„ზურაბიშვილის პრეზიდენტად გაყვანა „ქართულ ოცნებას“ შეიძლება ხელისუფლების დაკარგვის ფასად დაუჯდეს“
საზოგადოება

„ზურაბიშვილის პრეზიდენტად გაყვანა „ქართულ ოცნებას“ შეიძლება ხელისუფლების დაკარგვის ფასად დაუჯდეს“

 „ზურაბიშვილის პრეზიდენტად გაყვანა „ქართულ ოცნებას“ შეიძლება ხელისუფლების დაკარგვის ფასად დაუჯდეს“
თამთა ქარჩავა

2018-10-10 10:00:40

„ძალიან მაღალი ალბათობით „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი შეიძლება იძულებული გახდნენ 2019 დანიშნონ ვადამდელი არჩევნები“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ხათუნა ლაგაზიძე, რომლის განცხადებით, „ქართული ოცნების“ დნობადი რეიტინგი 2 წელს ვერ გაქაჩავს. ამიტომ, ლაგაზიძე ფიქრობს, რომ ივანიშვილი პროცესებს დაასწრებს და ამით დროს მოიგებს.

for.ge ხათუნა ლაგაზიძეს ესაუბრა.

საპრეზიდენტო არჩევნები მწვავე დაპირისპირების ფონზე მიმდინარებს, კანდიდატები არ ერიდებიან პიროვნულ დაპირისპირებას. მეტიც, პარლამენტის თავმჯდომარემ ოპონენტებს ფაშისტები უწოდა. ამ ვითარებაში რამდენად სწორი აქცენტი გააკეთა დავით უსუფაშვილმა, როდესაც პრეზიდენტს მიმართა გამოაცხადოს საგანგებო მდგომარეობა და გადადოს საპრეზიდენტო არჩევნები?

ხათუნა ლაგაზიძე: მართლაც, რომ ეს დაპირისპირება პიკს აღწევს და საზოგადოების ნერვების ხარჯზე ხდება. ამ ვითრებაში ქვეყნის მშვიდობიანი განვითარების ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი გარანტი იქნებოდა დავით უსუფაშვილის არჩევა.

თქვენ ფიქრობთ, რომ უსუფაშვილს აქვს საზოგადოების გაერთიანების რესურსი?

– თუ ვინმეს აქვს გაერთიანების რესურსი, ეს არის უსუფაშვილი. კახი კალაძის განცხადებას ვკითხულობდი, რომ „ქართული ოცნება“ საბოლოოდ მაინც გააერთიანებს საზოგადოებასო – რისი გამაერთიანებლები არიან ესენი? შიგნით ვერ გაერთიანებულან, ერთმანეთის დანახვაზე შიში ზარავთ. კაცმა არ იცის ვინ ვის უდებს ფეხს და ამათ საზოგადოების გაერთიანება შეუძლიათ? ერთადერთი ვისაც არჩევნებში მონაწილეთაგან ეს რესურსი აქვს, ნამდვილად არის დავით უსუფაშვილი.

პირველად თქვენთან ვამბობ ამას – მომავალი 2019 და 2020 წლები ამის მნიშვნელობას დაადასტურებს: ხელისუფლებამ თავად თქვა უარი პროცესების მშვიდობიან განვითარებაზე, როდესაც დავით უსუფაშვილის კანდიდატურას არ დაუჭირა მხარი. ეს სიტყვები გაიხსენეთ 2019 და 2020 წლებში. იმაზე მწყდება გული, რომ ისევ ერთი ორომტრიალი უნდა გამოიაროს საზოგადოებამ, თორემ ხელისუფლება რასაც მიიღებს აბსოლუტურად დამსახურებულად მიიღებს.

5 წელი ვამბობდი იმას, რომ ეს ხელისუფლება მანამ იქნება მყარად, სანამ მას კიდევ აქვს საზაოგადოების მოსმენის უნარი; საზოგადოების განწყობის გაგების და საზოგადოების მოთხოვნებზე ადექვატური რეაგირების უნარი. საზოგადოების ყველა მწვავე მოთხოვნაზე „ქართული ოცნება“ დადებითად რეაგირებდა და ამითი განსხვავდებოდა ის „ნაციონალური მოძრაობისგან“. დღეს უკვე წარამოუდგენელი რამეა, როდესაც საკუთარ საზოგადოებას ხელისუფლება ჯიბრში ჩაუდგა.

რას გულისხმობთ, სად ჩანს, რომ ჯიბრში უდგას საკუთარ საზოგადოებას?

– ზოგადად, ზურაბიშვილის ფენომენი არის ძალიან საინტერესო. არ გავამახვილებ ყურადღებას მის განცხადებებზე, ვის უპირისპირდება და ვის არა. ეს ყველაფერი არის ზედნაშენი. მთავარი ის არის, რომ ამ ქალბატონისთვის ის ამომრჩეველი, რომელიც 28 ოქტომბერს საარჩევნო უბანთან უნდა მივიდეს და მას ხმა უნდა მისცეს, სრულიად უცხოა.

გაუცხებაა სალომე ზურაბიშვილსა და საქართველოს მოსახლეობას შორის. პირდაპირ განაცხადა, რომ პრეზიდენტი ხალხთან უნდა იყოსო, მაგრამ მაინც ზემოთ უნდა იყოსო. ეს არის მისი ხალხთან გაუცხოების მიზეზი და მისი პრობლემების სათავე. დანარჩენი განცხადებები ზედნაშენია. ეს მიუღებლობა და აგრესია სალომე ზურაბიშვილის მიმართ, დაბადა იმან, რომ ამ საზოგადოებისთვის ის დღემდე უცხო სხეულია. სანამ სალომეს თავისმართლების პოზიციაში ჩააგდებდნენ, მისი კამპანიის მთავარი მესიჯი დაახლეობით შემდეგი უნდა ყოფილიყო: „გინდათ ევროპა? აგერ არის: თავისი პრაგმატიზმით, რაციონალიზმით, ულმობელი, მაგრამ წარმატების მომტანი შრომით, შეიძლება თქვენთვის ჯერ კიდევ უცხო, მაგრამ - წარმატებული“. უნდა დაესწროთ და მანამ უნდა დაეწყოთ ეს კამპანია, სანამ ამ ქალს ლაფში ამოსვრიდნენ! გამაოგნებელია „ოცნების“ საპრეზიდენტო პიარ-ტაქტიკა, მაგრამ ახსნადი - რეიტინგული სალომე მგონი თავად „ოცნებას“ არ აწყობს.

სალომე ზურაბიშვილი არც განიხილავს მეორე ტურს, დარწმუნებულია, რომ პირველ ტურში გახდება პრეზიდენტი. ამის მიუხედავად თქვენ ამბობთ, რომ საზოგადოებაში არის გაუცხოება. როგორ ფიქრობ, რატომ ვერ მიიღო ქართულმა საზოგადოებამ ზურაბიშვილის ფიგურა?

– იმიტომ, რომ ზურაბიშვილს არ უცდია. ის ყოველთვის ზემოდან უყურებდა საზოგადოებას და ამიტომ არის დარწმუნებული, რომ პირველ ტურში გავა. ის დარწმუნებულია, რომ ამ საზოგადოებას ხელისუფლება მიიყვანს საარჩევნო ყუთებთან, ხმას მიაცემინებს სალომე ზურაბიშვილისთვის და ის გახდება ამ აპათიურ მოქალაქეთა ერთობის პრეზიდენტი. ასეთი წარმოდგენა აქვს სალომე ზურაბიშვილს საკუთარ ხალხზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეუძლებელია სალომე ზურაბიშვილი ვერ გრძნობდეს ამ საზოგადოების განწყობას.

კულუარებში არსებული ინფორმაციით ზურაბიშვილის კანდიდატურა დღემდე არის დაპირისპირების მიზეზი მმართველ გუნდში...

– შეხედეთ როგორ ტანჯულა ღიმილი აწერიათ ამ ლიდერებს სახეებზე, როცა ზურაბიშვილს დაჰყვებიან შეხვედრაზე. ნებისმიერი სხეულის ენის სპეციალისტი დასვით და ზუსტ დიაგნოზს დაგისვამთ – რა იკითხება ამ ტანჯულა ღიმილის უკან. იმიტომ, რომ ეს ის შემთხვევა არ არის, როდესაც პარტიის მაღალ რეიტინგს კანდიდატის მაღალი რეიტინგი შეუძლია გაქაჩოს. ხელისუფლების რეიტინგი არ არის ისეთი მაღალი, რომ ასეთი მოკრძალებული რეიტინგის სალომე ზურაბიშვილი გადაარჩინოს. გაყვანით შეიძლება გაიყვანონ, მაგრამ „ქართულ ოცნებას“ ეს საკუთარი იმიჯის ნგრევის ფასად დაუჯდება.

ძალიან მძიმე ფაზაში შევდივართ. ვგულისხმობ 2020 წლის არჩევნებს. ძალიან მაღალი ალბათობით „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი შეიძლება იძულებული გახდნენ 2019 დანიშნონ ვადამდელი არჩევნები. იმიტომ, რომ „ქართული ოცნების“ დნობადი რეიტინგი 2 წელს კიდევ ვერ გაქაჩავს. უბრალოდ დაასწრებს ამ პროცესებს და სანამ საზოგადოებაში პოლიტიკური თუ სამოქალაქო აქტივობა წამოყოფს თავს, მანამდე დრო მოიგონ.

„ქართული ოცნების“ რეიტინგის ვარდნა ბევრად ადრე დაიწყო, ვიდრე ზურაბიშვილის კანდიდატურას წამოაყენებდა და ეს არ არის ახალი პრობლემა. როგორ ფიქრობთ, რატომ ვერ დგამს საპასუხო ნაბიჯს ხელისუფლება, ამის რესურსი არ აქვს?

– რას ნიშნავს არ აქვს? დავით უსუფაშვილის მხარდაჭერა არ შეეძლო? ეს იყო კაცი, რომელიც მათ საბედისწერო შეცდომისგან დააზღვევდა. ადამიანებს თვითგადარჩენის ინსტიქტი ძალიან მაღალ დონეზე აქვთ. აბა შეხედეთ „ოცნების“ დეპუტატების ახალი თაობა, 2–3 ლიდერს თუ არ ჩავთვლით, რომლებიც იძულებული არიან ზურაბიშვილს გვერდით იყვნენ შეხვედრიდან შეხვედრამდე, როგორი სიმწრით გაღიმებული სახეები აქვთ. დანარჩენი დეპუტატები გინახიათ ხმას რომ იღებდნენ? არავინ არ იღებს ხმას, არ უნდათ ზურაბიშვილთან ასოცირება.

ამ შემთხვევაში, უსუფაშვილს შეეძლო მათი გადაზღვევა როგორც საგარეო, ასევე პარტნიორებთან ურთიერთობის კუთხით, ასევე ქვეყნის შიგნით. იმაზე აპელირებენ, რომ უსუფაშვილს მაღალი რეიტინგი არ აქვსო, სხვებს ხომ იმხელა აქვთ, რომ ნუ იტყვი.

ფიქრობთ, რომ ივანიშვილი 2019 წელს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება...

– ვფიქრობ, პროცესები ისე წავა, რომ „ქართული ოცნებისთვის“ აუცილებელი გახდება 2019 წელს ვამდელი საპრეზიდენტო არჩევნების გადმოტანა. იმიტომ, რომ მათი რეიტინგის ნანგრევები 2020 წლამდე ვერ მიატანს. რეიტინგის ნგრევაში ძალიან დიდი როლი ზურაბიშვილის მხარდაჭერამ ითამაშა. რაღაც ეტაპზე საზოგადოების განწყობას იზიარებდნენ. ხელისუფლება საზოგადოებასთან აქტიურ ურთიერთობაში არ იყო, მაგრამ რეაგირებდა პროცესებზე და აქტიურად რეაგირებდა. ახლა რასაც ვუყურებ, ეს არის სრული სიბრმავე. როგორ შეიძლება ბრძოლა გამოუცხადო საკუთარ მოსახლეობას? აქ ხომ მარტო ზურაბიშვილის ფაქტორი არ არის. იგივე რასაც ფარცხალაძის სახით ვუყურებთ. ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლება თავისუფლდებოდეს ფარცხალაძის ლაქისგან, მთელი ხელისუფლება გადასულია ფარცხალაძის გადარჩენაზე. მთელი „ქართული ოცნება“ დარაზმულია ზურაბიშვილის და ფარცხალაძის გადასარჩენად. არ ვიცი ამაში რა ლოგიკაა. საქართველოში ყველა ხელისუფლებამ ჩემს თვალწინ გაიარა და ვუყურებდი როგორ საბედისწეროდ ბრამვდებოდნენ და ყრუვდებოდნენ.

ფარცხალაძე ახსენეთ და საინტერესო ვითარება გვაქვსსააკაშვილის მმართველობის დროს გვახსოვს როგორ იცავდა მთელი სახელისუფლებო რესურსი ახალაიასანოძექარდავას კლანს, იგივე მერაბიშვილს და ადეიშვილს. ანალოგიური ვითარება გვაქვს დღესაც. როგორ ფიქობთ, რატომ აფარებს ხელისუფლება ფარცხალაძეს ხელს, ვერ აცნობიერებს, რომ ეს შეიძლება მისთვის ცუდად დამთავდეს?

– ფანტასტიური შედარებაა. როგორც ჩანს, ხელისუფლებას ასეთი ტაქტიკა ჰქონდა არჩეული – მე სუფთა ვარ, მაგრამ ვიღაცის ჭკუამ მოიფიქრა, რომ მოდი ხელისუფლების გარეთ შევქმნათ სადამსჯელო ჯგუფები, რომლებიც ბიზნესს და კორუფციულ სქემას მოაგვარებენ, არასასურველ ადამიანებს გააჩუმებენ. როგორც ახლა გამოდიან და მართლაც სამარცხვინოდ იძახიან, რომ ჩვენ ამასთან რა შუაში ვართ, ვინ არის ლევან ყიფიანი, ან ფარცხალაძე საერთოდო, დაახლოებით ამ დონეზე რომ დადიან და ჭურში რომ სხდებიან, რა გონიათ, საზოგადოებას მათი ერთი სიტყვის მაინც სჯერა?

ეს არის ყოვლად სულელური სქემა, რომლითაც ვიღაცეებმა არა ხელისუფლების შიგნით შექმნეს ზონდერჯგუფები, არამედ - გარეთ და როგორც ჩანს, მათ დააკისრეს კორუფციული სქემების და ბიზნეს წილების გადანაწილება. რაც „ომეგასთან“ დაკავშირებით ხდება, ისე ჩანს, რომ ამ კაცს სთხოვდნენ ქრთამს იმისათვის, რომ ბიუჯეტში შესატანი თანხა არ შეეტანა. წარმოუდგენელი რამეა. ამავე პრინციპით საკვლევია სხვა ორგანიზაციები, რომლებსაც საბიუჯეტო დავალიანება ჩამოაწერეს, იმათ რამდენი აქვთ ქრთამად მიტანილი ეს „ბუნკერში“?

საოცარ ფაზაში შევედით და სანამ ხელისუფლება იმ „ბუნკერის“ ბინადარი თავად გამხდარა და თვითონ გამხდარა ხალხისგან დასაცავი, კიდევ დროა რადიკალური რეფორმებით სიტუაციის შემოტრიალების. ეს კიდევ არ არის დასასრული. იმისათვის, რომ დასასრულამდე საქმე არ მივიდეს, აუცილებელია ხელისუფლება განიწმინდოს ამ ზონდერ ჯგუფებისგან. აუცილებლად ყველა დასაწყისს აქვს დასასრული. არ მინდა, რომ დასასრული საბედისწერო აღმოჩნდეს ამ ხელისუფლებისთვის და მით უფრო ხალხისთვის.

ნანახი?- 2183


სარეკლამო ბანერი
1000 X 80