„სააკაშვილის მთავარი შეცდომა „ლიბერტარიანიზმის“ ხავსმოდებული მსოფლმხედველობის იდეალიზაციაა“

„სააკაშვილის მთავარი შეცდომა „ლიბერტარიანიზმის“ ხავსმოდებული მსოფლმხედველობის იდეალიზაციაა“

საპარლამენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილის გამარჯვების შემდეგ არაერთი ექსპერტი „ქართული ოცნების“ პოზიციებისა და ხალხის ნდობის შესანარჩუნებლად აუცილებელ პირობად მის მიერ დაპირებების შესრულებას ასახელებდა. ერთი თვის შემდეგ კი, სანაცვლოდ, მმართველ გუნდში სერიოზულ განხეთქილებაზე უმრავლესობის ლიდერები თვითონ საუბრობენ. მაგალითად, მურუსიძის უვადო მოსამართლედ არჩევა, როგორც იურიდიული კომოტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ამბობს მისი თანამდებობის დატოვების მიზეზი გახდა.

განხეთქილება „ქართულ ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემაც დადასტურა და აღნიშნა, რომ გუნდში გარკვეულ საკითხებზე სერიოზული უთანხმოებაა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია კი აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ ძალიან მალე თვითლიკვიდაციას გამოაცხადებს. ყოფილი პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე თავის მხრივ ამბობს, რომ ბრძოლის დროა.

ქვეყანაში შექმნილი ასეთი სიტუაციის ფონზე მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოსვლას აანონსებს. მარტოვად რომ ვთქვათ, საქართველოს ბედი კვლავ ნაც-ქოცებისგან შექმნილ წრეზე ბრუნავს.

ვის რა შანსი აქვს პოლიტიკაში, რა მიმართულებით ვითარდება ქვეყანა და რა არის გასაკეთებელი? -ამ თემაზე for.ge-ს ანალიტიკოსს (ილია) აზიკო სისვაძეს ესაუბრა.

შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე ვის რა შანსი აქვს პოლიტიკაში?

აზიკო სისვაძე: დავიწყოთ „ქართული ოცნებიდან“, ზოგადად, პარტია ესაა საერთო იდეოლოგიასა და მსოფლმხედველობაზე დაფუძნებულ ადამიანთა ერთობა მიმართული ქვეყნის აღმშენებლობისაკენ.

ამ გაგებით „ქართული ოცნება“ პარტია არაა. მასში თავმოყრილია რადიკალურად განსხვავებული იდეოლოგიის ადამიანები, რომელთა ერთადერთი მიზანია ხელისუფლებით ტკბობა, პირადი ამბიციების დაკმაყოფილება და ხელის მოთბობა ივანიშვილის ფულზე დაფუძნებული ავტორიტეტის ხარჯზე. ამ გაგებით „ქართული ოცნება“ უფრო მის წევრთა ანგარებიან ინტერესებზე დაფუძნებული კორპრაციაა, რომელიც სარგებელს იღებს ლიდერის ბიზნეს-ინეტერესების მომსახურების სანაცვლოდ. ამ პირობებში, ადამიანთა ამ ეკლექტიკური გაერთიანების ინტერესების უკომპრომისო დაპირისპირებამ უკვე გამოიწვია იმდენად მწვავე კრიზისი, რომ ეს უახლოეს მომავალში მას საბოლოოდ გაქრობს პოლიტიკური ასპარეზიდან ისე, თითქოს არც არსებულა. ეს პროცესი უკვე დაწყებულია და ბესელიას დემარში ძალიან ძლიერი დრტყმაა ივანიშვილის წინააღმდეგ. არ გამოვრიცხავ, რომ შიდა პოლიტიკური კრიზისული დაპირისპირების ერთ-ერთი მიზეზი ივანიშვილის მიერ ძალით გაპრეზიდენტებული ზურაბიშვილის ფაქტორიც გახდა.

რატომ დაუშვა ივანიშვილმა სააკაშვილის ხელისუფლებასთან დაკავშირებული მოსამართლის - მურუსიძის სასამართლოში კიდევ უფრო აღზევება? არა მგონია მას არ ეფიქრა, რომ ამით ხალხის ნდობას საბოლოოდ შეარყევდა...

- მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილი საკმაოდაა დარწმუნებული საკუთარ შესაძლებლობებში, მაინც ცდილობს პროცესები თვითდინებაზე არ მიუშვას და მურუსიძის საშუალებით რამდენიმე პრობლემა გადაჭრას - პოზიციები კიდევ უფრო გაიმყაროს და თავი დაიზღვიოს სამომავლო რისკებისაგან. ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში იგი შეეცდება მურუსიძის საშუალებით დასაჯოს პოლიტიკური მოწინააღმედეგეები, როგორც ოპოზიცაში, ისე საკუთარ გუნდში. პერსპექტივაში, ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ მას ელოდება უამრავი სასამართლო პროცესი, სადაც მისი აზრით მურუსიძე საიმედო საყრდენად ექცევა. თუ ის მართლაც ასე ფიქრობს, ავიწყდება, რომ მსგავსი ადამიანებისათვის ერთგულება უცხო ხილია და ნებისმიერი საშუალებით მხოლოდ საკუთარი ინტერესებისათვის იბრძვიან. ასე რომ, არაა გამორიცხული - მომავალში ივანიშვილს თვით მურუსიძემ გამოუტანოს გამამტყუნებელი განაჩენი. ივანიშვილს მურუსიძე არჩევნების მეორე ტურამდე რომ დაენიშნა თანამდებობაზე, სულ ცოტა ასი ათას ხმას მაინც დაკარგავდა.

რაც შეეხება „ქართული ოცნების“ ერთგული მებრძოლის ეკა ბესელიას მოულოდნელ დემარშს, თუ ეს წინასწარ დადგმული სპექტაკლის ნაწილი არაა, მისი გადაწყვეტილება პრინციპული პოლიტიკოსის ღირსეული საქციელია. ასევე, შესაძლოა ბესელიამ იცოდა მისი თანამდებობიდან გაშვების გეგმების შესახებ და მოვლენებს თვითონ დაასწრო.

თუმცა წინ არის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები...

- „ქართული ოცნება“, რომელიც სულაც არ აღმოჩნდა ქართველთა ოცნება, ისეთი ტემპით ეფლობა ჭაობში, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე, შესაძლოა, საარჩევნო ბარიერიც ვერ გადალახონ, თუ იქამდე საერთოდ მიაღწიეს.

ამ ფონზე რა შანსები აქვს ოპოზიციას? ამავე დროს, სააკაშვილი საქართველოში ჩამოსვლას აანონსებს და ამბობს, რომ ხალხი უნდა გაათავისუფლოს ამ ხელისუფლებისგან...

- სააკაშვილმა, თავისი მმართველობის პერიოდში, მრავალი აშკარა წარმატებების მიუხედავად, იმდენი შეცდომა დაუშვა, რომ კვლავ ხელისუფლების სათავეში მოსვლის ნაკლები შანსი აქვს. იგი თავისი ბუნებით არის სიტუაციური ლიდერი (რომ არაფერი ვთქვათ ავანტიურიზმზე), რომელიც ეფექტური იყო მხოლოდ კონკრეტულ ვითარებაში - პოსტშევარდნაძისეულ პერიოდში, სადაც იგი სრულად რეალიზდა, მთლიანად ამოწურა საკუთარი შესაძლებლობები და ახალ გარემოში უკვე გამოუსადეგარი გახდა. რაც შეეხება მის შეცდომებს, მხედველობაში არა მაქვს ის ბრალდებები, რომელსაც ხელისუფლება და სხვა ოპოზიციური პოლიტიკოსები დღედაღამ გაჰკივიან. მისი შეცდომები უფრო სიღრმისეულია და მსოფლმხედველობითი ხასიათისა. პირველ რიგში, ეს გამოიხატა ტრანსეროვნული კორპორაციების მიერ თავსმოხვეული „ლიბერტარიანიზმის“ ხავსმოდებული მსოფლმხედველოობის იდეალიზაციაში, რაც გულისხმობს ქვეყანაში სრულიად უკონტროლო თავისუფალი ბაზრის დამკვიდრებას, ეკონომიკის სრულ დერეგულირებას და ქვეყნის დამორჩილებას მსხვილი მონოპოლისტური ბიზნესის ინტერესებისადმი მოსახლეობის ფართო ფენების სოციალური მდგომარეობის საზიანოდ. მსოფლიო გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ასეთ პოლიტიკას გრძელვადიან პერსპექტივაში ეკონომიკა, ადრე თუ გვიან, გამოუვალ კრიზისში შეჰყავს.

სააკაშვილის მმართველობის დროს მიღწეული ეკონომიკური წარმატებები გამოწვეული იყო იმ გარემოებით, რომ თავისუფალი ბაზარი დადებით შედეგებს იძლევა მხოლოდ მოკლე დროით და ისიც გარდამავალ პერიოდში. მაგრამ, თუ ეს დიდხანს გაგრძელდა, იგი აუცილებლად ამოწურავს თავის თავს და განვითარების მუხრუჭად გადაიქცევა. სწორედ ეს დაემართა ეკონომიკას მეოცნებეთა მმართველობის პერიოდში, რომლებმაც ინერციით გააგრძელეს წინამორბედთა ეკონომიკური კურსი.

თუ ეს ასეა, მაშინ სადღაა გამოსავალი?

- გამოსავალი ევროპული ტიპის სოციალურ-ეკონომიკურ მოდელზე გადასვლაა. ამ მოდელის ისტორიის განხილვა ძალზე შორს წაგვიყვანს და მოკლედ გეტყვით, რომ მე-20 საუკუნის ოცდაათიანი წლებიდან ევროპის და დანარჩენი მსოფლიოს ცივილიზებული ქვეყნებში ეკონომიკა გახდა რეგულირებადი - დაფუძნებული ჯ. კეინზის კონცეფციაზე. ორმოცდაათიანი წლებიდან რეგულირების ეკონომიკურ პოლიტიკას დაემატა სოციალური ორიერნტაციის კომპონენტი შემუშავებული ბრწყინვალე გერმანელი და შვედი ეკონომისტების ლ. ერჰარდის და გ. მიურდალის მიერ. მომდევნო ათწლეულებში კი სულ უფრო გაძლიერდა ეკონომიკის ინოვაციური განვითარების ტენდენცია. ამდენად, თანამედროვე დასავლეთ ევროპული ქვეყნების ეკონომიკა ესაა რეგულირებადი, სოციალური და ინოვაციური.

განვითარების იგივე მოდელი აირჩიეს აღმოსავლეთ ევროპის პოსტკომუნისტურმა ქვეყნებმა, რამაც ჩვენთან შედარებით მათი გაცილებით სწრაფი განვითარება უზრუნველყო. თავსმოხვეული ყბადაღებული ლიბერტარიანიზმის გამო განვითარების დონით ამ ქვეყნებს შორის ჩვენ მხოლოდ ბოლო ხუთეულში ვიმყოფებით. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ განსხვავებული იდეოლოგიის ხელისუფლებათა ცვლა ევროპის ქვეყნების სოციალურ-ეკონომიკურ ორიენტაციაზე არსებით გავლენას ვერ ახდენს. ამ პირობებში, ლიბერტარიანიზმის იდეალიზაცია ნიშნავს ჩარჩენას ადამ სმიტისეული მეთვრამეტე-მეცხრამეტე საუკუნეები ველური კაპიტალიზმის ეპოქაში.

აქტიური სოციალური პოლიტიკის განხორციელების პირობებში სააკაშვილს ჰქონდა შანსი ხელისუფლება დღემდე შეენარჩუნებინა.

სააკაშვილის ხელისუფლების კიდევ ერთი მიუტევებელი შეცდომაა მეცნიერების სრული იგნორირება და თვით მეცნიერთა „ჩარეცხვა“. ეს ხდებოდა იმ ფონზე, როდესაც მსოფლიოს ყველა განვითარებულ ქვეყანაში საბოლოოდ დამკვიდრდა უახლეს ცოდნაზე, მეცნიერებაზე და თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ინოვაციური ეკონომიკა.

ამდენად, ჩვენ ხელისუფლებაში გვჭირდება არა სააკაშვილი, არამედ ევროპული ყაიდის და ასეთივე განათლების მქონე რეფორმატურულად განწყობილი ლიდერი, რომლის მსგავსს დღეს ქართველ პოლიტიკოსებს შორის ვერ ვხედავ. მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად პროევროპულობას ბევრი პარტია იჩემებს, რეალურად ისინი ევროპული სოციალურ-ეკონომიკური მსოფლხედველობისაგან საკმაოდ შორს დგანან.

თანამედროვე საქართველოში რამდენადაა შესაძლებელი რადიკალური სოციალურ-ეკონომიკური რეფორმების განხორციელება?

- ასეთი რეფორმების განხორციელება მოითხოვს უაღრესად მაღალკვალიფიციურ მრავალრიცხოვან კადრებს, განსაკუთრებით მაკროეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულებით, რაც, სამწუხაროდ, დღეს არ გაგვაჩნია. ამიტომ გადაუდებელ ამოცანად გვესახება, პირველ რიგში, განათლების სისტემის რეფორმირება, რაც თავისთავად საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია, რისი ფუფუნებაც ნამდვილად არა გვაქვს - პირველი შედეგი მხოლოდ 20-30 წლის შემდეგ დადგება. ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს საჯარო მოხელელეთა გადამზადების სისტემის ჩამოყალიბებას სოციალურ-ეკონომიკური რეფორმის ინტერესების შესაბამისად. ასეთი სისტემა წარმატებით ფუნქციონირებს იაპონიაში აქედან გამომდინარე შედეგებით. საყურადღებოა, რომ გერმანიაში მაღალი საჯარო თანამდებობის დაკავების უფლება აქვთ მხოლოდ მოცემულ კონკრეტულ სფეროში დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირებს.

აღმასრულებელი ხელისუფლების ეკონომიკურ გუნდში უმაღლეს თანამდებობებზე წარსულში მოღვაწეობდნენ და ახლაც გვყავს კადრები, რომლებიც ობიექტური კონკურსის პირობებში რიგით თანამდებობებზეც ვერ მოხვდებოდნენ.

პოლიტიკაში ამჟამად ხედავთ კადრს, რომელმაც შეიძლება ეს რეფორმები გაატაროს?

- პოლიტიკაში არა, მაგრამ მის გარეთ საკმაოდ ბევრი რეფორმატორულად განწყობილი და შემოქმედებითად მოაზროვნე მაღალკვალიფიციური პროფესიონალია, რომელთა წარმოჩინება მოქმედ პოლიტიკოსებს სამწუხაროდ აფრთხობთ. მათ შორის, განსაკუთრებით გამორჩეულია ცნობილი ეკონომისტი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, რომელსაც დიდ სამეურნეო გამოცდილებასთან ერთად მსოფლიო ავტორიტეტი აქვს მაკროეკონომიკის სფეროში. თუმცა ამ მისიას იგი შეასრულებდა მხოლოდ ასეთივე ორიენტაციის პოლიტიკოსთა გუნდთან ერთად, რომელიც პოზიცია-ოპოზიციაში ჯერჯერობით არ მეგულება.

მაგრამ, როდესაც არსებობს დროის მოთხოვნა რეფორმატორ ლიდერზე, იგი, ადრე თუ გვიან, აუცილებლად გამოჩნდება. ეს შეიძლება იყოს ე. წ. სიტუაციური ლიდერი, როგორც ეს სომხეთში მოხდა, ისე „მესამე ძალა“. თუმცა, ვფიქრობ, ეს უკანასკნელი ისევ საზოგადოებამ უნდა გამოზარდოს. საგანგაშოა ის, რომ არსებული საარჩევნო კანონმდებლობა ამის საშუალებას არ იძლევა. მხედველობაში მაქვს საკმაოდ მაღალი საარჩევნო ბარიერი, რაც ახალგაზრდა პარტიებს ან თუნდაც მოქმედებს, ამოსუნთქვის და განვითარების საშუალებას არ აძლევს.

როგორი უნდა იყოს ეს ახალი საარჩევნო სისტემა?

- ჩემი გადმოსახედიდან საარჩევნო ბარიერი ბუნებრივ დონემდე უნდა შემცირდეს, რომლის პირობებში პარლამენტში მოხვდება ყველა ის პარტია, რომელიც თუნდაც ერთ კაცს გაიყვანს. რას მოგვცემს ეს ყელაფერი? ასეთი გადაწყვეტილების მოწინააღმდეგებს მიაჩნიათ, რომ ეს გამოიწვევს პარლმენტში მუდმივ, უაზრო დავასა და ალიაქოთს. თუმცა უსაგნო ხმაური და დაპირისპირება პარლამენტში არც ახლა გვაკლია.

ასეთი საარჩევნო სისტემას ექნება მრავალი უპირატესობა: პოლიტიკური ასპარეზი გაეხსნებათ ახლად შექმნილ პროგრესულ პარტიებს, რომელსაც ჯერ კიდევ ნაკლებად იცნობენ, მაგრამ გარკვეული პერსპექტივა აქვთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, გვექნება რამდენიმე მსხვილი პარტიის მუდმივი საპარლამენტო მონოპოლია თუ ოლიგოპოლია და საბოოოდ ჩავრჩებით არსებულ დამყაყებულ პოლიტიკურ ჭაობში. არსებულმა საარჩევნო სისტემამ წარსულის ყველა ხელისუფლებისათვის უზრუნველყო საპარლამენტო უმრავლესობა, რამაც ფაქტიურად გამოიწვია ჩვენი პოლიტიკური და სოციალურ-ეკომნომიკური განვითარების შეფერხება, საბოლოო ჯამში კი, ცხოვრების არსებული კატასტროფული დონე.

ახალი საარჩევნო სისტემა იქნება გაცილებით დემოკრატიული იმ თვალსაზრისით, რომ დაცული იქნება, როგორც პოლიტიკური უმცირესობის, ისე მათი ამომრჩევლების ინტერესები. დემოკრატია არანაირად არ გულისხმობს ამომრჩეველთა უმრავლესობის დიქტატს უმცირესობაზე. ამ თვალსაზრისით არსებული საარჩევნო სისტემა აშკარად დისკრიმინაციულია.

ნიკა მელიამ განცხადა, რომქართული ოცნებამალე თვითლიკვიდაციას გამოაცხადებსო, რამდენად იზიარებთ მის აზრს?

- „ქართული ოცნება“ რეალურად ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-ინტერესების გამტარებელი კორპორაციული ბიუროა. ამ პირობებში მისი თვითლიკვიდაციის გამოცხადება თვით ივანიშვილის მიერ საკუთარი ოლიგარქიული იმპერიის ლიკვიდაციას ნიშნავს, რასაც არანაირად არ დაუშვებს. ამით იგი საბოლოოდ დაკარგავს პოლიტიკურ გავლენას და იმდენი მტრები ჰყავს - ქონების დიდ ნაწილსაც კი. ამ პირობებში არსებობს საშიშროება თვითონვე გაუკეთოს პროვოცირება არეულობებს და საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადოს ავტორიტარული რეჟიმის თანხლებით. ყველაფერი ეს საჭვოდ ემთხვევა რუსეთის მიერ მრავალგზის გამოყენებულ პოლიტიკურ სცენარს - ქართველების ხელით ქვეყნის მიზანმიმართულ დასუსტებას, რათა კიდევ ერთხელ გვაქციოს იოლ ლუკმად.

dima მოკლედ,ალას და აზიკოს ბოდვები...)))
5 წლის უკან