„9 წუთი სჭირდება ყველის დამზადებას, ლამის ქიმიის კურსებს ამთავრებენ, ისეთ დონეზე აქვთ ინფორმაცია ყველის შემადგენლობის შესახებ“

„9 წუთი სჭირდება ყველის დამზადებას, ლამის ქიმიის კურსებს ამთავრებენ, ისეთ დონეზე აქვთ ინფორმაცია ყველის შემადგენლობის შესახებ“

მას შემდეგ, რაც რძის მწარმოებელი კომპანიებისგან კატეგორიულად მოითხოვეს, რომ პროდუქციის ეტიკეტზე ზუსტი მინიშნება გაეკეთებინათ იმის თაობაზე, იყო თუ არა მათი პროდუქცია ნატურალური, მომხმარებელმა იფიქრა, რომ ახლა მაინც გაარკვევდა სიმართლეს. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, მომხმარებელი დღესაც დაუცველია და რეგულაციების ამოქმედების შემდეგაც ნატურალური რძის ნაცვლად, ემულგატორების, კონსერვანტებისა და გლუტენით სავსე სითხეს ღებულობს.

ნატურალური და ხარისხიანი რძის წარმოების მხრივ ფინეთი უპირობო ლიდერია და მას ვერ შევედრებით, მაგრამ ისიც დაუშვებელია, რომ რძის პროდუქტების ბაზარზე ეტიკეტირების წესები ირღვევა.

2015 წლის 1-ელ აგვისტოს ძალაში შესული რეგლამენტით, მცენარეული ცხიმის შემცველ ნაწარმზე აიკრძალა „რძის ნაწარმის“ ან მიმსგავსებული ტერმინების გამოყენება. მთავრობის ახალი რეგულაციით, სურსათის ეტიკეტზე ტერმინები „რძე, მშრალი რძე, არაჟანი, მაწონი, ხაჭო, კარაქი“ უნდა გამოიყენონ მხოლოდ რძის ნაწარმის შემთხვევაში, ხოლო, თუ რძის ნაწარმში დამატებულია მცენარეული ცხიმები, მაშინ ეტიკეტზე უნდა დაიწეროს „რძის შემცვლელი პროდუქტი“.

სინამდვილეში, რა შემადგენლობისაა „რძის ნაწარმი“, რომელსაც ბიზნესოპერატორები ნატურალურად ასაღებენ? ამის შესახებ „ანტიკორუფციული კავშირის“ ხელმძღვანელს გიორგი ბურჯანაძეს ვესაუბრეთ.

ბიზნესოპერატორები წესებს არღვევენ და არც ჯარიმებს უშინდებიან. ეტიკეტზე ხშირად აწერენ, თითქოს მათი პროდუქცია დამზადებულია ნატურალური რძისგან, თუმცა რეალურად ეს არის აღდგენილი რძე, რაც ეტიკეტზე სკრუპულოზური დაკვირვების შემდეგ შეიძლება აღმოაჩინოს კიდეც მომხმარებელმა. კვლავაც დაუცველია თუ არა მომხმარებელი?

- კანონმდებლობა ავიდა იმ სიმაღლეზე, რომ რეგულაციები საშუალებას აძლევს მომხმარებელს, მიიღოს რეალური სურათი, არის თუ არა პროდუქტი ეკოპროდუქტი, თუ პროდუქცია ეკოლოგიურად სუფთა არაა. მოგეხსენებათ, არსებობს რძის პროდუქტი, მაგრამ არის რძისმაგვარი პროდუქტიც, რომელიც 100%-იანი რძის პროდუქტად ვერ ჩაითვლება. ამის განსხვავების საშუალება მომხმარებელს ეძლევა, მაგრამ ნებისმიერი ეს პროდუქტი რომ აიღონ და კვლევა ჩაატარონ, მიხვდებიან, რომ ე.წ. ნატურალური და ე.წ არანატურალური რძის პროდუქცია აბსოლუტურად ერთი და იმავე სახეობის პროდუქტია და ტყუილად იხდის მომხმარებელი ამდენ თანხას. სინამდვილეში, ეს ფალსიფიკაციაა.

თუკი ბიზნესოპერატორებს არ უნდა ვენდოთ, მაშინ რა გზა რჩება? მაგალითად, ნავთლუღის ბაზარზე აზერბაიჯანელი ქალბატონები ყიდიან მაწონს, რაც ბევრი დიასახლისისთვის მიუღებელია არაჰიგიენურობის გამო. ფიქრობთ, ისინიც რძის ფხვნილს იყენებენ?

- კარგია, რომ ნავთლუღის ბაზარი ახსენეთ. ჩვენი მონიტორინგის ჯგუფის თანამშრომლები ნავთლუღის ბაზარშიც არიან, ქუთაისშიც, ზესტაფონშიც, დიდუბის ბაზარშიც და მონიტორინგს ატარებენ. ნავთლუღის მიმდებარე ტერიტორიაზე დილის საათებში ქალბატონები მართლაც ყიდიან რძესა და მაწონს. ხელმარჯვნივ მეტროდან რომ მიდიხართ და ისნისკენ მოძრაობთ, კუთხეშივე რაიონის მიკროავტობუსების მიმდებარედ, 6-9 ქალბატონი მაინც ვაჭრობს ამ პროდუქტით. ბევრი მათგანი რასაც ყიდის რძედ, სინამდვილეში, ის რძის ფხვნილით დამზადებული სითხეა და არა ნატურალური რძე და მაწონი. დღეს ტექნოლოგია ისეთ დონეზეა, 9 წუთი სჭირდება ყველის დამზადებას, ლამის ქიმიის კურსებს ამთავრებენ, ისეთ დონეზე აქვთ ინფორმაცია ყველის შემადგენლობის შესახებ. რასაც უნდათ, იმას აწერენ ყველს, შეუძლიათ, იმერული ყველიც დააწერონ, ამ დროს კი ყველი დამზადებულია რძის ფხვნილით. უამრავი მეთოდია, რომ ყველი დამზადდეს არასაქონლის „რძისგან“. ამიტომ ნავთლუღის ტერიტორიაზე ნამდვილ რძის პროდუქტს ვერ შეიძენთ. ამის საწინააღმდეგოდ ვერავინ ვერაფერს აკეთებს, მით უმეტეს, სოფლის მეურნეობის სამინისტრო, რადგან თვითონვე აღნიშნავენ, რომ სოფლიდან ჩამოსულ ქალბატონ მაყვალას, რომელიც გარეთ ყიდის რძის პროდუქტებს, ვერანაირად დაავალდებულებენ და არც აქვთ იმის საშუალება, გააკონტროლონ, მომხმარებელს რა უნდა მიჰყიდოს. მიშა სააკაშვილივით ყველაფერი ერთ რამეზეა გათვლილი, მიშამაც სანიტარული სამსახური გააუქმა და დაგვარიგა კიდეც, ვირთხას რომ ნახავთ რესტორანში, მეორედ აღარ შეხვიდეთო. მაინცდამაინც რესტორნის სამზარეულოში უნდა ვნახოთ ვირთხა? მაინცდამაინც რძის პროდუქტები ლაბორატორიაში უნდა ვატაროთ შესამოწმებლად? ხომ შეიძლება, სახელმწიფომ იზრუნოს იმაზე, რომ ჩვენი მოქალაქეები დაცულნი იყვნენ.

რძის ფხვნილი ისე იაფია, რომ რძის მწარმოებელ კომპანიებს უღირთ მისი გამოყენება?

- რძის ფხვნილი ძალიან იაფია. ჩემი ინფორმაციით, მარნეულის რაიონში დადიან რძის გადამამუშავებელი საწარმოების, რძის პროდუქტებზე მომუშავე კომპანიების წარმომადგენლები და 60 თეთრად იბარებენ ერთ ლიტრ ნატურალურ რძეს. ეს მინიმალური მაჩვენებელია, თორემ ისე 1.50-2.50 ლარიც ღირს ერთი ლიტრი რძე. ამ დროს მისგან წარმოებულ პროდუქციას კომპანიები გაცილებით მეტ ფასად ყიდიან. ამდენად, ცხადია, მომგებიანია ფალსიფიკაციით რძის ფხვნილით მიღებული რძის ნაწარმი. თუკი ნატურალური რძე ჯდება 60 თეთრი, რძის ფხვნილი ჯდება სადღაც 15-20 თეთრი, ამიტომ მწარმოებელი გადაერთო ამაზე. ვიზუალში რძე თეთრია, არომატიზატორები გაძლევს საშუალებას, გაასაღო, თითქოს იმერულ ყველს მიირთმევ, ან ნატურალურ რძეს სვამ, მაგრამ ეს კომპანიები უფრო შორს მიდიან. იმდენს ბედავენ, რომ პროცენტსაც აწერენ ზედ, თითქოს ამდენი ცხიმიანობაა შიგნით. ეს მაშინ, როცა არაფერი მსგავსი არ არის. ვიღაცამ ამას ყურადღება უნდა მიაქციოს, ამდენი წელია, ამაზე ვსაუბრობ, არასამთავრობო სექტორიც ამავეს ადასტურებს, რომ ფალსიფიკაციაა. ხომ შეიძლება ერთხელ და სამუდამოდ გაგვაჩუმონ მეც და სხვებიც. ის, რომ ქარხნის წარმომადგენლები დადიან სოფელ-სოფელ და ყიდულობენ მოსახლეობისგან რძეს, ესეც დოკუმენტაციისთვის სჭირდებათ, თითქოს ნატურალურ რძეს იყენებენ. მე რომ ძროხა მყავდეს, 60 თეთრად არ გავყიდდი რძეს, რადგან მისგან ყველს გამოვიყვანდი, ან რძეს უფრო მეტ ფასად გავყიდდი. ეს ამ კომპანიებს რეკლამირებისთვის სჭირდებათ, აქაოდა, ჩვენ მოსახლეობისგან ვყიდულობთ რძეს და ამას შემდეგ ხალხს ვაწვდითო.

ვთქვათ, ერთი ტონა წარმოებული პროდუქციისთვის ყიდულობენ დაახლოებით 100 ლიტრ რძეს, დანარჩენს ფალსიფიკაციას ახდენენ. არც იმას გამოვრიცხავ, ნატურალური რძე სახლშიც მიაქვთ ვადის გასვლის შემდეგ. ჩვენი შვილების თაობა უკვე ვეღარ არჩევს ნატურალურ რძეს ფალსიფიცირებულისგან. ჩვენს თაობას კიდევ ახსოვს ნამდვილი რძისა და ყველის გემო. ერთი პერიოდი, კვლევა ჩავატარეთ და დავუკავშირდით ლაბორატორიებს. მაშინ 12 აკრედიტირებული ლაბორატორია იყო, რიგითი მოქალაქის სახელით დაურეკეს ლაბორატორიებს ჩვენებმა და უთხრეს, რომ რძის პროდუქტების შემოწმება უნდოდათ ცხოველური ცხიმის შემადგენლობაზე, ანუ ნატურალური იყო თუ არა რძე. წარმოიდგინეთ, 12-ივე ლაბორატორიამ უარი განაცხადა ამ კვლევის ჩატარებაზე. ეს იმიტომ, რომ დღეს საქართველოში წარმოებული რძის პროდუქტი ნატურალური არ არის.

როდესაც მინისტრ ოთარ დანელიას ეს ინფორმაცია ვაცნობე, გაგიჟდა ეს ადამიანი და ჩემს თვალწინ დაუკავშირდა ცალკეულ ლაბორატორიებს, რომლებმაც არგუმენტად მოიტანეს, თითქოს რეაქტივი არ ჰქონდათ. უმეტესობა ამით აპელირებდა. ამ დროს ლაბორატორია გქვია, აკრედიტაცია გაქვს მიღებული და რძესა და ყველს თუ ვერ ამოწმებ, მაშინ რისთვის ფუნქციონირებ? ბატონი ოთარის დახმარებით მოვახერხეთ და ვაშლიჯვრის ლაბორატორიისგან თანხმობა მივიღეთ შემოწმებაზე.

შემოწმების შემდეგ თქვენი ბერკეტი რა არის?

- არაფერი. ვთქვათ, მივიტანეთ რძის ნაწარმი ლაბორატორიაში და დავადგინეთ ერთ ლაბორატორიაში, რომ ამა და ამ კომპანიის მიერ წარმოებული რძის პროდუქტი ფალსიფიკაციაა. მეორე ალტერნატიულ ლაბორატორიაში შეუძლია წაიღოს მეწარმემ და თქვას, რომ მისი პროდუქტი ფალსიფიცირებული არ არის. ასეთ შემთხვევაში, პრაქტიკაში მქონდა, რომ უცხოეთში მიმქონდა საკვებ პროდუქტთა ნიმუშები. რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, თურქეთიდან რომ ჩამომიტანია კვლევა, საქართველოში ორი აკრედიტირებული ლაბორატორიის „კვლევა“ დამიდეს საპასუხოდ და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, რომელმაც, წესით, უნდა გაატაროს შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება, არგუმენტად მოიტანა, კი, თურქეთში კარგ ლაბორატორიაში დაგიდასტურეს, რომ ეს პროდუქცია ცუდია, მაგრამ აგერ, ჩვენ საქართველოში ორმა ლაბორატორიამ გვითხრა, რომ პროდუქტი კარგია, ამიტომ ამას ვეყრდნობით და ვენდობითო. ენდობა იმიტომ, რომ მისი კოლეგაა სათავეში და უამრავ დარღვევაზე თვალს ხუჭავს. ასეთი სიტუაცია არასდროს დამთავრდება საქართველოში, სანამ ხელისუფალი ნორმირებულ ქმედებაზე არ გადავა. კანონი არსებობს, მაგრამ კანონი არ სრულდება, ამ დროს უნდა აამოქმედო ისეთი ბერკეტი, რომ მაკონტროლებელ ორგანოს ჰქონდეს მხილებისა და გამოვლენის საშუალება. ამხილა და გამოავლინა სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის სამმართველოს უფროსმა დათო ქავთარაძემ რაღაც-რაღაცები და გამოაგდეს კაცი სამსახურიდან, როდესაც დაერია ასეთ უსამართლობას.

ნატურალური რძის ამოცნობის უამრავი საშუალებაა, მაგრამ ყველაზე მარტივად როგორ უნდა დავადგინოთ ფალსიფიკაცია?

- ნატურალური რძის წვეთი რომ დაასხათ მაგიდაზე, ეს წვეთი მრგვალი ხდება და აღარ იშლება, შეიძლება შედედდეს კიდეც. ანუ, რომ დაასხამ რძეს, სითხესავით არ უნდა გავიდეს, წყალივით არ უნდა გაიშალოს მაგიდაზე. დილის ცვარი ხომ გინახავთ მწვანე ბალახზე, ზუსტად ანალოგიურია ნატურალური რძეც. თუ იგი გაიხსნა და ცვარისმაგვარი ფორმა არ მიიღო, ე.ი. წყალგარეულია.