტყა.

აი, ამის გამეორება-წაკითხვაში მოღალატის იარლიყი მიაწებეს ქალს, რომელიც რუსეთის გამო დაიბადა სამშობლოდან შორს და მისი დიპლომატიის შედეგით რუსულმა ჯარებმა დატოვეს ქვეყანა, რაზეც, მისი მზარდი რეიტინგის გამო, მოხსნით უპასუხეს.

“ახლა არ მოგწონთ ზურაბიშვილი?” ეს იმ ცნობილი ფრაზის ინტონაციით საკითხავია.

ჯერ იყო და პრეზიდენტმა სააკაშვილმა პირადად სთხოვა სალომეს ხელი საფრანგეთის პრეზიდენტს, რომ საფრანგეთის ელჩი საქართველოში ჩვენი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი გამხდარიყო.

ასეთი დიპლომატი არ გვყავსო, მიშას სიტყვებიც მახსოვს. არქივებში ამის მოძებნას არაფერი უნდა. რომ ეგონათ, გადადგომილი თუ მოხსნილი სალომეს ავტორიტეტი დავარდებოდა, პირიქით მოხდა, გაეროში ყველაზე მნიშვნელოვან ირანის პანელში სამუშაოდ მიიწვიეს და დედამიწაზე ურთულეს რეგიონში მშვიდობიანი ხელშეკრულების მიღება შეძლეს.

დაბრუნდა თბილისში და ევროპული საარჩევნო კამპანია შემოგვთავაზა - ხეებზე მითხაპნული აფიშების გარეშეც შეძლო არჩევნების მოგება.

ახლაა და, “ოცნების” ნავში კი არ ჩახტა, იქით დაახრევინა თავი მისი სიძლიერისადმი და განათლებისადმი მმართველ პარტიას:

აი, ციტატა: „მას აქვს გამორჩეული დიპლომატიური გამოცდილება; საქართველოში, საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე მოღვაწეობის პერიოდში, მის სახელს უკავშირდება საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანა; ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს ზურგს უმაგრებს დიდი პოლიტიკური გამოცდილება, ასევე დიპლომატიური გამოცდილება და მას შეუძლია გახდეს საქართველოს ისტორიაში პირველი ზეპარტიული პრეზიდენტი.” ციტატის დასასრული.

შემდეგ ქილიკი დაიწყეს მის ქართულზე. საფრანგეთში, უცხო გარემოში ნასწავლ ქართულზე.

ბანით ნათქვამ ქილიკზე: მოყოლით იცის ქართველობაო.

ერთმა, ქალის მისამართით ისიც თქვა: “ულვაშებმოპარსული ორჯონიკიძეაო”.

სასაცილოა!

ბალანჩინმა, საერთოდ არ იცოდა ქართული, დღესაც მჯიღებს ვირტყამთ გულზე, ქართველიაო; სტალინი, ქართულად მხოლოდ იგინებოდა და იმ სამი სიტყვის ქართულობა გვახარებს; გრიგოლ რობაქიძის შემოქმედების 70 პროცენტი არ არის შექმნილი ქართულ ენაზე...

ხუთი წლის წინ გამოცემული სალომეს წიგნიდან ციტატებით ვუპასუხებ ამ ბრალდებებს:

“მახსოვს წირვის შემდგომი საკვირაო თავყრილობები, სიმღერებითა და ცეკვებით გამხიარულებული საღამოოები… ყველაფერი ის, რაც ოდნავ მაინც გვიახლოვებდა ჩვენს შორეულ მიწა-წყალს”. გვიახლოვებდაო, მაშინ საოცნებო სამშობლოს.

2004-ში, საქართველოში ჩამოსვლამდე ლევილის სასაფლაოზე მისულა:

„სასაფლაოს შემოვლამ ძველი სურათები გამიცოცხლა. ჩემ წინ ჩაიარა პატარა ქართული ემიგრაციის ყველა იმ ახლობელმა ადამიანმა, რომელმაც ესოდენ შორეული და ბუნდოვანი ქვეყანა ხატად მიქცია.

მამაჩემის საფლავთან გავჩერდი. ხმამაღლა ჩავძახე, რათა გავახსენო, თუ რა სულისკვეთებით გამზარდა. მივმართავ მას და მასთან ერთად ყველას, ვინც იქ განისვენებს:

“ხომ გინდოდათ, რომ ქართველად გავზრდილიყავი? ასეც მოხდა. ახლა თქვენი ჯერია, მიმფარველეთ, ჩემზე იზრუნეთ და დამეხმარეთ ისე, როგორც ზეციური სამყაროდან ეხმარებიან ხოლმე დაბლა მყოფს, ხსნის მაძიებელს”.

მახსოვს, ერთ ამოსუნთქვაში წავიკითხე სალომეს წიგნი “საქართველოსკენ”.

სექტემბერში, საქართველოში, წიგნის მაღაზიებში ამაოდ ვეძებდი, რომ გამომცემლობა ამ საარჩევნოდ ისევ მრავალი ტირაჟით დაბეჭდავდა ამ წიგნს, - რათა მისი განვლილი გზიდან უფრო წარმატებით “გვექილიკა” მის ქართველობაზე.

მე ის ვიცი, სალომეს არჩევით ჩემი ქვეყანა იმ ცოდვას ჩამოირეცხს, რაც მისი წინაპრების თაობის სამშობლოდან განდევნაში გამოიხატა. ახლა მივცემთ საშუალებას მათ მონაგარს იმ წერტილიდან გააგრძელონ, სადაც შეჩერდა მათი წინაპარი, მაშინ - ჭეშმარიტად ქართული და რუსეთთან დამარცხებული მთავრობა.

ვინც მას დაიცავს, მოღალატეაო ქვეყნისო, ყველან წერენ. ამიტომაც, ამ წერილის ბოლოში ჩემი სახელ-გვარის წინ თავადვე მოვაწერ,

მოღალატე, მანუჩარ კაჭახიძე.

ღმერთმა უმრავლოს ჩემს ტკივილამდე საყვარელ სამშობლოს ჩემნაირი მოღალატეები და მე თუნდაც მიწამ ჩამიკრას ხვალვე,

- ოღონდაც, ქართულმა მიწამ!

P.S. წერილს სურათსაც თან ვურთავ, გილიოტინაც რომ დავიმსახურო!

ნანახი?- 2854

serapina

2018-10-06 13:50:28

...და ამ ყველაფრის ფონზე, მორალურად და პოლიტიკურად სრულიად განადგურებული სააკაშვილი,ვიდეოებს ავრცელებს, ყველა წარმატებულმა(!) ქართველმა,ვიდეოები ჩაწერთო...
თან,ვიდეოში ირიბად "კარნახობს" რა უნდა ჩაწერონ... რომ სალომე, რუსეთის დაკვეთას ასრულებს(ალბათ, ახლა გაუნათდა მიხეილ დიდს გონება) და მისი პ/რეზიდენტობის შემთხვევაში ჩემს/ჩვენს შვილებს სამშობლო აღარ ექნებათო!

ახლა უფრო "უკეთესს" მოგახსენებთ...
ამ საერთაშორისო მასხარამ, იმასაც მიაღწია რომ ევროპის თავშესაფრებში მცხოვრები ქართველები(რომლებიც,სწორედ სააკაშვილის უგნური პოლიტიკის შედეგად ქუჩა-ქუჩა დაღოღიალობენ), ახლა მიშას "დაბრუნებაზე" ოცნებობენ...რაღაც ნაწილი...
(თავშესაფრის მაძიებლებს თავიანთი გასჭირვებიათ,არც თავისი ენა იცის ზოგიერთმა წესიერად და არც, იმ ქვეყნის ენა,სადაც უკვე 7-8 წელი ცხოვრობენ... ესენი რომ სალომე ზურაბიშვილის ქართულს დასცინიან, ეს, ჩვენი განათლების სისტების უპირობო "დამსახურებაა".. აი,სად დაიხარჯა თურმე მილიარდები...).

უბრალოდ,მარტო სააკაშვილის ავადმყოფ გამოსვლებს ვინც დააკვირება, უნდა მიხვვდეს, ვის არ შეიძლება მისცეს ხმა ხალხმა!

ახლა,გვარამიამ რომ "გვაკვირდება" ესეც გავითვალისწინოთ... შეგვაშინა რა,ამ ქოჩორა გენიოსმა!




arichopra 2

2018-10-06 14:03:28

ყველაფერი კარგი იყო მაგრამ მე ჩემი სამრეკლოდან მინდა გითხრა. ციტატა - "ბალანჩინმა, საერთოდ არ იცოდა ქართული, დღესაც მჯიღებს ვირტყამთ გულზე, ქართველიაო; სტალინი, ქართულად მხოლოდ იგინებოდა და იმ სამი სიტყვის ქართულობა გვახარებს; გრიგოლ რობაქიძის შემოქმედების 70 პროცენტი არ არის შექმნილი ქართულ ენაზე..." . დანარჩენები არ მაინტერესებს აქ სტალინზე რასაც ლაპარაკობ მაგრად გეშლება, ძალიან მაფრად! აბა ერთი მითხარი 1941 წელს თებერვალში რა დაწესებულება დაარსდა საქართველოში? თქვენ არ გეცოდინებათ. მე გეტყვით - მეცნიერებათა აკადემია! დამფუძნებელი წევრი აკადემიკოსები იყვნენ: გიორგი ახვლედიანი (ენათმეცნიერება), ივანე ბერიტაშვილი (ფიზიოლოგია), არნოლდ ჩიქობავა (იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერება), გიორგი ჩუბინაშვილი (ხელოვნებათმცოდნეობა), სიმონ ჯანაშია (ისტორია), ალექსანდრე ჯანელიძე (გეოლოგია), კორნელი კეკელიძე (ფილოლოგია), ნიკო კეცხოველი (ბოტანიკა), ტარასი კვარაცხელია (სუბტროპიკული კულტურები), ნიკო მუსხელიშვილი (მათემატიკა, აკადემიის პირველი პრეზიდენტი 1941-1972 წლებში), ილია ვეკუა (მათემატიკა, 1972-1977 წწ. აკადემიის პრეზიდენტი), აკაკი შანიძე (ენათმეცნიერება), ალექსანდრე თვალჭრელიძე (მინერალოგია), დიმიტრი უზნაძე (ფსიქოლოგია), კირიაკ ზავრიევი (სამშენებლო მექანიკა) და ფილიპე ზაიცევი (ზოოლოგია).
აკადემიის სხვა მნიშვნელოვანი წევრები იყვნენ: ექვთიმე თაყაიშვილი (ისტორია), შალვა ნუცუბიძე (ფილოსოფია), გიორგი წერეთელი (აღმოსავლეთმცოდნეობა), სიმონ ყაუხჩიშვილი (კლასიკური ფილოლოგია), კონსტანტინე გამსახურდია (ლიტერატურა), ბორის კუფტინი (არქეოლოგია), სერგი ჯიქია (თურქოლოგია), ელეფთერ ანდრონიკაშვილი (ფიზიკა), სერგი დურმიშიძე (ბიოქიმია), გიორგი მელიქიშვილი (ისტორია), ნიკოლოზ ბერძენიშვილი (ისტორია), ვიქტორ კუპრაძე (მათემატიკა), რევაზ დოღონაძე (კვანტური ელექტროქიმია), ოთარ ლორთქიფანიძე (არქეოლოგია). აბა მითხარი რა დაავალა ქართული ენის მოუკადრისე სტალინმა შალვა ნუცუბიძეს? შემთხვევით ვეფხის ტყაოსნის თარგმნა ხომ არ დაუვალებია?! ვისი დავალებით გადაიხადა მთელმა საბჭოთა კავშირმა შოთა რუსატაველის იუბილე 1937 წელს? - საქართველოს კ. პ. ცენტრალური კომიტეტი ადგენს:1. 1937 წლის ოქტომბერს მთელს საქართველოში მოეწყოს საყოველთაო სახალხო ზეიმი შოთა რუსთაველის 750 წლისთავის აღსანიშნავად....

natali

2018-10-06 15:10:28

სალომე მარტო იმიტომაც უნდა გახდეს პრეზიდენტი, რომ ქალია.

ქართული არ იცისო, ნეტავ ზოგიერთ ქალს (გვარს არ დავასახელებ)მართლა არ სცოდნოდა ქართული. დაამკვიდრეს ტელევიზიებიდან უცენზურო ფრაზების ყვირილი და თვი მოაქვთ, რომ მაგრები არიან. ეს საშინელი მაგალითია მოზარდებისთვის. იყო ძლიერი ქალი, სულაც არ ნიშნავს, რომ იყო უზრდელი. თან სხედან და ღიარებენ ინტერვიუებში, კი, ვიგინებიო....და უხერხულობასაც კი არ გრძნობენ, პირიქით, ქალის სახე რომ აქვთ დაკარგული, ამით ამაყობენ.

სალომე იქნება მაგალითი იმის, თუ როგორ შეიძლება იყო პრეზიდენტი, იყო ყველაზე ძლიერ თანამდებობაზე და დარჩე ქალად. ეს გვჭირდება ჩვენ, ჩვენს მომავალს და იმათ მომავალსაც, ვინც ასე უხამსად მოიხსენიებს ქალბატონს, რომელიც პასუხსაც არ სცემს. საქართველოში აუცილებლად უნდა გაიმარჯვოს ღირსებამ! სხვაგვარად მართლა დამთავრებულები ვართ.

კ ა ხ ე ლ ი

2018-10-06 15:57:23

შესანიშნავი წერილია და დიდი მადლობა ავტორს! ღმერთმა გაუმარჯოს იმ ჩვენს ემიგრაციას, რომელსაც მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნიდან გასვლა მოუწია, გულის ფიცარზე აწერია საქართველო და თავს არ ზოგავს მის სამსახურში - თუნდაც მხოლოდ იმდენს აკეთებდეს და მეტს ვერაფერს, რომ აქ დარჩენილ ოჯახს არჩენდეს. არ მეგულება არც ერთი ასეთი ემიგრანტი, რომელიც ამ წერილის ავტორს არ უჭერდეს მხარს.და საერთოდ, პატიოსანი ადამიანიც არ მეგულება, ამ წერილის პათოსს რომ არ იზიარებდეს!

serapina

2018-10-06 18:22:08

რად გვინდა სალომე ზურაბიშვილის პ/რეზიდენტობა, თუ თამარა(ბოკერიასი) გადაგვერია?!

აუფ,რა იყო ეს ჰა?!
მაკა ცინცაძესთან გადაცემაში(არ ვიცი რა ჰქვია გადაცემას..) ამოხტა ქალი ყველაფრიდან,საიდანაც ამოხტომა მოახერხა...

ამ კვირაში,ხმალამოღებული დოდონა კიზირიაც (გ)ამოხტა!
ემანდ, ახალგაზრდებს(და აქ მოფუთფუთე მიშარასტებს) ამ პ/რაფესორის წერილი იქნებ შეახსენოთ, ივანიშვილს რომ მიუძ/ღვნა...
შედევრია,შედევრი!
იმის მერე,თუ რამე გამაოცებდა აღარც მეგონა!

ისეთი საზოგადოება შერჩა სააკაშვილს რომა...
ახლა მხოლოდ იმის იმედზე არიან, ციხის კადრების სამაგიერო გადაუხადონ "ქართულ ოცნებას"...

პატივცემულო ოცნებავ,თქვენს იმედზეა სააკაშვილი და აბა,თქვენ იცით!

Maverick

2018-10-06 18:57:26

ყოჩაღ მანუჩარ!

შვილო, შენი მამიკო და დედიკო ზეციდან დაგყურებენ, გლოცავენ და მომავლისკენ, ცხოვრების მაღალი მწვერვალების დ.ა.ს.ა.პ.ყ.რ.ო.ბ.ა.დ. გზას გიკვალავენ. მიხარია, რომ ყოფა-ცხოვრების რთულ ბილიკებს წარმატებით მიუყვები და ქართული გულმოდგინებით შენ კვალს ტოვებ.

წარმატებებს გისურვებ...

1234

2018-10-06 19:47:52

რა თქმა უნდა ზურაბიშვილს მოღალატე არ უნდა დაუძახო. ეს ქართულ საზოგადოებაში ჩარჩენილი ბოლშევიზმის გამოვლინება როგორც ნაცებში ის მათ დღევანდელ ოპონენტებში რომელთაგან ბევრი ყოფილი ნაცია და არანაკლები დანაშაული აქვს ქვეყნის წინაშე ვიდრე თუნდაც ამ გაყოყოჩებულ, წამბაძველ გვარამაის. მათალითად, გოგა ხაინდრავა.
მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ქალბატონი ზურაბიშვილი არ უნდა აკრიტიკო როცა შეცდომას უშვებს. რატომ, ამაზე დავწერე ადრე. თუნდაც იმიტომ რომ ევროპა და დასავლეთI მაშინ არ აღიარებდა რუსეთIს ჰიბრიდულ ომებს რეგიონში. დღეს აღიარებს. დღეს რომ ქართველმა, განსაკუთრებით პრეზიდენტობის კანდიდატმა, რომ თქვას ომი საქართველომ დაიწყო შეცდომაა და ეს უნდა მიუთითოთ რომ უკეთესი კანდიდატი გახდეს, ან უკეთესი პრეზიდენტი იყოს.
ბრმად არც ევროგაერთიანების კომისიის და არც ამერიკის დასკვნები არ უნდა აიტაცო. ისინი დღეს შეიძლება მეგობრულად განწყობილი ქვეყნებია, მაგრამ მათი ეროვნული ინტერესები ერთიერთზე არასდროს ემთხვეოდა, ემთხვევა, და დაემთხვევა საქართველოს ინტერესებს.
ასევე ბრმად არ უნდა გაჰყვეს კაცი თუ ქალი თავმჯდომარის ნათქვამს. ის მაინც უნდა გახსოვდეთ რომ ეს ნეობოლშვიკებიც (ნაციონალები) ივანიშვილმა მოგიყვანათ ხელისუფლებაში, რაც თავად განაცხადა. უშეცდომო არავინ არ არის.

ასევე ვერ დავეთანხმები ბატონ კაჭახიძის ნათქვამს და ლოგიკას რომ "ჩემი ქვეყანა იმ ცოდვას ჩამოირეცხს, რაც მისი წინაპრების თაობის სამშობლოდან განდევნაში გამოიხატა. ახლა მივცემთ საშუალებას მათ მონაგარს იმ წერტილიდან გააგრძელონ, სადაც შეჩერდა მათი წინაპარი, მაშინ - ჭეშმარიტად ქართული და რუსეთთან დამარცხებული მთავრობა."
რას გულისხმობს, საქართველომ გააძევა ისინი ქვეყნიდან??? თU პირიქით, იმ მენშევიკების მთავრობას ჰქონდა ბოდიშI მოსახდელი იმ ქართველებისთვის ვინც არ გაიქცა და იარაღით ხელში ებრძოდა ბოლომდე შემოჭრილ მტერს? ან შემდგომი მრავალჯერადი რეპრესიების მსხვერპლების მიმართ? ქართული ოჯახების უმრავლესობაში რომ კაცი აღარ დარჩა ოჯახში და ჩემი მშობლების თაობის დიდი ნაწილი უმამოდ გაიზარდა? რეგიონში საუკეთესო გენერალიტეტი, ოფიცრობა და შეირაღება ჰქონდათ, დღევანდელისგან განსხვავებით. სომხებივით რუსი გენერლების დაქირავება არ სჭირდებოდათ. სწორი მართვის შემთხვევაში შეეძლოთ ალბათ თუნდაც ფინეთის დონეზე ქვეყნის დამოუკიდებლობის შენარჩუნება.
დღეს საქართველოს ნახევარზე მეტი გასულია ქვეყნიდან მიგრანტად თუ ემიგრანტად, ან ნამყოფია მოკლე ხნით ემიგრაციაში. მათაც ქვეყანას უნდა დააბრალონ თავიანთი ხვედრი და ბოდიშის მოხდა მოითხოვონ?

ფხიზელი

2018-10-06 20:34:04

arichopra 2, მართალი ხარ!
როგორი მოქართულე იყო სტალინი და გინების გარდა, კიდევ რა შეეძლო ამ ენაზე და ამ ენისთვის, ამისი კარგი მაგალითია სწორედ "ვეფხისტყაოსნის" თარგმანთან დაკავშირებული ამბები.

"შალვა ნუცუბიძეს "ვეფხისტყაოსნის" რუსულ ენაზე თარგმნა 1937 წელს დაუწყია. მოულოდნელად იგი დააპატიმრეს და მოსკოვში, "ლუბიანკის" ციხეში ჩასვეს.
ერთ-ერთი დაკითხვისას ნუცუბიძეს გამოუცხადეს, რომ მისცემდნენ დაწყებული საქმის დასრულების საშუალებას. მეორე დღიდან საკანში "ვეფხისტყაოსანი" და სადილი შეუტანეს. "მთელი კვირის განმავლობაში ვწერდი, რაც შემდეგ საკნიდან მიჰქონდათ. როგორც შემდგომ შევიტყვე, ამ მასალას იოსებ სტალინი კითხულობდა", - წერდა მოგვიანებით ნუცუბიძე. რამდენიმე ხნის შემდეგ გაათავისუფლეს, ოღონდ ერთი პირობით, პოემის თარგმნა წელიწად-ნახევარში უნდა დაესრულებინა.
მეცნიერი დათქმული დროისთვის, 1939 წლის პირველ მაისს, "ვეფხისტყაოსნის" თარგმანი დასრულებულა. თუმცა მეცნიერს ხელნაწერები აღარ ჰქონდა, მათზე ბელადი მუშაობდა.სასიგნალო ნომერზე დღემდე დაცულია მისი გაკეთებული შენიშვნები და გადახაზული ილუსტრაციები, რომლებიც სტალინს არ მოსწონდა. ცნობილია, რომ ბელადი უპირატესობას მიხაი ზიჩის ილუსტრაციებს ანიჭებდა.
ომი კარს იყო მომდგარი, სტალინი კი ნუცუბიძის თარგმანს ეცნობოდა. შემდეგ ბერიას უთხრა: "აქამდე ძალიან მომწონდა "ვეფხისტყაოსნის" პეტრენკოსეული თარგმანი, მაგრამ ნუცუბიძის ვერსია რომ წავიკითხე, დავრწმუნდი, ის საუკეთესოა. მეც ვცადე ერთი სტროფის თარგმნა და იქნებ ნუცუბიძემ თავის თარგმანში შეიტანოს".სასიგნალო ეგზემპლარი სტალინს მიუტანეს. 1416-ე - სტალინისეული სტროფიც ჩართული იყო მასში.
...ყველასათვის მოულოდნელად ბელადმა წიგნი დაიწუნა და მასში რამდენიმე შესწორება შეიტანა. პირველ გვერდზე, სადაც ეწერა შალვა ნუცუბიძის თარგმანი, სტალინმა ჩაამატა სიტყვა: "ქართულიდან":
- ეს თქვენ იცით, რომ ქართულიდან თარგმნა შალვა ნუცუბიძემ!.. ციმბირში, ან სხვაგან არავინ იცის ამის შესახებო.
რამდენიმე თვეში გამოვიდა ახალი, სტალინის მიერ ჩასწორებული ვარიანტი, რომელიც 1941 წლით დათარიღდა...

ამაპოლა

2018-10-06 20:49:51

ზურაბიშვილის ქართულზე რა გითხრათ, მაგრამ ამის დამწერი რომ ცოტა მწყრალად არის მშობლიურ ენასთან, აშკარაა.

ფხიზელი

2018-10-07 01:37:56

გურჯაანში ჩატარებული გამოკითხვა ვნახე...

ვინც პენსიების მომატებას და უკეთეს ცხოვრებას დაგვპირდება, იმას მივცემთ ხმასაო! - მერე და ვინ არის ასეთიო? - ჟურნალსტი ეკითხება. - ეგეთი ბაქრაძეა, შვილო, ის გვპირდება ყველაზე მეტს და იმას მივცემთ ხმასაო! :)

ა, იძახეთ ახლა, ცრუ დაპირებებს არავინ ჭამსო! :)
რა იცის ხალხმა, რომ პრეზიდენტს არავინ ეკითხება პენსიებისა და ხელფასების გაზრდა-გადიდებას!
ემიგრანტ ნაცმადიდებლებსაც ეგრე ჰგონიათ, ალბათ: ბაქრაძეს მივცეთ ხმა, რომ მერე ჩვენს პრეზიდენტებს მოელაპარაკება, ყველას ლეგალებს გაგვხდიან და სუყველას ჩვენ-ჩვენი სპეციალობის მიხედვით დაგვასაქმებენო!..

საწჸალი უბირი ხალხი, რუსთავი2-ს მიერ მოტჸუებული და გაბითურებული!

serapina

2018-10-07 13:49:24

https://m.youtube.com/watch?v=KuwVDEtJqqE

ცუგო

2018-10-08 11:08:38

მადლობა, კარგი წერილია.

რეგისტრაცი?/p>

დახურვ?/span>
სახელი:

პაროლი:

გაიმეორე?პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80