როგორ წარიმართა სტალინის სცენარით მეორე მსოფლიო ომის წინა პერიოდი
რეტრომედია

როგორ წარიმართა სტალინის სცენარით მეორე მსოფლიო ომის წინა პერიოდი

როგორ წარიმართა სტალინის სცენარით მეორე მსოფლიო ომის წინა პერიოდი
„თბილისელები“, 23 ივლისი, 2012 წელი

2018-10-09 16:00:27

მეორე მსოფლიო ომის წინა პერიოდი (1938-1939 წლები), ისევე, როგორც საბჭოთა კავშირ-გერმანიის ომის წინა პერიოდი (1939-1941 წლები) ურთულესია თავისი შინაარსით. ისტორიკოსები დღესაც ვერ თანხმდებიან ამ პერიოდის შეფასებისას. ეს ბუნებრივიცაა, რადგან, ბევრი მოვლენა ისე ჩაისახა და განვითარდა, რომ სანდო დოკუმენტური მასალა არ შემორჩენილა.

დღემდე ბურუსითაა მოცული „საიდუმლო დიპლომატიის” ბევრი მნიშვნელოვანი მოვლენა. ამ ეპოქის დიდ პოლიტიკას ევროპაში წარმართავდნენ: გერმანია, ინგლისი, საფრანგეთი, იტალია და საბჭოთა კავშირი. ევროპაში განვითარებულ მოვლენებსა და საერთაშორისო ურთიერთობებზე დიდ გავლენას ვერ ახდენდა ამერიკის შეერთებული შტატები, კიდევ უფრო სუსტი იყო იაპონიის გავლენა.

მეოცე საუკუნის 20-იანი წლები და, 30-იანი წლებიც კი, ისე მიიწურა, რომ უფრო თვალშისაცემი იყო ინგლის-საფრანგეთ-საბჭოთა კავშირისა და ინგლის- საფრანგეთ-გერმანიის დაპირისპირება. გერმანია-საბჭოთა კავშირის წინააღმდეგობათა სიმწვავე თითქმის არ შეიმჩნეოდა. თუმცა, ყველა დიდმა პოლიტიკოსმა მშვენივრად იცოდა, რომ, საბოლოოდ, ერთმანეთის წინააღმდეგ აღმოჩნდებოდნენ ნაცისტური გერმანია და საბჭოთა კავშირი. ეს ჭეშმარიტება უპირველესად, კარგად იცოდნენ ადოლფ ჰიტლერმა და იოსებ სტალინმა. თუმცა, ორივე დიქტატორი ამ ჭეშმარიტებას გარკვეულ დრომდე საგულდაგულოდ მალავდა.

ევროპის დიდი სახელმწიფოების ფარული და აშკარა დაპირისპირება, რომელიც პირველი მსოფლიო ომის (1914-1918 წლები) დამთავრებისთანავე დაიწყო, რაღაც ეტაპზე კვანძის გახსნით უნდა დასრულებულიყო. ერთ-ერთი ასეთი მოვლენა იყო მიუნჰენის შეთანხმება (1938 წლის სექტემბერი). ადოლფ ჰიტლერმა საწადელს მიაღწია და ამ შეთანხმებით ინგლის-საფრანგეთი აიძულა ჩეხოსლოვაკიის დიდი ნაწილის გერმანიისთვის გადაცემაზე დათანხმებულიყო. ასე დასრულდა ინგლის-საფრანგეთ-გერმანიის დაპირისპირების დიდი ეტაპი.

ამ მოვლენებიდან თითქოს განზე იდგა იოსებ სტალინი. ერთი შეხედვით, მისთვის ჩეხოსლოვაკიის ხარჯზე გერმანიის გაძლიერება მიუღებელი უნდა ყოფილიყო. მაშ, რატომ იჩენდა ინერტულობას სტალინი მიუნჰენის შეთანხმების დადებისას?! საქმე ისაა, რომ იოსებ სტალინმა მიუნჰენის შეთანხმებით მიაღწია იმას, რომ ინგლის-საფრანგეთის დაპირისპირება გერმანიასთან უკიდურესად გამწვავდა. ევროპაში ძალზე შეილახა ინგლისისა და საფრანგეთის ავტორიტეტი, ხოლო გერმანიის პოლიტიკა კიდევ უფრო აგრესიული გახდა, რაც ავსტრიის ანშლიუსით (გერმანიასთან ავსტრიის შეერთებით) დამთავრდა. ყველა შემთხვევაში იოსებ სტალინი მოგებული დარჩა. ერთი მხრივ, ინგლის-საფრანგეთის მთავრობები უნდა მიმხვდარიყვნენ, რომ საბჭოთა კავშირის გარეშე მათ გერმანიის აგრესიის აღკვეთა არ შეეძლოთ, მეორეს მხრივ, მიუნჰენის შეთანხმების პერიოდში სტალინის ინერტულობით კმაყოფილი უნდა დარჩენილიყო ჰიტლერი.

მიუნჰენის შეთანხმებით დამყარებული წონასწორობა დიდხანს არ შეიძლებოდა გაგრძელებულიყო. ინგლის-საფრანგეთის მთავრობები იძულებულები იყვნენ, საბჭოთა კავშირთან რაიმე ფორმით დაახლოების გზები ეძებნათ. საბჭოთა კავშირ-ინგლის-საფრანგეთის დაახლოება კი სასიკვდილო საფრთხეს უქმნიდა გერმანიას. ამიტომაც, თავის მხრივ, გერმანიაც დაინტერესებული უნდა ყოფილიყო საბჭოთა კავშირთან დაახლოებით. დაიწყო ახალი დიპლომატიური თამაშები, რაც უკვე იოსებ სტალინის სცენარით და რეჟისურით წარიმართა.

საერთაშორისო ურთიერთობებში მორიგი კვანძი გაიხსნა 1939 წლის გაზაფხულზე, როცა მოსკოვში დაიწყო საბჭოთა კავშირ-ინგლის-საფრანგეთის მოლაპარაკება. მოსკოვის მოლაპარაკება იყო ორივე მხრიდან არაგულწრფელობის ნიმუში - როგორც გაირკვა, არც ერთი მხარე გერმანიის აგრესიის აღსაკვეთად არანაირი ვალდებულების აღებას არ აპირებდა. ან, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ინგლის-საფრანგეთი საბჭოთა კავშირის ძალებით ცდილობდა გერმანიის აგრესიის შეჩერებას, ხოლო საბჭოთა კავშირი - პირიქით. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, მოლაპარაკების ორივე მხარე გერმანიის დაშინებას და აქედან სარგებლობის მიღებას ცდილობდა. მოსკოვის მოლაპარაკება თითქმის 6 თვე გაგრძელდა, რეალური შედეგი კი არ ჩანდა.

მოსკოვში ინგლის-საფრანგეთ-საბჭოთა კავშირის მოლაპარაკების პარალელურად, სტალინი ფარულ მოლაპარაკებას აწარმოებდა გერმანიასთან. ამ მოლაპარაკებაში პირობებს სტალინი ჰკარნახობდა, რადგან, თუ გერმანია გაჯიუტდებოდა, სტალინი ჰიტლერს საბჭოთა კავშირ-ინგლის-საფრანგეთის შეთანხმებით დააშინებდა. ეს კოზირი სტალინმა ბოლომდე კარგად გამოიყენა და ინგლის-საფრანგეთ-საბჭოთა კავშირით შეშინებული გერმანია აიძულა, ბევრ დათმობაზე წასულიყო.

სრულიად მოულოდნელად, 1939 წლის აგვისტოში, მოსკოვში ჩამოვიდა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იოახიმ ფონ რიბენტროპი და 23 აგვისტოს ხელმოწერილი იქნა საბჭოთა კავშირ-გერმანიის თავდაუსხმელობის ხელშეკრულება 10 წლის ვადით. საბჭოთა კავშირ-გერმანიის თავდაუსხმელობის ხელშეკრულებამ უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდო ინგლისი და საფრანგეთი. ამ სახელმწიფოებისთვის ეს ხელშეკრულება სასიკვდილო საფრთხეს წარმოადგენდა. ინგლის-საფრანგეთის დიპლომატიამ აშკარად წააგო - ვერც საბჭოთა კავშირთან მოაგვარა ურთიერთობა და ვერც გერმანიასთან. ამიერიდან დიდ პოლიტიკაში ინგლისი და საფრანგეთი მაყურებლის როლში უნდა დარჩენილიყვნენ. ევროპის ბედი საბჭოთა კავშირისა და გერმანიის ხელში აღმოჩნდა.

საბჭოთა კავშირ-გერმანიის თავდაუსხმელობის ხელშეკრულებაში უმთავრესი იყო  გავლენის სფეროების გადანაწილება. ამ ხელშეკრულებით სტალინმა მიიღო უფლება, დაეპყრო ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის დამოუკიდებელი სახელმწიფოები. ორად გაიყო პოლონეთი. პოლონეთის ტერიტორის ის ნაწილი, რომელიც მდინარე ვისლის აღმოსავლეთით მდებარეობდა, საბჭოთა კავშირს ერგო, ხოლო ვისლის დასავლეთით მდებარე ტერიტორიები - გერმანიას. ვარშავის ის ნაწილი, რომელიც ვისლის მარცხენა ნაპირზე მდებარეობდა გერმანიას უნდა დარჩენოდა, ხოლო ის ნაწილი, რომელიც მდინარის მარჯვენა მხარეზე მდებარეობდა - საბჭოთა კავშირს. გერმანიამ მიიღო თავისუფალი მოქმედების უფლება დასავლეთ ევროპაში. პრაქტიკულად, ევროპა ორ სახელმწიფოს შორის გადანაწილდა.

1939 წლის 1 სექტემბერს გერმანია თავს დაესხა პოლონეთს, 17 სექტემბერს პოლონეთის წინააღმდეგ ომი დაიწყო საბჭოთა კავშირმაც. ჰიტლერმა სტალინს უმუხთლა და მდინარე ვისლის აღმოსავლეთი ტერიტორია მთლიანად არ დაუთმო. საბჭოთა კავშირს დარჩა მხოლოდ დასავლეთ უკრაინა და დასავლეთ ბელორუსია, რომელიც ომის დაწყებამდე პოლონეთის სახელმწიფოს შემადგენლობაში იყო. სტალინმა ჰიტლერის ვერაგობა არ შეიმჩნია და რევანშის ასაღებად უკეთეს დროს დაელოდა. ჰიტლერმაც კარგად უწყოდა, რომ სტალინი ორპირობას არ აპატიებდა.

საბჭოთა კავშირ-გერმანიის შეთანხმებას შეეწირა საფრანგეთი, რომლის ოკუპაციაც 1940 წელს გერმანიამ მოახდინა. უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა ინგლისიც. გერმანიის ავიაციამ დიდი ზიანი მიაყენა ინგლისის ქალაქებსა და სამრეწველო ცენტრებს, მათ შორის - ლონდონსაც. მიუხედავად ამისა, ინგლისმა საფრანგეთის ბედი არ გაიზიარა. უინსტონ ჩერჩილს გერმანიასთან მორიგებაზე არც კი უფიქრია. ინგლისი ბრძოლას განაგრძობდა. აშკარა იყო, რომ გერმანია ინგლისის კაპიტულირებას ვერ შეძლებდა. საბჭოთა კავშირ-გერმანიის 1939 წლის 23 აგვისტოს შეთანხმების ძალით, ინგლისთან ომში ჩაბმული გერმანიისთვის სამხედრო და პოლიტიკური მხარდაჭერა უნდა აღმოეჩინა საბჭოთა კავშირს. ინგლის-გერმანიის ომი გრძელდებოდა, სტალინი კი დანაპირების შესრულებას არ ჩქარობდა. გაბოროტებული ჰიტლერი მიხვდა, რომ წააგო, მაგრამ, უკან დასახევი გზა აღარ ჰქონდა.

1940 წლის შემოდგომაზე ბერლინში საბჭოთა დელეგაცია ჩავიდა ვიაჩესლავ მოლოტოვის ხელმძღვანელობით. სტალინმა კარტი გახსნა: ვიაჩესლავ მოლოტოვმა იოახიმ ფონ რიბენტროპს უარი უთხრა ინგლისის წინააღმდეგ ომში დახმარებაზე. ინგლისის დიპლომატია, ტრადიციულად, ხელმძღვანელობდა პრინციპით: „ინგლისს არ ჰყავს არც მუდმივი მტრები და არც მუდმივი მეგობრები, ინგლისს აქვს მუდმივი ინტერესები”. ეს პრინციპი შესანიშნავად გამოიყენა სტალინმა როგორც ინგლისელებისა და ფრანგების, ისე გერმანელების წინააღმდეგ. სტალინისთვის ინგლისი, საფრანგეთი და გერმანია მეგობრები ან მტრები იყვნენ იმის მიხედვით, თუ როდის როგორ სჭირდებოდა ეს საბჭოთა კავშირს.

საბჭოთა კავშირის უარი გერმანიისთვის ინგლისის წინააღმდეგ ომში დახმარებაზე ხსნა იყო ინგლისისათვის. უინსტონ ჩერჩილი იოსებ სტალინთან დაახლოების გზების ძიებას შეუდგა. თუმცა, ამ ორ ქვეყანას შორის დიდი ხნის განმავლობაში არსებულმა დაპირისპირებამ და უნდობლობამ ეს პროცესი დროში გაწელა. ცხადია ჰიტლერმაც იგრძნო საბჭოთა კავშირ-ინგლისის დაახლოების პერსპექტივა და სანამ ეს საშიში პერსპექტივა გერმანიისათვის რეალურ საფრთხედ იქცეოდა, მანამ რაღაც უნდა ეღონა, თუმცა სტალინმა ჰიტლერს არჩევანი არ დაუტოვა. საბჭოთა კავშირის დახმარების გარეშე ინგლისთან ომის გაგრძელება გერმანიისთვის უპერსპექტივო იყო.

უპერსპექტივო იყო იმიტომაც, რომ ინგლის-ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო პოლიტიკური კავშირი, პრაქტიკულად, რეალობას წარმოადგენდა. სურდა თუ არ სურდა, ჰიტლერს ომი უნდა დაეწყო საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ - ეს სტალინის სცენარის ბოლო ნაწილი იყო. საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ომი გერმანიისთვის პერსპექტივაში ნიშნავდა ომს საბჭოთა კავშირის, ინგლისისა და ამერიკის წინააღმდეგ. ასე რომ, 1941 წლის 22 ივნისს ადოლფ ჰიტლერმა გადადგა ის საბედისწერო ნაბიჯი, რომელიც გერმანიის მესამე იმპერიის კრახით დასრულდა.

სტალინმა ჰიტლერი პრაქტიკულად 1941 წლის 22 ივნისს გააკოტრა. ძნელი სათქმელია, ჰიტლერი ამას მაშინვე მიხვდა თუ არა. მოგვიანებით კი მიხვდა და, გაბოროტებულმა, სტალინი ასე შეაფასა: „ის უდიდესი მხეცია, ოღონდ, ვერაგობა აქვს ადამიანის”.

 

 

 

 

ნანახი?- 151

რეგისტრაცი?/p>

დახურვ?/span>
სახელი:

პაროლი:

გაიმეორე?პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80