ფაშიზმის თანამონაწილეები“ - „ოცნების“ დიდი შეტევა არასამთავრობო სექტორზე
დაიჯესტი

ფაშიზმის თანამონაწილეები“ - „ოცნების“ დიდი შეტევა არასამთავრობო სექტორზე

ფაშიზმის თანამონაწილეები“ - „ოცნების“ დიდი შეტევა არასამთავრობო სექტორზე
"რეზონანსი"

2018-10-08 20:41:43

„ქართული ოცნება" არასამთავრობო სექტორს ესხმის თავს, თან უკვე მერამდენედ და ამჯერად „ფაშიზმის თანამონაწილეებად" ნათლავს მათ, მხოლოდ იმის გამო, რომ არასამთავრობოების მხრიდან გახშირდა „ოცნებას" და სალომე ზურაბიშვილის კრიტიკა ამა თუ იმ განცხადებისა და ქმედების გამო, ხოლო „რუსთავი 2"-ის გენდირექტორის „ფეისბუქში" დაწერილი განცხადების გამო კრიტიკა არ დასცდენიათ.

საპასუხოდ არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელები აცხადებენ, რომ ისინი ხელისუფლებების მხრიდან მსგავს თავდასხმებს მიჩვეულები არიან და ამის მიუხედავად არ გაჩერდებიან.

„ფაშიზმის თანამონაწილეები" - ასე მოიხსენია ირაკლი კობახიძემ არასამთავრობოები და მის ამ განცხადებას უმალვე მთელი „ქართული ოცნება" შეუერთდა მესამე სექტორის წინააღმდეგ კრიტიკულის ნიაღვარით.

მათ შორის, თბილისის მერმა განაცხადა, რომ „არასამთავრობოები ძირითადად შექმნილია "ნაცმოძრაობის" მიერ, ისინი ან ხიბლში არიან, ან ვალში, არ უნდა გაგვიკვირდეს მათი სიჩუმე ამაზრზენ განცხადებაზე".

ხოლო როგორც საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, არასამთავრობო ორგანიზაციებისგან ის არ იყო დაცული, როცა "რაცისტი" და ქსენოფობი დაარქვეს.

„მე არ ვიყავი მათ მიერ დაცული, როცა ზღვა ცილისწამების და ლანძღვის წამოვიდა ჩემზე. პირადად სახელით და გვარით დამარქვეს რაცისტი და ქსენოფობი, რაც არის შეურაცხყოფა,"- განაცხადა ზურაბიშვილმა.

არასამთავრობო ორგანიზაციების ერთმა ჯგუფმა მათ წინააღმდეგ დაწყებული თავდასხმის საპასუხოდ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ერთი - კობახიძე მათ დისკრედიტაციას ცდილობს საერთაშორისო ორგანიზაციების თვალში და მეორე - მმართველი ძალა ცდილობს დღის წესრიგიდან მოხსნას მთავარი და საკვანძო პრობლემები, რაზეც მესამე სექტორი ხელისუფლებას აკრიტიკებს.

„მსგავსი რიტორიკა მმართველი პარტიის წარმომადგენლების მხრიდან გაძლიერდა არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკის და იმ განცხადების საპასუხოდ, რომელიც ქვეყანაში შექმნილ ვითარებას, კორუფციისა და არაფორმალური მმართველობის სავარაუდო ფაქტებს და პოლიტიკური კრიზისის ნიშნებს ეხებოდა,"- წერია განცხადებაში.

საგულისხმოა ის, რომ ბოლო დღეებია „ქართული ოცნების" მიმართ არაერთი კრიტიკული განცხადება გავრცელდა არასამთავრობო სექტორიდან. მათგან ერთი ეხებოდა „ომეგა ჯგუფის" საქმეზე გამოქვეყნებული სკანდალურ ჩანაწერებს და 13 არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ სახეზეა ელიტური კორუფციის ცხადი ნიშნები და კლანური მმართველობა სასამართლოში, რის გამოც კორუფციულ დანაშაულების მიუკერძოებელი გამოძიების იმედი საზოგადოებაში არ არის.

გარდა ამისა, არასამთავრობოების კრიტიკა მოჰყვა „ოცნების" მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის მხრიდან სამცხე-ჯავახეთში ეთნიკურ სომხებთან გაკეთებულ განცხადებას, რომ სააკაშვილმა თურქებს დაურიგა მოქალაქეობა და სომხებს არა. ამჯერად 15-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ გაავრცელა განცხადება და ზურაბიშვილი ქსენოფობიასა და ეთნიკური შუღლის გაღვივებაში დაადანაშაულეს, ცესკოს კი სამართლებრივი რეაგირებისკენ მოუწოდეს.

სწორედ ამ ორი ჯგუფური კრიტიკული განცხადების გამოა „ქართული ოცნება" მესამე სექტორზე განრისხებული და „რუსთავი 2"-ის გენდირექტორის რამდენიმე დღის წინ „ფეისბუქზე" დაწერილი სტატუსი გამოიყენა არასამთავრობოებზე თავდასხმის საბაბად.

ნიკა გვარამიამ დაწერა, რომ „ყველა, ვინც სალომე ზურაბიშვილს უჭერს მხარს ან აფინანსებს, უკიდურესად უნდა შევავიწროვოთ, დავიმახსოვროთ და გავაძევოთ საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროდან. ეს ადამიანები სათანადოდ უნდა დაისაჯონ".

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ორშაბათ დილით საგანგებო ბრიფინგი მიუძღვნა გვარამიას ამ სტატუსს და განაცხადა, რომ „ეს არის ხელმოცარული და უნიათო ფაშისტის განცხადება", ხოლო „ვინც ხელს აფარებს ფაშიზმს, თავადაც ფაშიზმის თანამონაწილეა.

„სამწუხაროა, რომ ასეთი ადამიანები არასამთავრობოების ხელმძღვანელ პირებს შორისაც არიან", - აღნიშნა კობახიძემ.

მისი თქმით, საზოგადოება რამდენიმე დღის განმავლობაში ელოდებოდა არასამთავრობო ორგანიზაციების მკვეთრ პოზიციას გვარამიას „ფაშისტურ განცხადებასთან დაკავშირებით", თუმცა, ასეთი გამოხმაურება არ ყოფილა. მეტიც, მიხეილ ბენიძემ გვარამიას დაცვაც კი იკადრა, ანუ „რეალურად, უკადრებელი იკადრა".

პარლამენტის სპიკერმა არასამთავრობოების ნაწილი პოლიტიკურ ანგაჟირებულობაშიც დაადანაშაულა და თქვა, რომ, „შეშფოთების საგანი სწორედ ესაა, რომ ზოგიერთი პოლიტიზირებული პერსონის გამო ზიანდება თავად იდეა და არასამთავრობო სექტორის როლი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებაში, რაც დაუშვებელია".

ცნობისათვის, კობახიძემ მიხეილ ბენიძე „პრაიმტაიმისათვის" მიცემული კომენტარის გამო გალანძღა, სადაც ბენიძე ამბობს, რომ შესაძლოა, გვარამიას განცხადება "ვინმეს გემოვნებაში არ ჯდება", თუმცა ის ჯდება სიტყვის გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში.

როგორც ლანძღვის უშუალო ადრესატი, „სამართლიანი არჩევნების" აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ბენიძე ამბობს, მმართველ პარტიას და პირადად ბატონ კობახიძეს დასჩემდათ, რომ კვირაში ერთხელ გამოდიან და სხვადასხვა ფორმატში არასამთავრობო ორგანიზაციებს ესხმიან თავს.

„იმ პირობებში, როცა ქვეყანაში ძალიან ბევრი პრობლემაა, მათ შორის გუშინ შევიტყვეთ, რომ კიდევ ერთი ჩვენი თანამოქალაქე გაიტაცეს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ასევე კორუფციული სკანდალია ცნობილი და ამ მიმართულებით ძალიან ბევრი ბრალდება არსებობს, წესით, ხელისუფების უმაღლესი თანამდებობის პირებს უნდა ჰქონდეთ სხვა საზრუნავი,"- აცხადებს ბენიძე.

მისივე თქმით, აქვს ეჭვი, „ხომ არ აპირებს ხელისუფლება საარჩევნო პროცესში რაიმე მანიპულაციების შემოთავაზებას და ხომ არ სურს, რომ წინასწარ, არჩევნებზე დამკვირვებელი სანდო, მიუკერძოებელი ორგანიზაციების რეპუტაცია შელახოს და აზრი გაანეიტრალოს".

„ოცნებიდან" მესამე სექტორზე თავდასხმა დაგმო ოპოზიციამ და ყველაზე მეტად ტერმინი „ფაშიზმის" გამოყენება მიიჩნია მიუღებლად.

„ევროპული საქართველოს" წევრი გიგა ბოკერიას თქმით, კობახიძის განცხადება ორ დიდ პრობლემაზე მიგვითითებს. ერთი - ეს არის უდიდესი შეურაცხყოფა იმ ადამიანების, ვინც ფაშიზმს შეეწირა, რადგან ამით ამაიმუნებს და აბაიბურებს ამ ადამიანების ხსოვნას. ამიტომ არის მიუღებელი სიტყვის თავისუფლების ფარგლებშიც კი ამ სიტყვის ხსენება. მეორე პრობლემა კი არის ის, რომ ხელისუფლება კრიტიკულ სიტუაციაში კარგავს სახეს, არღვევს ყველანაირ სტანდარტს და არიან სრულიად შეუწყნარებლები.

პარლამენტის ყოფილი სპიკერი, საპრეზიდენტო კანდიდატი დავით უსუფაშვილის თქმით კი, ადამიანებს, ვინც ფაშიზმზე და ჰოლოკოსტზე საუბრობენ, წარმოდგენაც კი არ აქვთ, თუ რაზე საუბრობენ და რა ხიფათს უქმნიან ქვეყანას, რა პრობლემებს იწვევს ეს საზოგადოებაში და რაოდენ იზრდება მასშტაბური სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხე.

ის „ოცნებას" მიმართავს, რომ ან ბოდიში მოიხადოს ამ ყველაფრისთვის და შეაჩეროს ის ესკალაცია, რაც მგავს ტერმინებს და მსგავს შეფასებებს მოჰყვება, ან კეთილი ინებოს, მიმართოს პრეზიდენტს, გამოაცხადოს საგანგებო მდგომარეობა, გადადოს საპრეზიდენტო არჩევნები და მართლმსაჯულების წინაშე დააყენოს ყველა, ვინც დამნაშავეა ფაშიზმში, ჰოლოკოსტში და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულში.

ნანახი?- 529

რეგისტრაცი?/p>

დახურვ?/span>
სახელი:

პაროლი:

გაიმეორე?პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80