სააკაშვილის ახალი გასართობი - „ერთად სახლში“

სააკაშვილის ახალი გასართობი - „ერთად სახლში“

2019 წლის მოვლენებზე როცა ვსაუბრობთ, საინტერესოა, როგორი იქნება მიხეილ სააკაშვილის როლი და შეძლებს კი სააკაშვილი საქართველოში პროცესების მართვას? ისიც საინტერესოა, დაემორჩილებიან თუ არა მას ყოფილი პარტიული თანამოაზრეები და ხომ არ მოხდება „ნაციონალების“ გაუცხოება სააკაშვილთან?

მანამდე ქართულ მედიაში ვრცელდება საპირისპირო ინფორმაცია, რომ სააკაშვილთან კი არ მოხდა „ნაციონალების“ გაუცხოება, არამედ, პირიქით, დიდი ალბათობით, სააკაშვილმა თავად მიატოვა გრიგოლ ვაშაძე და თავისი გუნდი. როგორც ჩანს, ბოლოდროინდელი მოვლენებით გულაცრუებული სააკაშვილი ფსონს ემიგრანტებზე დებს, რადგან ემიგრანტებმა მას ბოლო არჩევნებში შედარებით კარგი შედეგი უჩვენეს. ამიტომაც სააკაშვილი „დაემორჩილა“ ემიგრანტების მოწოდებას და მათთან ერთად ჩაება ახალ მოძრაობაში, სახელწოდებით „ერთად სახლში“.

ყოფილი პრეზიდენტი ირწმუნება, რომ ეს მოძრაობა ერთ დიდ ზვირთად იქცევა, გაზაფხულამდე საქართველოში ჩამოაღწევს და ყველა რეგიონსა და რაიონს მოიცავს. ამ მოძრაობის ეგიდით თურმე სააკაშვილიც აუცილებლად ჩამოვა საქართველოში, რადგან „არ ეშინია არაფრის“.

„ემიგრანტებო, ერთად წავიდეთ საქართველოში“, - ასეთია სააკაშვილის მოწოდების ტექსტი, რომელსაც უკვე პირველი თანამოაზრე გამოუჩნდა, ტურიზმის სფეროს ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი სიგუა.

დებს თუ არა სააკაშვილი ფსონს ემიგრანტებზე და რისი მიღწევა შეუძლია ქვეყნის გარედან?

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ჩვენი ემიგრანტები ნამდვილად არ არის სერიოზული რესურსი, რადგან ჩვენს ემიგრანტებს რა შეუძლიათ? დიდი ხანია, ქართველი ემიგრანტები მოწყდნენ საქართველოს და ერთმანეთს რომ შევუდაროთ ქართველი ემიგრანტები და სომხური დიასპორა, ეს სრულიად სხვადასხვა მოვლენაა. სომხურ დიასპორას ერთი დღითაც კი არ გაუწყვეტია ორგანული კავშირი თავის ხალხთან, ამას თვით საბჭოთა კავშირის დროსაც ახერხებდნენ, ჩადიოდნენ სომხეთში და საბჭოთა ხელისუფლებასთან კარგ ურთიერთობას სათავისოდ იყენებდნენ.

„მე თვითონ რისი მოწმეც გახლავართ, ერთხელ კომუნისტების დროს პარიზში გახლდით საბჭოთა კავშირის საელჩოში. ჰოლში ვიყავი და ვხედავ, მერსედესებით შემოდიან ადგილობრივი სომხები, ოქროს ბეჭდებით შემკულნი და შეკრული „პაჩკები“ მიაქვთ. ვკითხე, რას არიგებთ-მეთქი? მიპასუხეს, სომხები ქართველებივით კი არ არიან, ქართველი ემიგრანტები ამ ქუჩაზე გავლასაც რომ არ კადრულობენ, ეს კი ბრეჟნევის „მალაია ზემლია“ არის, რომელიც სომხებს გასავრცელებლად მიაქვთო. მერე შინაურულად მითხრეს, ბრეჟნევის წიგნის გავრცელებაზე საუბარიც ზედმეტია, ბრეჟნევის წიგნებს ვინ კითხულობს, სომხები ამ წიგნს ეგრევე მდინარე სენაში ყრიან, უბრალოდ, ბრეჟნევის წიგნის გავრცელებით სომხები რუსებთან აქტივს იწერდნენ. მათ უკვე მიესვლებოდათ საელჩოში, საელჩოსაც ეს საქმიანობა ეთვლებოდა აქტივში და, თავის მხრივ, საელჩო მოსკოვს ატყობინებდა, ემიგრანტებში გავავრცელეთ 5 ათასი „მალაია ზემლია“. ამის საპირისპიროდ, განსხვავებული იყო ქართველი ემიგრანტების მდგომარეობა.

ჩემთან მუშაობდა ყოფილი ემიგრანტი ამერიკაში დავრეშაშვილი, რომელიც ამბობდა, ჩემი შვილი დღისით საელჩოში არ მივა, რადგან სხვა ქართველებმა რომ დაინახონ, მერე გამარჯობას აღარ ეტყვიან, კომუნისტების საელჩოში რა გინდოდაო. ამდენად, იქაურ საბჭოთა საელჩოში ითვლებოდა, რომ ქართველები იყვნენ ნაციონალისტები, საბჭოთა კავშირის მტრები, ხოლო სომხები იყვნენ რუსების ძმები“, - აცხადებს სოსო ცინცაძე და განმარტავს, რომ დღესაც ასე ხდება.

დღეს ფაშინიანი ისეთ რამეებს აკეთებს, პუტინი სხვას არავის აპატიებდა, ფაშინიანმა პუტინის მეგობრები დაიჭირა, სომხეთში მთელი ვერტიკალი შეცვალა, არც ერთი ბიზნესმენი პარლამენტში, ამ ლოზუნგით გამოდის ფაშინიანი. ცხადია, პუტინს ეს ყველაფერი არ მოსწონს, მაგრამ ხმას არ იღებს, რადგან ფაშინიანი ამბობს, კი, მე ჩემებურად ვიქცევი, მაგრამ მე მაინც რუსეთის ერთგული ვარ. ამდენად, ყველაფერ ამის გათვალისწინებით და ქართველი ემიგრანტების მენტალობიდან გამომდინარე, სოსო ცინცაძე ფიქრობს, რომ სააკაშვილს ემიგრანტებთან ერთად სახლში დაბრუნება არ გამოუვა.

პოლიტოლოგის აზრით, მიშა სულელი არ არის, ეტყობა, ემიგრანტების თემით აპელირება რაღაცისთვის სჭირდება, თორემ გამორიცხულია „ერთად სახლში“ დაბრუნება.

ანალიტიკოს ვახტანგ მაისაიას აინტერესებს, ვისთან ერთად აპირებს სააკაშვილი საქართველოში დაბრუნებას, ავანტიურისტ გიორგი სიგუასთან ერთად?! For.ge-სთან საუბრისას ანალიტიკოსი აცხადებს, რომ ორი გრაფ კალიოსტრო (მიხეილ სააკაშვილი და გიორგი სიგუა) იკრიბება ჰოლანდიაში და მითიურ გეგმებს სახავენ.

„მე მგონი, ისინი კომპიუტერულ თამაშებში არიან ჩართულნი. სააკაშვილი და სიგუა გადავარდნენ ვირტუალურ თამაშებში. უფრო მეტიც, სააკაშვილმა და სიგუამ დააანონსეს ახალი კომპიუტერული თამაში, სახელწოდებით „ერთად სახლში“. მინდა მათ მივულოცო, მათ ახალი ამპლუა აქვთ. აქამდე ვიცოდით, რომ პოლიტიკური კლოუნი იყო სააკაშვილი, ახლა კი მას დაემატა კომპიუტერული თამაშის ავტორის ამპლუა. ალბათ, ეს კრეატიული მომენტია და სააკაშვილს ვულოცავ, რომ კომპიუტერული თამაშების ავტორიც გახდა. მით უმეტეს, ამ საქმეში მან მონახა კომპანიონი, ავანტიურისტ გიორგი სიგუას სახით“, - აღნიშნა ვახტანგ მაისაიამ.